Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკეტილი წრე - კორპუსი მეზობლების იძულებით მკურნალობას ითხოვს


სანზონის ერთ-ერთი კორპუსის წინ, 20 წელია, ხან პატრულის მანქანა დგას, ხან - „სასწრაფოსი“, ხან - ორივე ერთად. ამ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში სამი ქალი ცხოვრობს - მოხუცი დედა და მისი ორი შვილი. მეზობლები ყვებიან, რომ სამივეფსიქიკური პრობლემები აქვს - ყვირიან, ილანძღებიან, თავს ესხმიან მეზობლებსა და გამვლელებს. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის მოგვარებაში თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაა ჩართული, 20 წელია, არაფერი შეცვლილა.

როდესაც რადიო თავისუფლება ადგილზე მივიდა, დედა და შვილები აივანზე დაგვხვდნენ, სამივე აგრესიული იყო.

როგორც წესი, დედა იწყებს ხოლმე. უმცროსს აქეზებენ, მას დიაგნოზი აქვს და ვერ დასჯიან. უმცროსმა ერთხელ მცემა, შემოვდიოდი სახლში და უკნიდან მომახტა. მეზობელმა ჩამოხსნა ჩემი ზურგიდან. კარები აღარ მივარგა, უროთი ამტვრევს. ისეთი სიტყვებით გვაგინებენ, ვერ გავიმეორებ. ყვირიან, რომ ვითომ საყვარელი მყავს. ხან ვინმომიწვინაგვერდით და ხან ვინ. ხუთი წელია, ჩემი მეუღლე მკვდარია და საფლავში არ აყენებენ კაცს. ჩემ შვილს და შვილიშვილსაც უშვერი სიტყვებით ლანძღავენ. და ასე, გაუთავებლად“, - ამბობს ქალების კარის მეზობელი.

ოჯახი მენტალური პრობლემებით
please wait

No media source currently available

0:00 0:00:36 0:00

მოხუცი, რომელიც ამავე სადარბაზოში ცხოვრობს, ჰყვება, რომ ეშინია, სამიდან რომელიმე თავს არ დაესხას. მსგავსი რამ ერთხელ უკვე მოხდა. მე ერთი რომ წამაქციოს, მეტი არ მინდა. ასე 10 წლის წინ მცემა ეზოში, თან მაშინ საოპერაციო ვიყავი. რა ვიცი, რატომ?

მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახს, როგორც წესი, აგრესიის გამოსავლენად წინაპირობა არ სჭირდება. იციან გარკვეული პირების ამოჩემება, ესეც - უმიზეზოდ. გაზაფხულ-შემოდგომაზე დაავადება უმწვავდებათ, სახიფათოები არიან როგორც სხვებისთვის, ასევე ერთმანეთისთვის. მათი თქმით, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი ერთს ნამდვილად აქვს, დანარჩენი ორის შესახებ კი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

მუდმივი აყალმაყალის გამო კორპუსში სამმა ოჯახმა უკვე ბინა გაყიდა, თუმცა დარჩენილებს ბინის გაყიდვაც უჭირთ და გაქირავებაც, რადგან რომ იგებენ, რომელი კორპუსია, კლიენტი აღარ მოდის“.

მიშველეთო, გაიძახის. ჩემი აზრით, ცემენ

ჩვენ საერთო კედელი გვაქვს მათთან და ხშირად მესმის, რომ უმცროსი შვილი შველას ითხოვს. მიშველეთო, გაიძახის. ჩემი აზრით, ცემენ. რამდენჯერმე ვუთხარი ეს პატრულს, მაგრამ ზომები არ მიიღო. დედაჩემი, 15 წელია, ვერ მოძრაობს. წევს და იძულებულია, მუდმივად მათი ყვირილი ისმინოს, - ამბობს ამ კორპუსის კიდევ ერთი ბინადარი.

მეორე მეზობელიც, რომელიც ერთადერთია კორპუსში, ვისაც ამ ოჯახთან შედარებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ამბობს, რომ დედა და და უმცროს დაზე ძალადობენ.

ერთმანეთსაც ასე ექცევიან, უმცროს სცემენ. ეპილეფსიანი გოგო აფთიაქის სპირტს სვამს, დავიღალე ამდენი ჩხუბითო. სახლში ყველაფერი დაამტვრიეს - არც ტელევიზორი, არც მაცივარი, ახლა გაზიც აღარ აქვთ, ბალონს ტენიან. ნათესავებს დავურეკე, მიაქციეთ ყურადღება-მეთქი. ჩვენთანაც ნაჩხუბრები არიან, ფულს ვაძლევთ, რომ მშივრები არ დაიხოცონო. აქ სანამ რაღაც არ მოხდება, ყურადღებას არ მოგვაქცევენ“, - ამბობს ის.

მეზობელი აღრიცხავს, როდის რომელ სახელმწიფო სტრუქტურას მიმართა
მეზობელი აღრიცხავს, როდის რომელ სახელმწიფო სტრუქტურას მიმართა

მეზობლების თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი მათგანი ერთხელ დააპატიმრეს და ერთხელაც გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ისე დალაგებულად ესაუბრა ექიმს, მე ვერ ვილაპარაკებდი ასე“. სხვა შემთხვევებში სტრუქტურები უმოქმედოდ არიან - მაშინაც კი, როცა აგრესია აშკარაა: სამჯერ ისროლა ერთ-ერთმა აგური. ერთხელ მეზობელს ესროლა, ერთხელ ბავშვებს, ერთხელ პატრულს“.

კანონი და რეალობა

შსს-ში აცხადებენ, რომ პატრული თვითნებურად სტაციონარში ვერავის გადაიყვანს, რადგან პატრულის უფლებამოსილება არ არის, დაადგინოს, ადამიანი შერაცხადია თუ შეურაცხადი, მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, კონკრეტულ სამართალდარღვევაზე მოახდინონ რეაგირება.

ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია ამბობს, რომ კანონმდებლობა პატრულსაც და სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც მაქსიმალურ სიფრთხილეს ავალდებულებს. სტაციონარში ადამიანი გადაჰყავთ მაშინ, როცა ის ფსიქიკურ პრობლემასთან ერთად სოციალურად საშიშიც არის. ამის შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 48 საათის განმავლობაში დგება სასამართლო, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, ჩაუტარდეს პაციენტს მკურნალობა თუ არა. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი მკურნალობაზე უარს აცხადებს.

ასეთი რამ ყოველდღიურად ხდება. ხშირად მეზობლები შეწუხებულები არიან მუდმივი ხმაურით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი პირის სტაციონარში გადასაყვანად. რეალურ საფრთხეს უნდა წარმოადგენდეს. თუ ადამიანს ფსიქიკურ პრობლემასთან ერთად ქცევაც საშიში აქვს, უნდა გამოიძახონ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შემდეგ, თუ საჭირო გახდა, ის თავად გამოიძახებს პატრულს“, - ამბობს ეკა ჭყონია.

ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის მკურნალობა შესაძლებელია ამბულატორიული სერვისის ან მობილური ჯგუფის მეშვეობითაც. ამისთვის საჭიროა, ფსიქიატრიულ ამბულატორიას, რაიონის მიხედვით, ვინმემ შეატყობინოს, რომ ამა და ამ ადამიანს დახმარება სჭირდება. თუ ამბულატორია ნახავს, რომ პაციენტი მასთან არ მიდის, პაციენტს უკვე მობილური ჯგუფი გაუწევს შინმომსახურებას. თუმცა აქ კიდევ ერთი დაბრკოლება იჩენს თავს: ორივე შემთხვევაში მკურნალობა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

ფსიქიატრ მანანა შარაშიძეს მიაჩნია, რომ მსგავსი პრობლემები ვერ გვარდება, რადგან არც სასწრაფო დახმარების ბრიგადას და არც პატრულს არა აქვთ საკმარისი ცოდნა ფსიქიკური დაავადების ამოსაცნობად.

ამას წინათ პატრული მეკითხებოდა, რა ვუყო ჩემ მეზობელს, რომელიც ფსიქიკური პრობლემის მქონეა, მუდმივად მაგინებს და ვერაფერს ვერ ვუხერხებო. პატრულმაც თუ არ იცის, რა უნდა ქნას, საერთოდ რაზეა ლაპარაკი? ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგი უნდა ჩაუტაროს როგორც პატრულის, ასევე სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომ მათ შეძლონ გაარჩიონ, ადამიანი ფსიქიკური დაავადების გამოა აგრესიული თუ სხვა რამის გამო. ახლასასწრაფოსსაავადმყოფოში არ გადაჰყავს პაციენტი იმის შიშით, რამე არ შეეშალოს და მერე საყვედური არ უთხრან“, - ამბობს მანანა შარაშიძე.

ამასვე ადასტურებს ეკა ჭყონია და ჰყვება, რომ სულ ახლახან ფსიქიატრიულ საავადმყოფოს 5 ათასი ლარის ჯარიმა გამოუწერეს იმის გამო, რომ არანებაყოფლობით უმკურნალა დაავადებულს.

პაციენტი, რომელსაც აქვს დიაგნოზი და მანამდეც მკურნალობდა, დედას გამოეკიდა დანით. მოიყვანეს ჩვენთან. ჩვენ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მივმართეთ არანებაყოფლობით მკურნალობას, მაგრამ მან გაასაჩივრა განაჩენი და მოიგო სასამართლო. ამიტომ ჩვენც ვფრთხილობთ“, - ამბობს ეკა ჭყონია.

მანანა შარაშიძის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სტაციონარში გადაყვანისგან თავს იკავებენ, ადგილების ნაკლებობაა. შარაშიძე აცხადებს, რომ რიგი ფსიქიატრიული საავადმყოფოების დახურვის შემდეგ, „სასწრაფო“, უბრალოდ, ვერ პოულობს დაწესებულებას, რომელიც ახალ პაციენტს მიიღებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG