„ეს არის ტყუილი. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის აგებას“. - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წარმომადგენელი კახა კუჭავა ოპოზიციის მწვავე კრიტიკას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ქვეკომიტეტის მიერ დამტკიცებულ პროექტთან დაკავშირებით. დოკუმენტში არსებული ჩანაწერის თანახმად, შესაძლოა შეიზღუდოს საქართველოსთვის გამიზნული ფულადი დახმარება.
„ეს არის ტყუილი. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის აგებას. ამას მეტს ვერაფერს დავარქმევთ. არაფერი არ გაუყინავს კონგრესს და არანაირი დოკუმენტი არ მიუღია კონგრესს, კანონში არანაირი ცვლილებები არ მიუღია. ეს არის ტყუილი, დეზინფორმაცია... მსგავსი ინფორმაციის გავრცელება არის ან არაპროფესიონალიზმი და ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდის ამერიკიდან. ან (ეს არის) მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობ, შეცდომაში შეიყვანო მოსახლეობა“, - აცხადებს კუჭავა.
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტმა 6 ივლისს დაამტკიცა საბიუჯეტო კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების შესაძლო შემცირებას გულისხმობს. ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლასა თუ ბიზნესის მდგომარეობას უკავშირდება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო კანონის მიხედვით საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 132 025 000 დოლარი. თუმცა ლაპარაკია ასევე, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გამოსაყოფი თანხის 15% შესაძლოა არ იქნას გაცემული - „ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამოიკვლევს და არ მოახსენებს ასიგნებების კომიტეტს იმის შესახებ, რომ მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს“.
ოპოზიცია კონგრესის წიაღში დამტკიცებულ დოკუმენტს უპრეცედენტოს უწოდებს და თვლის, რომ საქართველოსთვის ამერიკის ფინანსური დახმარების შეზღუდვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დამღუპველი პოლიტიკის შედეგია.