სექტემბრიდან, აბასთუმანში, ობსერვატორიასთან დამაკავშირებელი საბაგიროს განახლება დაიწყება. 59 წლის წინ გაკეთებული საბაგიროს შემოწმება ყოველდღიურად ხდება, თუმცა, ამ დროის განმავლობაში, მას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. საქართველოში ყველაზე დიდი ობსერვატორიის რესტავრაცია კი 11 ივნისიდან დაიწყო და სამუშაოები ზუსტად ერთი წლის მერე დასრულდება.
სამტერასიან შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება – აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ოსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა.
,,დაგეგმილია გაკეთდეს ტურისტული ცენტრი და ასტროტურიზმის ცენტრი, რომელიც განთავსდება პირველ სართულზე, მეორე სართულზე იქნება ბიბლიოთეკა, ხოლო მესამეზე – საოფისე ფართი თანამშრომლებისთვის. აბასთუმანში სულ 14 ტელესკოპია – სავარსკვლავო და სამზეო. სამწუხაროდ ტელესკოპები სარეაბილიტაციო შენობების სიაში არ არის, არადა ტელესკოპების განახლება უმნიშვნელოვანესია".
ციურ სხეულებს, მზის სისტემის პლანეტებს, ვარსკვლავებს, გალაქტიკებს ქართველი და უცხოელი მეცნიერები აზეტე 11-ის სახელით ცნობილი შენობიდან აკვირდებოდნენ. თავის დროზე ის პირველი ავტომატიზებული ტელესკოპი იყო მთელს საბჭოთა კავშირში, თუმცა დღეს ობსერვატორიაში ამბობენ, რომ აბასთუმანში არსებული 14-ივე ტელესკოპი გამოცვლას საჭიროებს. ასტროფიზიკოსი და ასოცირებული მკვლევარი გივი ქიმერიძე ექვსკაციან ჯგუფთან ერთან შორეულ გალაქტიკებში შავი ხვრელების ფოტომეტრიულ გამოკვლევებს ემსახურება.
,,ტელესკოპები ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. 1936 წელს გამოშვებული, 1956 წელს დადგმული ჩვენთან და გვიჭირს უკვე მუშაობა. გამოსაცვლელია როგორც სიდიდის, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით. ტელესკოპების გარდა აუცილებელია კარგად მუშაობდეს გუმბათები, რომლებიც იცავს ატმოსფერული ნალექებისგან“.
სამტერასიან შენობას ახლა რესტავრაცია უტარდება და პროექტის მიხედვით, 2019 წელს დასრულდება. აბასთუმანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლადდანიშნულ გუბერნატორთან ერთად ადიგენის მერმა მოინახულა. ზაქარია ენდელაძე განმარტავს, რომ დაბა აბასთუმანში დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლის, ობსერვატორიისა და ობსერვატორიამდე მისასვლელი საბაგირო გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია. სახლები მე-19, მე-20 საუკუნეებშია აგებული და იმ პერიოდის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებითა და ქანობიანი სახურავებით ხასიათდება.
,,შეკვეთილია საბაგირო, ევროპაში მზადდება და იქნება ჩამოტანილი. მთლიანად ხდება გამოცვლა. მნიშვნელოვანია ტელესკოპების გამოცვლა ტურისტული და სამეცნიერო მნიშვნელობით. აბასთუმნის ობსერვატორიას ბევრი საკაცობრიო მნიშვნელობის აღმოჩენები გაუკეთებია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მისი განახლება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“.
აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მათი რესტავრაცია და პირვანდელი სახით აღდგენა.