სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 452-ით გაიზარდა. დაიღუპა 6 ადამიანი. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ინდუსტრიული პუნქტებიდან ვრცელდება.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 7 113 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 87, გამოჯანმრთელდა 3145 პაციენტი. მეხუთე დღეა, ახალი ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად 300-ს აჭარბებს. მძიმე რეალობის წინაშე დგება ჯანდაცვის სისტემა - 180 ინტენსიური თერაპიის საწოლიდან 150 უკვე დაკავებულია. თუ ასე გაგრძლედა, ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი არ გამორიცხავს, რომ ექიმებს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუხდეთ: მკურნალობის გარეშე დატოვონ ისინი, ვისი გადარჩენის შანსი უკვე აღარ არის.
რატომ ამდენი?
1 მარტიდან სომხეთში დაბრუნდა 60 000-ზე მეტი ემიგრანტი, რომლებიც მანამდე ევროპასა და რუსეთში იმყოფებოდნენ. მიზეზი ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იყო.
საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთში დაავადებულთა რაოდენობა თავიდანვე დრამატულად იზრდებოდა. თუკი ჯერ კიდევ 6 მარტს დაავადების მაჩვენებელი 0 იყო, 13 მარტს ერთბაშად 7 შემთხვევა დაფიქსირდა. უკვე 16-ში, როდესაც ახალგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა პირველად ასცდა ორნიშნა რიცხვს, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა სასწავლო დაწესებულებები, აიკრძალა ღონისძიებები, სადაც 20 კაცზე მეტის შეკრება იყო მოსალოდნელი. დაწესდა სხვა შეზღუდვებიც.
თუმცა 4 მაისიდან, მიუხედავად იმისა, რომ დაავადებულთა მაჩვენებელი შეუქცევლად მატულობდა, შეზღუდვების ნაწილი, რომლებიც ბიზნესსა და გადაადგილებას ეხებოდა, გაუქმდა, 18 მაისს კი გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები და კვების ობიექტები. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, განახლდა ავიარეისები რუსეთ-სომხეთის მიმართულებით.
24 მაისს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საგანგებო კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეპიდაფეთქება ინდუსტრიულ და მომსახურების პუნქტებს უკავშირდება. მისი თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ დაავადებულთა 80 პროცენტი სწორედ ამ ობიექტებზე დაინფიცირდა.
ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება იმანაც განაპირობა, რომ მას „არასერიოზულად მიუდგნენ“. მანვე არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ატარონ ნიღბები და დაიცვან დისტანცია.
ამ ფონზე მძაფრი კრიტიკა გამოიწვია ფოტომ, რომელიც სულ ახლახან სამთავრობო ბანკეტზე გადაიღეს: სუფრაზე პირბადე თითქმის არავის უკეთია, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრს.
სომხეთის ეპიდსიტუაციის მიზეზებზე საუბრისას რადიო თავისუფლების ერევნის ბიუროს ჟურნალისტი, იური მანველიანი, ამბობს: „ყველაზე გავრცელებული ახსნა არის ის, რომ პოლიცია და მაკონტროლებელი ორგანოები ჩვენთან უფრო ლოიალურები არიან“.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილიც მიიჩნევს, რომ შესაძლოა მიზეზი სუსტი ეპიდკონტროლი აღმოჩნდეს.
„ძირითადად სუსტი ეპიდკონტროლი არის ხოლმე მიზეზი, მაგრამ ზუსტად ამის თქმა რთულია. სად მოხდა გარღვევა, ნამდვილად არ ვიცი“, - ამბობს ის.
რატომ იზრდება სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სამნიშნა რიცხვით, როდესაც საქართველოში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია? - ამ კითხვაზე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პასუხმა რამდენიმე დღის წინ თბილისის გაღიზიანება გამოიწვია. არსენ ტოროსიანმა ეჭვი გამოთქვა საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით. მინისტრმა მოიყვანა მაგალითად - მისივე თქმით, ინფორმაცია განსჯისთვის - მრავალი ფაქტი, როდესაც საქართველოდან შემოსული სატვირთო მანქანების მძღოლებს Covid-19 უდასტურდებოდათ.
მინისტრის განცხადებებს თბილისში რამდენიმე საპასუხო განცხადებით არადიპლომატიური და არაკორექტული სიცრუე უწოდეს. დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეცდება დეტალურად გაარკვიონ, რა გახდა არსენ ტოროსიანის ქართულ სტატისტიკაში დაეჭვების მიზეზი.
იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც ამბობს, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეჭვები რეალობას არანაირად არ შეესაბამება:
„პატარა ქვეყანაა. ჩვენ რომ აქ ხალხი გვეხოცებოდეს, არ დაიმალებოდა“.
რაც შეეხება საკითხს, შეუძლია თუ არა საქართველოს სომხეთის დახმარება, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ამ შემთხვევაში თავად სომხეთისგან უნდა წამოვიდეს ინიციატივა. „ჯერ უნდა ითხოვოს დახმარება, იქნებ, არც სჭირდება“, - ამბობს ექიმი.
ბოლო ინფორმაციით, სომხეთი აპირებს დახუროს ის დაწესებულებები (რესტორნები, ბანკები, კომპანიები, სილამაზის სალონები...), რომლებშიც უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. ასევე ყველგან სავალდებულო ხდება ნიღბის ტარება, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს ჯარიმის გადახდა (21 დოლარის ეკვივალენტი დრამებში) მოუწევს.
„ყველაგან, სადაც ვაჭრობაა, ვაჭრობაში მონაწილე ორივე მხარემ ნიღაბი უნდა ატაროს“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ახალი წესების მიხედვით, ნიღბის ტარება სავალდებულოა მანქანაში მსხდომთათვისაც.