კაზაკების ეს შეიარაღებული ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია. როგორც „კავკაზ.რეალიის“ უთხრეს წყაროებმა, გაზრდილი ბიუჯეტი ძირითადად კაზაკთა რაიონული საზოგადოებების მუშაობაზე, კადეტთა კორპუსებსა და მედიაში მათ კარგად წარმოჩენაზე, ე.წ. გაპიარებაზე დაიხარჯება.
დამატებითი თანხები მოხმარდება ასევე კაზაკთა სამხედრო რაზმების მონაწილეობას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ 9 მაისის აღლუმში. მოსკოვში ამ დღეს კაზაკობა წარმოდგენილი იქნება სტავროპოლისა და დონის 130-კაციანი მწყობრით, რომელთა ლოგისტიკაც რუსეთის ბიუჯეტს დაახლოებით 30 მილიონი რუბლი (327 ათასი აშშ დოლარი) დაუჯდება.
სამხედრო ელემენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის კაზაკთა ფორმირებებში, რომლებიც არაერთხელ გამოიყენა მოსკოვმა მის მიერვე ინსპირირებულ პოსტსაბჭოთა კონფლიქტებში, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.
ომი, რეიდები მიგრანტების წინააღმდეგ, აღმზრდელობითი მუშაობა
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო 27 ათასმა კაზაკმა.ატამანი ვიტალი კუზნეცოვი
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საგრძნობლად გაფართოვდა კაზაკთა საქმიანობის სივრცე - ისინი მონაწილეობენ მიგრანტებზე რეიდებში, ლექციებს კითხულობენ სკოლებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისტული მუშაობით არიან დაკავებული.
რუსეთის კაზაკობის ერთ-ერთი წამყვან ფუნქციად ომში მონაწილეობა რჩება.
2024 წლის იანვარში სრულიად რუსეთის კაზაკთა გაერთიანების ატამანმა, ვიტალი კუზნეცოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო 27 ათასმა კაზაკმა. ისინი ცნობილი არიან ასევე „სარეესტრო კაზაკების“ სახელითაც. ისინი სხვადასხვა „ძალოვანი უწყების“ ფუნქციას ითავსებენ. მაგალითად, პოლიციელებთან ერთად აწყობენ რეიდების მიგრანტების წინააღმდეგ.
2024 წლის დეკემბერში კრასნოდარის ოლქის სტანიცა მარიანსკაიაში მდებარე მშენებლობაზე სარეესტრო კაზაკებმა დაახლოებით ასამდე უცხოელი მუშა აიძულეს ხელი მოეწერათ კონტრაქტებზე და დათანხმებულიყვნენ უკრაინის ომში წასვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში მიგრანტ მუშებს ქვეყნიდან დეპორტაციით ემუქრებოდნენ.
სტანიცა მარიანსკაიაში ეს რეიდი მოჰყვა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებას. ამ განცხადების თანახმად, რეგიონში 2025 წელს იგეგმება უცხოური სამუშაო ძალის სრულად აკრძალვა, ვინაიდან შრომის ბაზარზე „ადგილობრივები აღარავის სჭირდება“.
მშენებლობაზე პოლიციამ შეამოწმა „რუსეთის ტერიტორიაზე ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მოქალაქე 85 მუშის ყოფნის კანონიერება“.
გასული წლის ბოლოს კაზაკები, საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობდნენ ანაპის სანაპიროს გაწმენდაში მას შემდეგ, რაც ქერჩის ყურეში კატასტროფა განიცადა ორმა ტანკერმა „ვოლგონეფტ 212“-მა და „ვოლგონეფტ-239“-მა. რუსეთის ორი ტანკერი 15 დეკემბერს ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. მათი ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.
კაზაკები ახალგაზრდობასთან „აღმზრდელობით მუშაობასაც“ ეწევიან. ასე მაგალითად, სექტემბერში კრასნოდარის ოლქის ბრიუხოვეცკის რაიონის კაზაკთა „დრუჟინის“ ხელმძღვანელი სკოლის მოწაფეებს არწმუნებდა კვადრობინგის მავნებლობაში. თავისი ფესვებით იაპონიის კულტურიდან მომდინარე სპორტის ამ სახეობით ბავშვები და მოზარდები არიან გატაცებული.
პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, კაზაკები სახელმწიფოსგან გრანტებსაც იღებენ. 2024 წლის აგვისტოში მილიონი რუბლის მოცულობის საპრეზიდენტო გრანტი წილად ხვდა „ყოვლად დიადი დონის მხედრობას“(Всевеликое войско Донское) პროექტისათვის „შევინარჩუნოთ კაზაკთა ერთობა მოზარდი თაობებისთვის“. პროექტის მიზნად კი დასახლებული იყო ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის კაზაკებთან კავშირების გამტკიცება.
რუსეთის იმპერიის აღორძინების სიმბოლო
ისტორიულად ყუბანის კაზაკობას დიდი უკრაინული გავლენა ჰქონდა, მაგრამ გასული საუკუნის 30-იან წლებში უკრაინული ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული საბჭოთა რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის შედეგად კაზაკობა ათწლეულების განმავლობაში განიცდიდა „სასტიკ რუსიფიკაციას“.
ისტორიკოს იაროსლავ ფილიპჩუკის თქმით, ელცინისა და პუტინის დროს ყუბანისა და დონის კაზაკობა რეპრესიული რეჟიმის საყრდენად იქცა და კრემლი აქტიურად იყენებდა ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ.
„ყუბანის კაზაკობა, ისევე როგორც დონის და სემირეჩენსკის კაზაკობა ყოველთვის იყო გასამხედროებული ფორმირება. ისინი თავის დროზე იმპერიას ადგილობრივი ხალხების წინააღმდეგ ბრძოლასა და ეთნიკური წმენდების განხორციელებაში ეხმარებოდნენ. ახლანდელი ყუბანელი კაზაკები, მხოლოდ მცირედით თუ არიან შთამომავლები გასულ საუკუნეში არსებული კაზაკობისა. ფაქტობრივად, ეს ის ხალხია, რომლებიც კაზაკებად გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაეწერნენ“, - ამტკიცებს ფილიპჩუკი.
ამ მოსაზრებას იზიარებს რუსეთის კაზაკობის მკვლევარი რიჩარდ არნოლდი. ექსპერტის თქმით, რუსეთის სახელმწიფოს კაზაკები სჭირდება როგორც რუსეთის იმპერიის აღორძინების სიმბოლო და როგორც რუსეთის საზოგადოებაში ნორმების დაცვის უზრუნველმყოფელი, პრაქტიკული ძალა.
ამ მოსაზრების დასტურად იგი იმოწმებს სრულიად რუსეთის კაზაკთა საზოგადოების ატამანს, ვიტალი კუზნეცოვს, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში კაზაკთა სამხედრო ფორმირებების რიცხოვნობა უკრაინის ფრონტზე 18 ათასს აღემატებოდა.
„ადრინდელი რიცხვების თანახმად, საომარი მოქმედებების ზონა დაახლოებით 50 000 კაზაკმა გაიარა. ისინი ასევე უზრუნველყოფენ შიდა უსაფრთხოებას რუსეთის ქალაქებში რაზმებით პატრულირების სახით, მონაწილეობენ ბუნებრივი კატასტროფის ლიკვიდაციის აღმოფხვრაში, ახალგაზრდების აღზრდაში და ნაციონალისტებთან ერთად აწყობენ მსვლელობებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს რიჩარდ არნოლდი.
მისი აზრით, ამჟამინდელი კაზაკები წარმოადგენენ ე.წ. პროქსი(მარიონეტულ) სტრუქტურებს, რომელთა გამოყენებას, როგორც ძალაუფლების აპარატისა, სხვადასხვა სამართალდამცავი, ოლიგარქიული და ნომენკლატურული კლანი ცდილობს. რუსეთის საზოგადოების მილიტარიზაციის კონტექსტში, საკუთარი გასამხედროებული ჯგუფების არსებობა, - არნოლდის აზრით, - ნებისმიერი კლანის გადარჩენის საკითხია.
სტრუქტურულად სარეესტრო კაზაკური ორგანიზაციები ექვემდებარებიან ტერიტორიულ მმართველობას (კაზაკთა სამხედრო გაერთიანებას), რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებელია სრულიად რუსეთის კაზაკთა გაერთიანების წინაშე.
ყოვლად დიადი დონის მხედრობა აერთიანებს როსტოვის, ვოლგოგრადისა და ასტრახანის ოლქისა და ყალმუხეთის კაზაკთა სარეესტრო რაზმებს, ხოლო ე.წ. თერგის (Терские казаки) კაზაკებში გაერთიანებული არიან სტავროპოლის ოლქის, დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის კაზაკთა სარეესტრო რაზმები.
კაზაკთა რაზმები საქართველოს წინააღმდეგ
კაზაკთა შეიარაღებული რაზმები, სხვა დაქირავებულებთან ერთად, აფხაზეთის 1992-93 წლების ომში იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ. რამდენიმე კაზაკი დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმზე აფხაზების, ჩრდილო კავკასიის კონფედერაციისა და კაზაკური ფორმირებების მიერ განხორციელებული ერთობლივი მასშტაბური შტურმის დროს.
იმ დროს გუმისთის ხიდის ავანგარდში მყოფი ქვედანაყოფ „შავნაბადას“ მაშინდელი ხელმძღვანელობის თანახმად, მოწინააღმდეგის დესანტის განადგურების შემდეგ, საქართველოს სამხედრო სარდლობამ მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე დარჩენილი რუსების, კაზაკებისა და ჩრდილოკავკასიელების ცხედრების გატანის შესაძლებლობა მისცა.
გორისა და ლიახვის ხეობის მოსახლეობის მონაყოლით, კაზაკების სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მეომრები 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის სამხედრო ფორმირებებთან ერთად მონაწილეობდნენ ახალგორის ოკუპაციაში.
ომის დასრულებიდან ერთი წლის თავზე კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ, ე.წ. სამშობლოს დამცველის დღის აღსანიშნავად, აგვისტოს ომში მონაწილე კაზაკები და ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები ოფიციალურად დააჯილდოვა.
ფორუმი