Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოდომის 120 დღე


მეორე მსოფლიო ომი დამთავრდება ზუსტად ისე, როგორც დაიწყება - მხოლოდ და მხოლოდ ჰიტლერის ნებით.

1944 წლის დეკემბრის ბოლოს, როცა ფიურერი მიხვდება, რომ არდენში ვერმახტის შეტევა კრახით სრულდება, ჰიტლერი განუცხადებს თავის ადიუტანტ ალექსანდერ ფონ ბიულოვს: „ომი წაგებულია. მტრის ძალა ძალზე დიდია. სავარაუდოდ ჩვენ ფსკერისკენ წავალთ, მაგრამ მთელ მსოფლიოს თან წავიყოლებთ“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჰიტლერი ხმამაღლა აღიარებს, რომ ომი წაგებული იყო.

ჰიტლერმა იცოდა, რომ მომავალი არ ჰქონდა და ერთადერთი გამოსავალი თვითმკვლელობა იყო. საკითხავი რჩებოდა მხოლოდ, როდის მოიკლავდა იგი თავს და როდის დაუსვამდა წერტილს სისხლიან ორგიებს. ამ კითხვაზე პასუხს მსოფლიო მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ, 1945 წლის 30 აპრილს, მიიღებს. მანამდე კი იგი გააგრძელებს სისხლიანი ორგიების დირიჟორობას თავისი ბუნკერიდან.

2 მილიონი მოკლული გერმანელი (1,4 მილიონი სამხედრო და 600 000-მდე სამოქალაქო პირი), ამას დაამატეთ 2 მილიონი გაუპატიურებული ქალი და 27 მილიონი ლტოლვილი. აი, ეს იქნება ის საფასური, რომელსაც გერმანელი ერი გადაიხდის ომის ბოლო 120 დღის განმავლობაში (1945 წლის 1 იანვარი - 30 აპრილი). გერმანიის ისტორიაში ქვეყანას არასდროს არ გაუღია ამ რაოდენობის სისხლი და ცრემლი.

ბოლო 120 დღის მსხვერპლი არანაკლები იყო ფრონტის მეორე მხარეს: ნახევარ მილიონამდე საკონცენტრაციო ბანაკის ტუსაღი, 400 ათასი საბჭოთა და 40 ათასი მოკავშირე ჯარისკაცი. ჰიტლერის გადაწყვეტილებამ, ომი კიდევ 120 დღით გაეგრძელებინა, სულ სამ მილიონამდე სიცოცხლე შეიწირა. ამ სიკვდილისა და ნგრევის ორგიის პასუხისმგებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის - ჰიტლერი.

რატომ გადაწყვეტს ჰიტლერი 4 თვე მოცდას? ან რატომ გადაწყვეტს წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტას მაინც და მაინც 30 აპრილს? რატომ არ გაემგზავრება 20 აპრილს ბერხტესგადენში, რომ იქიდან გაეგრძელებინა ბრძოლა, როგორც მას ყველა სთხოვდა?

„მაინ კამპფში“ ჰიტლერი თავის თავს აღწერს, როგორც პოლიტიკოსსა და წინასწარმეტყველს. როგორც პოლიტიკოსი იგი ტოტალურ კრახს განიცდის. მაგრამ, ბერლინის კედლებში გათამაშებული აპოკალიფსის ავტორის აზრით, მიზანსცენა, სადაც ჰიტლერი-წინასწარმეტყველი გმირული წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ჰეროიკულად იღუპებოდა - მომავალი აღორძინების საწინდარი უნდა გამხდარიყო. როგორც სიკვდილის წინა დღეს დაწერს ფიურერი თავის ანდერძში, მისი გმირული დაცემა უნდა ყოფილიყო თესლი, რომლიდანაც განსხივოსნებული აღორძინება დაიწყებოდა.

და ჰიტლერი სათუთად მოაწყობს დეკორაციებს თვითმკვლელობისთვის: შემთხვევითი არაა, რომ 1945 წლის 16 აპრილს (დღე, როცა ჟუკოვი და კონევი იერიშს დაიწყებენ გერმანიის დედაქალაქზე) ბერლინის ფილარმონიის ორკესტრი უკანასკნელ კონცერტს ვაგნერის „ღმერთების დაისის“ ფინალით დაასრულებს. ვაგნერიანელი მელომანი, რომელიც ახალგაზრდობაში თავისი საყვარელი კომპოზიტორის ოპერისათვის სუიტის დაწერასაც კი ცდილობდა, იმედოვნებდა, რომ ცეცხლმოკიდებულ ბერლინში ფიურერის თვითმკვლელობა გერმანელ ხალხს ნების ტრიუმფს დაანახვებდა და მომავალში გერმანიის იმპერიას ფერფლიდან აღადგენდა. ამიტომაც იგი თავის 56-ე დაბადების დღეს (20 აპრილი) კატეგორიულ უარს განაცხადებს ბერხტესგადენში გამგზავრებაზე - ბერლინში თვითმკვლელობა ხომ ბევრად უფრო გრანდიოზული იყო?! არშემდგარი მხატვარი ჰიტლერის აზრით, საკუთარი თვითმკვლელობის ბერლინის აპოკალიფსურ დეკორაციებში დადგმით, იგი მესამე რაიხის მონუმენტურ ფრესკას უკანასკნელ შრეებს ადებდა.

ჰიტლერის სიკვდილთან ერთად ომის ზამბარაც გაიშლება: მკვლელები გააჩერებენ სიკვდილის მანქანას - ვისი სახელითაც კლავდნენ, ის ხომ უკვე მკვდარი იყო. ვერმახტის წინააღმდეგობა საპნის ბუშტივით გასკდება - დასავლეთის ფრონტზე მყოფი ვერმახტის ნაწილები მასიურად დაიწყებენ ტყვედ ჩაბარებას, ხოლო აღმოსავლეთის ფრონტზე მდგომი ნაწილები შეეცდებიან დასავლეთისკენ გაქცევას, რათა გაციმბირება აეცილებინათ თავიდან. ხოლო ე.წ. ვერვოლფი (რომელსაც მოკავშირეების წინააღმდეგ პარტიზანული ომი უნდა გაეჩაღებინა), სუფთა ბლეფი აღმოჩნდება.

მსოფლიო ისტორიის მანძილზე სახელმწიფოს არასდროს არ განუცდია ასეთი ტოტალური მარცხი, მაგრამ ასევე არასდროს არ ყოფილა ერი დიქტატორთან ერთად ტოტალური დამნაშავეობის ასეთი თანამონაწილე. და ეს არ იყო მარტო SS-ი, გესტაპო, ვერმახტი თუ სხვა დანაშაულებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ჰიტლერმა შექმნა. ეს იყო ასევე ასიათასობით გერმანელი სამოქალაქო პირი, რომელსაც ოკუპირებული ქვეყნების მოსახლეობა - პირველ რიგში საბჭოთა კავშირისა და პოლონეთის - მონებად ჰყავდა ქცეული. და, ამ ყველაფრის მიუხედავად, გერმანელები „ნულოვან წელიწადში“ არა თანაჯალათებად, არამედ თვითგამოცხადებულ მსხვერპლად შევლენ. ჰიტლერის ბოლო 120 დღე, რომელსაც თან ახლდა გერმანელ მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული ტერორი (წითელი არმიის მიერ აღმოსავლეთ ფრონტზე და მოკავშირეების ავიაციის მიერ დასავლეთის ფრონტზე), გერმანელებს დააჯერებს, რომ ისინი არა თუ ომის ცოდვებისგან განწმენდილნი იყვნენ, არამედ ამ ომის მთავარი მსხვერპლიც კი გახდნენ. ჰიტლერის ბოლო 120 დღე მილიონობით გერმანელს დაავიწყებს როგორც მათ აქტიურ თუ პასიურ კოლაბორაციას რეჟიმთან, ასევე მათ სრულ ინდიფერენტიზმს ნაციზმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებების მიმართ. „ებრაელების შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით“ - გახდება გერმანელების რეფრენი 50-60-იან წლებში.

თუ ფიურერის ბოლო 120 დღე არ უკვდავყოფს ჰიტლერის სახელს, იგი გერმანელების ილუზიისა თუ ამნეზიის წყარო გახდება. იმ ილუზიისა თუ ამნეზიისა, რომელსაც დღესაც „წყალს უსხამს“ ზოგიერთი ისტორიკოსად წოდებული იდეოლოგი და რომლის ნგრევას წარსულის მკვლევარნი კვლავაც ცდილობენ...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG