Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი - ძველი ახალი სულთანი


ათასწლეულია უკვე, რაც თურქეთი გზაშია. და, მიუხედავად ამისა, ბილიკი, რომელიც აზიის სტეპებს ევროპასთან აკაშირებს, მას დღემდე ვერ გაუვლია.

ხუთას წელზე მეტია, რაც თურქეთი ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დგას. და დღემდე ვერ გადაუწყვეტია რომელ მხარეს სურს ცხოვრება.

ას ათი წელია უკვე, რაც თურქეთის ელიტამ პოლიტიკური ისლამის წინააღმდეგ გაილაშქრა. და დღეს უკვე ბევრია დარწმუნებული, რომ სეკულარული თურქეთი ერდოანმა დაამარცხა.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

ათწლეულებია უკვე, რაც დასავლეთი იმედოვნებდა, რომ ერთ დღეს შეძლებდა თურქული პოლიტიკური მოდელის არაბულ სამყაროში ექსპორტირებას. იმ პოლიტიკური მოდელისა, რომელიც დემოკრატიასა და ისლამს ერთმანეთთან შეთავსებადს ხდიდა. და დღეს დასავლეთში თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ თურქეთიდან არაბეთში საექსპორტო აღარაფერია დარჩენილი.

თუმცა ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა: სულ ცოტა, ათი წელია, რაც თურქეთმა ევროპულ გზას გადაუხვია (რაშიც ნაწილობრივ ბრალი მერკელ-სარკოზის დუეტსაც მიუძღვის). გადაუხვია ჯერ პანთურქული ბილიკისაკენ, რომელსაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიჰყავდა...შემდეგ იქ ხელმოცარულმა, არაბულ სამყაროს მიაპყრო მზერა და ნეოოსმალური იმპერიალიზმის გზას დაადგა. ხოლო როდესაც „არაბულ ნაცარშიც“ კოვზი ჩაუვარდა, გული არ გაიტეხა და გადაწყვიტა პოლიტიკური ისლამისკენ ლტოლვა. ამას დაემატა დემოკრატიის და ტრანსატლანტიკურიმოკავშირეების დავიწყება, რამაც ერდოანი საბოლოოდ კრემლამდე და მის ეზოში განთავსებულ ანტისაჰაერო კომპლექს S-400-მდე მიიყვანა (ნატოს წევრი თურქეთის გადაწყვეტილება, შეიძინოს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა არა მარტო უპრეცედენტოა პოლიტიკურად, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც უაზროა).

დღეს, როცა ერდოანმა კაბინეტში სულეიმან პირველის რუკა გაიკრა და თავი სულთნად გამოაცხადა, ხოლო პუტინს ვერ გადაუწყვეტია სტალინის თუ ეკატერინე დიდის დროინდელი რუკა დაკიდოს კრემლში, ტრამპი იზოლაციონიზმში ჯეიმს მონროს, ხოლო პოპულიზმში ლონგსა და მაკარტის ეჯიბრება... (უფრო აპოკალიპტური სურათის დახატვა მერი შელისაც კი გაუჭირდებოდა).

ამ დროს კაცს შეეძლო ეოცნება, რომ ევროპა მაინც დარჩებოდა „კეთილი იმედის კონცხად“. მაგრამ არა, სამწუხაროდ „კეთილი იმედის კონცხი“იქცა „ტიტანიკად“, სადაც კატალონიელ ნაციონალისტებს მეტოქეობას უწევენ პოლონელი, უნგრელი, იტალიელი თუ ავსტრიელი ნაციონალ-პოპულისტები. და ეს ყველაფერი ხდება ხმელთაშუა ზღვის ფონზე, სადაც მილიონერების იახტები და აფრიკელი მიგრანტების ნავები გვერდიგვერდ ცურავენ... უფრო სწორად, ერთნი ცურავენ და მეორენი იძირებიან და თან ისე, რომ „ტიტანიკსაც“ ზღვის ფსკერისკენ მიაქანებენ...

მოკლედ ისტორია კი არ დამთავრდა, როგორც ამას ერთი ამერიკელი ამტკიცებდა, არამედ უკან დაბრუნდა... თან დაბრუნდა არა ხელმოცარული, არამედ ერთი დიდი კალაშნიკოვით შეიარაღებული.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG