Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმამაცე პოლიტიკაში


როდესაც სერგეი ეიზენშტეინი ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე ტრილოგიას გადაიღებს, მსოფლიოში ბევრი დაიჯერებს ისეთი ისტორიული ფაქტების არსებობას (მაგალითად, იერიში ზამთრის სასახლეზე), რომელიც საერთოდ არ მომხდარა. მიხეილ ჭიაურელი ფილმ „ბერლინის დაცემით“, უფრო დიდ ეფექტს მიაღწევს: ამ სურათის ნახვის შემდეგ მელიტონ ქანთარია და მიხაილ ეგოროვი სრულიად შეცვლიან საკუთარ ნარატივს რაიხსტაგზე წითელი დროშის გამოკიდების შესახებ - ორივე გულწრფელად დაიჯერებს, რომ დროშა ზუსტად ისე აიტანეს რაიხსტაგზე, როგორც ეს ჭიაურელის ფილმში იყო ნაჩვენები.

სერგეი ეიზენშტეინსა და მიხეილ ჭიაურელზე უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა ქართული პროპაგანდა. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში როგორც ომის მონაწილეების, ისე მაყურებლების დიდი ნაწილი დარწმუნდება, რომ 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს თბილისმა კი არ მიიტანა ცხინვალელ თანამოქალაქეებზე მასიური საარტილერიო იერიში, არამედ პირიქით... (დაახლოებით ისე, როგორც არაბული პროპაგანდა დაარწმუნებს ბევრ მუსლიმს, რომ 11 სექტემბერი მოსადის და CIA-ს ორგანიზებულია).

ნებისმიერ მიმდინარე საერთაშორისო კონფლიქტს ფესვები წარსულში აქვს გადგმული. ზოგჯერ ეს წარსული რამდენიმე საუკუნეს ითვლის და ერის, ეთნიკური ჯგუფის ან თუნდაც ტომის მიერ ნებისმიერი საერთაშორისო საკითხის აღქმა საკუთარ „კორპორაციულ“ მეხსიერებაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, თანამედროვე სამყარო სავსეა მითებით, რომლებიც პოლიტიკას დანაღმულ ველად აქცევს.როგორც ბრიტანელი ისტორიკოსი ერიკ ჰობსბაუმი აღიარებს, „წლების მანძილზე მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ისტორიკოსის პროფესიას, განსხვავებით, მაგალითად, ბირთვული ფიზიკისგან, არ შეეძლო უბედურება მოეტანა. ახლა კი ვიცი, რომ შეუძლია. და თან როგორ! როგორც აღმოჩნდა, ჩვენ კვლევებს შეუძლიათ ბომბების მწარმოებელ ქარხნებად გადაიქცნენ...“

ამ სიტუაციაში ისტორიული განათლების მნიშვნელობა უდიდეს როლს ასრულებს საზოგადოების დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში და, შესაბამისად, ამზადებს ნიადაგს პოლიტიკის, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური სისტემების ფუნქციონირებისთვის (დღევანდელ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიაში არსებული მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური სიტუაცია ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია). ისტორიული განათლება მთავარ როლს თამაშობს არა მარტო ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში, არამედ მითოლოგიის მიერ შექმნილი მტრის ხატის დანგრევაშიც.

მაშინ, როცა საქართველოში ისტორია აგერ უკვე ერთი საუკუნეა სახელმწიფო იდეოლოგიას ემსახურება,მასმედია მართულია სხვადასხვა რჯულის პოლიტიკური პარტიების მიერ, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება ხშირად ისევ მითოლოგიაში „ჭყუმპალაობს“, პოლიტიკოსების ნებისმიერი გამონათქვამი ისტორიულ მოვლენაზე კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. (გაიხსენეთ, მაგალითად, გამსახურდიას ან მილოშევიჩის პრეზიდენტობის ხანა).

არადა, გულწრფელობა და სიმამაცე პოლიტიკაში უცხო ხილია. ცოტაა პოლიტიკოსი, რომელსაც მოეპოვება სიმამაცე, რომ ღიად დაუპირისპირდეს საკუთარი ქვეყნის წარსულს. სამაგიეროდ ბევრია დღეს ისეთი, რომელიც ამომრჩევლის არა გონების, არამედ გულის მოგებას ცდილობს, რომელიც ერის ისტორიული ვნებების გაღვიძებით იკეთებს კარიერას. და, უამრავი მსახიობისგან განსხვავებით, ასეთი პოლიტიკოსები მუდმივად იმკიან მაყურებლის აპლოდისმენტს.

ნობელიანტი გიუნტერ გრასი დარწმუნებული იყო, რომ ისტორიის ნაწილის იატაკქვეშეთში დატოვებამ შეიძლება მითების ისტორიზაცია მოახდინოს და იგი ნაციონალისტების პოლიტიკურ იარაღად აქციოს. ამიტომაც თავის უკანასკნელ რომან „კიბორჩხალის ტრაექტორიაში“ დაწერს, რომ „ისტორია, რომელშიც ხელებს ვაფათურებთ, სხვა არაფერია, თუ არა საპირფარეშოს გაჭედილი კანალიზაცია: ვასხამთ და ვასხამთ წყალს და, მიუხედავად ამისა, განავალი სულ უფრო და უფრო ზევით ამოდის“.

საქართველოს „ისტორიის კანალიზაციასაც“ ბევრი განავალი აქვს გაჭედილი და თუ პოლიტიკოსი მის შეკეთებას შეეცდება საკუთარი პოლიტიკური კარიერის ფასად, ამ ფაქტმა ალბათ მადლიერება და არა ურაპატრიოტული ყიჟინი უნდა დაიმსახუროს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG