Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი დელიმხანოვთნ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მისი გაუჩინარების ცნობას გადათქვამს


რამზან კადიროვმა ადამ დელიმხანოვთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ინსტაგრამში
რამზან კადიროვმა ადამ დელიმხანოვთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ინსტაგრამში

რუსეთის დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვი ცოცხალია და ჯანმრთელადაა, - განაცხადა 14 ივნისის საღამოს ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა და ამის დასტურად გამოაქვეყნა მასთან გადაღებული ფოტო.

თავის სტატუსში კადიროვი ამტკიცებს, რომ სპეციალურად „დაასხა ცეცხლზე ნავთი“, როდესაც თავის ადრინდელ ცნობაში იტყობინებოდა, თითქოს აღარ ჰქონდა კავშირი დელიმხანოვთან.

მანამდე დმიტრი პესკოვმა არც დაადასტურა და არც უარყო რუსეთის დუმის დეპუტატის უკრაინაში დაჭრის შესახებ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი განგაშით მივიღეთ ეს ინფორმაცია და განვიცდით რუსეთის გმირის გამო“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა და იმედი გამოთქვა, რომ მის შესახებ უახლოეს დროში გამოჩნდება დაზუსტებული ინფორმაციაო.

მას შემდეგ, რაც დელიმხანოვის დაჭრა-გაუჩინარების ცნობამ საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა, რამზან კადიროვმა მასმედია დაადანაშაულა ადამ დელიმხანოვზე სიცრუის გავრცელებაში. ანუ, ფაქტობრივად, დაადანაშაულა ოფიციალური უწყების ოფიციალური მედიასაშუალება.

14 ივნისის დილით თავდაპირველად სწორედ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ზვეზდაზე“ დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, ადამ დელიმხანოვის სავარაუდოდ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაჭრის შესახებ.

„ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალი“

ადამ დელიმხანოვის დაჭრის შესახებ ცნობა რუსეთში ყველაზე პირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხმა, რუსეთის სახელმწიფო დუმის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.

მოგვიანებით „ზვეზდამ“ ორჯერ შეასწორა ეს ცნობა თავის საიტზე: ჯერ ტელეარხმა ჩეჩენი მაღალჩინოსნის დაჭრის შესახებ ინფორმაციის წყაროდ დაასახელა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის პრესსამსახური, სულ ბოლო ვერსიაში კი უარყო დეპუტატის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობა.

დელიმხანოვის ბრძოლის ველზე დაღუპვის შესახებ ცნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მებრძოლმა პოლიტოლოგმა კირილ საზონოვმა გაავრცელა. ის ირწმუნებოდა, რომ ჩეჩენი დეპუტატი უკრაინული დანაყოფების ოპერაციის შედეგად, ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ პრიმორსკში დაიღუპა.

ყველა ელოდა, თუ რას იტყოდა თავის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული თანამებრძოლის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. მან კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ ადამ დელიმხანოვის თავს კარგი არაფერი ხდებოდა.

რამზან კადიროვი ტელეგრამის არხზე წერდა, რომ ადამ დელიმხანოვი არ გამოდის კავშირზე და თხოვდა უკრაინის დაზვერვის სამსახურს, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ „ზუსტად რომელ ადგილზე და რა პოზიციებზე განხორციელდა [დელიმხანოვზე] თავდასხმა“.

თანაც ამ ინფორმაციისათვის უკრაინულ მხარეს „უხვ ჯილდოს“ ჰპირდებოდა.

სიტუაცია კიდევ უფრო გაუგებარი გახდა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურის, აპტი ალაუდინოვის ტელეგრამის არხით გავრცელდა ცნობა, რომ ალაუდინოვი მთელი თავისი ქვედანაყოფით დაიძრა ადამ დელიმხანოვის მოსაძებნადო. და ეს მოხდა დაახლოებით ნახევარ საათში მას შემდეგ, რაც ალაუდინოვი ამტკიცებდა, რომ დელიმხანოვი „ადამ სუტლანოვიჩი ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია და ამჟამად რესპუბლიკაში (ჩეჩნეთში) იმყოფება“.

დელიმხანოვის დაჭრის შესახებ მედიას განუცხადა ასევე რუსეთის 72-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა, რომან ვინივიტინმა, რომელიც ცოტა ხნის წინ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ჰყავდა დატყვევებული.

ვინივიტინი ამტკიცებდა, რომ ჩეჩენი დეპუტატი „დამიზნებული საარტილერიო ცეცხლის შედეგად“ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარში იგი ადანაშაულებდა „ვაგნერელებს“, რომლებმაც უკრაინის დაზვერვას მიაწოდეს დელიმხანოვის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, რათა ამით ეძიათ შური რამზან კადიროვსა და მის გარემოცვაზე, რომელიც ღიად დაუპირიპირდა „ვაგნერის“ მეთაურ ევგენი პრიგოჟინს.

საქმე ეხება გამონათქვამებს, რომლებიც ეკუთვნით კადიროვის ნათესავს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ადამ დელიმხანოვს, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მაგომედ დაუდოვსა და სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურს აპტი ალაუდინოვს. მათ 1 ივნისს პრიგოჟინი გააკრიტიკეს დიდი დანაკარგების და რუსეთის ჩინოვნიკების მიმართ კრიტიკისთვის. დელიმხანოვმა „ვაგნერის“ მეთაურს ურჩია, დაენიშნა „დრო და ადგილი“, სადაც მას „აუხსნიდნენ, რაც არ ესმის“. დაუდოვმა პრიგოჟინს შესთავაზა „პირადად შეხვედრა“ და „კაცური დალაპარაკება“.

სალმან რადუევის მძღოლობიდან დაწყებული კარიერა

რუსეთის დუმის 53 წლის დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვი რამზან კადიროვის ბრძანებით შექმნილ ქვედანაყოფებთან ერთად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში პრაქტიკულად ინტერვენციის პირველივე დღეებიდან ჩაება.

ჩეჩნეთსა და მის ფარგლებს გარეთ დელიმხანოვი რამზან კადიროვის „მარჯვენა ხელად“ ითვლება. თავის დროზე იგი რამზანის მამის, ახმატ კადიროვის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, მაგრამ კიდევ უფრო ადრე - იჩქერიის ბრიგადის გენერლის, რუსეთის მიერ ტერორიზმისთვის მსჯავრდებული სალმან რადუევის მძღოლი იყო. დეპუტატი ჩეჩნეთიდან გარეულია ასევე რამდენიმე გახმაურებულ სკანდალში, რის გამოც მას „რუსეთის ყველაზე საშიში დეპუტატი“ უწოდეს.

რამზან კადიროვთან ერთად, ადამ დელიმხანოვი მიჩნეულია ჩეჩენი უფლებადამცველების, აქტივისტებისა და რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ მუქარის, რეპრესიებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზატორად.

ფართო საზოგადოებისთვის დელიმხანოვი იმითაც არის ცნობილი, რომ სადეპუტატო მანდატს უთავსებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის, იმავე „კადიროველების“ საქმიანობის კოორდინაციას.

2022 წლის 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამ დელიმხანოვს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.

ოფიციალური ფორმულირებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, დელიმხანოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა „სიმამაცისა და გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინა სპეციალური სამხედრო ოპერაციისას დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და უკრაინის ტერიტორიებზე“.

  • ადამ დელიმხანოვის წინააღმდეგ საქმეს უკრაინის უშიშროების სამსახური იძიებს. მას ბრალად ედება ქვეყნის საზღვრების შეცვლაში თანამონაწილეობა და რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამართლება. „ჩინოვნიკი კადიროვის გარემოცვის ნაწილია. სწორედ მისი მითითებით ჩავიდა დელიმხანოვი დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში“, - აცხადებს უკრაინის უშიშროების სამსახური.
  • ჩეჩნეთიდან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ითვლება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვისა და „ეფესბეს“ ვიცე-პოლკოვნიკის, ჩეჩნეთის რაზმ „მთიელის“ მეთაურის, კადიროვის წინააღმდეგ ამბოხებული მოვლად ბაისაროვის მკვლელობის ორგანიზატორად. დელიმხანოვი ინტერპოლის მეშვეობით ძებნილთა სიაში იმყოფება ასევე ძმები იამადაევების მკვლელობის საქმეზეც.

„ადამ დელიმხანოვის კარადაში, როგორც ამბობენ, ბევრი ჩონჩხია და მას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევს სამსჯავროზე წარდგენა. ან იმავე მეთოდით ჩამოიშორებენ გზიდან, როგორც ის გაუსწორდა კადიროვის მოწინააღმდეგეებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საფრანგეთში მცხოვრებმა ჩეჩენმა ბლოგერმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG