Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ათეულობით ფერმერს ფუტკარი მასობრივად დაეხოცა


ბოლო 6 თვის განმავლობაში ფერმერებს ფუტკარი მასობრივად ეხოცებათ. მეფუტკრეები ამბობენ, რომ მწერის მავნებელ ტკიპზე აქამდე გამოცდილი პრეპარატები აღარ მოქმედებს. რა სახის დახმარება სჭირდებათ მათ, რა ინფორმაცია აქვთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და რას გეგმავენ?

კახეთში ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ ფუტკარი მასობრივად იხოცება, მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტიანია. დაზარალებულთა შორის არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში მცხოვრები პაპუნა ლობჟანიძე. მას 280 ოჯახი (სკა) ფუტკარი ჰყავდა, საიდანაც 100 დაეხოცა. პაპუნას თქმით, ფუტკრის დახოცვის მიზეზი მავნებელი ტკიპაა, რომელიც პრეპარატების მიმართ, სავარაუდოდ, რეზისტენტული გახდა და მათთან ბრძოლა შედეგს ვეღარ იძლევა. ის არც იმას გამორიცხავს, რომ თავად პრეპარატებიც უხარისხო იყო.

"ტკიპა ფუტკრის ჭუპრთან ერთად უჯრედში ცხოვრობს და მრავლდება. ტკიპა ჭუპრს კბენს და გარკვეულ სითხეს სწოვს. შესაბამისად, მას განვითარების შესაძლებლობა აღარ აქვს. შესაბამისად, იღებ დაავადებულ თაობას, რომელსაც აღარ აქვს სიცოცხლის უნარი და იხოცება. ძირითადი პრობლემა ესაა. დაკბენილმა ფუტკარმა ვერ გადაიტანა ზამთარი!"

კახეთში ფუტკარი დაეხოცა კიდევ ერთ მეფუტკრეს, შოთა გილაშვილს. ის ამ საქმიანობას ბოლო 30 წელია ეწევა. ამბობს, რომ ფუტკარს მრავალი მავნებელი ჰყავს და სხვადასხვა დაავადება მუდმივად უქმნის პრობლემას, თუმცა ერთდროულად ამ მასშტაბის ზარალი არ ახსოვს.

"მე 40 ოჯახი დამეხოცა. ტკიპა განსაკუთრებით სწრაფად გამრავლდა გასულ წელს. დროულად ვერ ვუმკურნალეთ. არცერთი მეფუტკრე არ აკეთებს ანალიზს იმისას, რა ხარისხის დატკიპიანება მის სკებში. ახლა მთავარი იმის დადგენაა, ტკიპი რატომ გამრავლდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის, პირველ რიგში, წამლების უხარისხობის ბრალი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ, შესაძლოა, ამას ხელი შეუწყო ცივმა ამინდმა, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა".

მეფუტკრეობის დარგში შექმნილ პრობლემებზე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციაში. ასოციაციის წევრ თემურ ღოღობერიძის ინფორმაციით, გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული, მთელ საქართველოში, დაახლოებით, 200 ათასი ოჯახი ფუტკარი დაიხოცა, საერთო ზარალმა კი ერთ მილიონ ლარს მიაღწია.

თემურ ღოღობერიძე ამბობს, რომ ქვეყანას კვალიფიციური სპეციალისტები, ფაქტობრივად, არ ჰყავს, რაც არსებულ პრობლემებთან გამკლავებას კიდევ უფრო ართულებს. მეფუტკრეთა ასოციაცია გეგმავს რეგიონებში გასვლას და მათ ხელთ არსებული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარებას.

"თავად მეფუტკრეებსაც არ აქვთ ხეირიანი ცოდნა. ისინი უყურებენ პრეპარატების დასახლებას და არა იმას, თუ რა არის მისი მოქმედი ნივთიერება. ზოგჯერ სხვადასხვა დასახლების პრეპარატს ზუსტად ერთი და იგივე შემადგენლობა აქვს. საქართველოში არც ისეთი ვეტერინარები არიან, რომლებიც მეფუტკრეობაში თანამედროვე მეთოდებს იცნობენ. მკურნალობაზე ჩვენს გამოცდილებას, რაც გვაქვს, ასევე თანამედროვე უცხოური ლიტერატურიდან ამოღებულ მასალებს ვუზიარებთ ერთმანეთ. ახლა ვგეგმავთ რეგიონებში გასვლას, ვამზადებთ პრეზენტაციას და ბროშურებს იმაზე, თუ როგორ გავუადვილოთ ტკიპთან ბრძოლა ფერმერებს. სამწუხაროდ, ამისთვის სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორს არ აღმოაჩნდა ფული".

ფუტკრის მასობრივად დახოცვის შესახებ ინფორმირებული არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. როგორც უწყების წარმომადგენელმა დემნა ხელაიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, ფერმერთა ეჭვის საფუძველზე იგეგმება პრეპარატების ხარისხის შემოწმება, თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ ანალოგიური შემოწმება გასულ წლებშიც ჩაუტარებიათ და რაიმე დარღვევა არ გამოვლენილა. დემნა ხელაიას თანახმად, მწერის მავნებელთან არაეფექტიანი ბრძოლა, შესაძლოა, თავად ფერმერებში ნაკლებ ცოდნასაც უკავშირდებოდეს.

"საერთოდ, ლიტერატურაში აღწერილია, რომ, დაახლოებით, 3-5 წელიწადში ერთხელ პრეპარატები უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ არ მიეჩვიოს პარაზიტი. ახლა, ალბათ, სწორედ ამ სტადიაში ვართ. მოხდა შეჩვევა. ეს ჩვენი ვარაუდია, თუმცა იგივეს ამბობენ მეფუტკრეებიც. არის კიდევ ერთი პრობლემა: არ ხდება ჩვენთან არსებული პრეპარატების ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენება. ჩვენ მეფუტკრეებთანაც გვაქვს ხოლმე შეხვედრები, თუმცა 3 800-მდე მეფუტკრეა და ყველას, ბუნებრივია, ვერ გადავამზადებთ. ახლა ჩვენ პერსონალს ვასწავლით, რომლებიც შემდეგ მეფუტკრეებს ჩაუტარებენ ტრენინგს იმაზე, თუ როგორ ებრძოლონ მავნებელს უფრო ეფექტიანად".

გარდა იმისა, რომ ფუტკარი მასობრივად იხოცება, ფერმერების ნაწილს ამ დრომდე არ გაუყიდია თაფლის წინა წლის მარაგები. ამის მიზეზად კი კორონავირუსის პანდემია სახელდება. მეფუტკრეები ამბობენ, რომ თაფლს ფასიც დააკლეს, თუმცა მოსახლეობაში მსყიდველუნარიანობა დაბალია და ტონობით მოსავალი დასაწყობებული აქვთ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG