Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტსიმართლე


ძალზე კონსერვატორულმა და ფლეგმატურმა ოქსფორდის ლექსიკონმა ბრექსიტთან და ტრამპის არჩევნებთან დაკავშირებული „fake news“-ის კამპანიის შედეგად 2016 წლის სიტყვად Post-truth („პოსტსიმართლე“) დაასახელა. ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით, ამ სიტყვისათვის წლის ჩემპიონის ტიტულის მინიჭებით ხაზი გაესვა ფენომენს, რომლის დროსაც „ობიექტური ფაქტები ბევრად უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, ვიდრე ემოციები და პირადი მოსაზრებები“.

ის, რომ ხმის მიცემისას ამომრჩეველი ძირითადად ემოციით ხელმძღვანელობს - ეს უკვე დიდი ხანია რაც შემჩნეულია. ასე მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 1992 წლის არჩევნების დროს ამომრჩეველთა მხოლოდ 15%-მა იცოდა, რომ ჯორჯ ბუში (მამა) სიკვდილით დასჯის მომხრე იყო... სამაგიეროდ ამომრჩეველთა 86%-მა იცოდა, რომ ჯორჯ ბუშის ძაღლს მილი ერქვა... 2004 წელს გამოკითხული რესპუბლიკელების 90%-ზე მეტმა იცოდა, რომ ჯორჯ ბუშის (შვილის) ძაღლს ბარნი ერქვა; სამაგიეროდ დაახლოებით იმავე რაოდენობის რესპუბლიკელს გაუჭირდა დაესახელებინა პრეზიდენტის მიერ გატარებული რომელიმე რეფორმა...

მაგრამ მამა-შვილ ბუშების პრეზიდენტობის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და Facebook-ის ეპოქაში ფაქტს არა ემოცია, არამედ „ალტერნატიული ფაქტი“ დაუპირისპირდა, ხოლო ამომრჩევლის ატავისტურ პოლიტიკურ უმეცრებას, მისი დეზინფორმაცია დაემატა. დღეს Facebook-ის „პოლიტიკურ გეტოში“ გამომწყვდეულ ამომრჩეველს არ აინტერესებს ობიექტური ინფორმაციის მიღება - ის ნებაყოფლობით ირჩევს დეზინფორმაციის გზას და იკვებება საკუთარი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისი „ალტერნატიული ფაქტებით“. მოკლედ, თუ აქამდე ამომრჩეველი მხოლოდ სცილას მსხვერპლი გახლდათ, სოციალური ქსელების ეპოქაში მან საკუთარი ნებით სცილასა და ქარიბდას შორის ამოყო თავი.

პოლიტიკაში ტყუილს დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1733 წელს ჯონათან სვიფტი პოლიტიკურ ტყუილს განსაზღვრავდა როგორც „ხელოვნებას, რომლის ფუნქციაა საჭირო სიცრუეში დაარწმუნო ხალხი“. მაგრამ თუ „გულივერის“ ავტორის ეპოქაში მატყუარამ იცოდა, სად იყო სიმართლე და სად ტყუილი, პოსტსიმართლის ეპოქაში პოპულისტ პოლიტიკოსს არ აინტერესებს არც სიმართლე და არც ტყუილი. იგი არ ელის, რომ ამომრჩეველი მის ნათქვამს დაიჯერებს. მისი ერთადერთი მიზანია, რომ საზოგადოება მის მიმართ იყოს ნდობით გამსჭვალული.

ჯონათან სვიფტის ეპოქაში მატყუარა ერთგვარად ზრუნავდა სიმართლეზე - იგი ხელს აფარებდა მას, რათა სხვანი ტყუილის ჭეშმარიტებაში დაერწმუნებინა. დღეს პოპულისტი პოლიტიკოსი ინდიფერენტულია როგორც სიმართლის, ისე ტყუილის მიმართ, რადგან თუ გუშინ პოლიტიკური ტყუილი ნიშნავდა ჭეშმარიტების საწინააღმდეგოს მტკიცებას და სურვილს, ტყუილი სიმართლედ გაგესაღებინა, fake news-ის ეპოქაში პოპულისტი პოლიტიკოსი ამომრჩეველს აგდებს უკიდურესი სკეპტიციზმის ტრანსში, რომლის დროსაც საზღვარი რეალურ და არარეალურ სამყაროს შორის წაშლილია.

პოსტსიმართლის ეპოქაში პოპულისტი პოლიტიკოსი უნიკალურ სიტუაციაშია - რეალურ ფაქტს უჭირს, უარყოს მისი სიცრუე, ვინაიდან ამ უკანასკნელს მოჰყავს ე.წ. „ალტერნატიული ფაქტი“. და არავინ უსვამს საკუთარ თავს კითხვას, თუ რამდენად შეიძლება ფაქტს - რომელიც მოხდა ან არ მოხდა - ჰქონდეს სხვა ალტერნატივა...

ამ სიტუაციაში ჟურნალისტიკის როლია ფრონტის წინა ხაზზე გავიდეს და fake news-ს და ე.წ. „ალტერნატიურ ფაქტს“, (რომელიც, ვიმეორებ, ოქსიმორონია), „მძიმე არტილერიის“ საშუალებით ებრძოლოს. მაგრამ ვაი იმ ქვეყნის უბედურებას, რომელშიც მასმედიის უდიდესი ნაწილი პოპულისტ პოლიტიკოსებთან ერთადაა „ალტერნატიული ფაქტებისა“ და fake news-ის ფერხულში ჩაბმული.

ფაქტი თუ ე.წ. „ალტერნატიული ფაქტი“? News თუ fake news? ძნელია დღეს Facebook-ის „ინფორმაციულ გეტოში“ გამოკეტილი ამომრჩეველი გაერკვეს და რაციონალური მარცვალი მონახოს წინააღმდეგობებით სავსე ჩახლართულ პოლიტიკური ტყუილის ამ გორგალში.

ასე რომ, დღეს კარლ მარქსი რომ საფლავიდან ამდგარიყო, ალბათ დაწერდა პოსტსიმართლის მანიფესტს, რომელსაც შემდეგი ფრაზით დაიწყებდა: „აჩრდილი დაძრწის მსოფლიოში, აჩრდილი fake news-პოსტსიმართლისა“.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG