Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა "ვაგნერელთა" მიერ აბუჩად აგდებაზე განაცხადა


"ვაგნერელები" და მათი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბახმუტში. ფოტო პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა 2023 წ. 20 მაისს.
"ვაგნერელები" და მათი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბახმუტში. ფოტო პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა 2023 წ. 20 მაისს.

რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ვინივიტინმა, რომელიც ადრე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა დააკავეს მათსა და სამხედროებს შორის შეტაკების შემდეგ, ჩაწერა ვიდეომესიჯი, რომელშიც განაცხადა, რომ დაქირავებულები აწამებდნენ და რომ ისინი რუსეთის სამხედროებს იტაცებენ. მან ასევე გააკრიტიკა „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.

ტელეგრამის არხებმა, რომლებიც ადრე „ვაგნერთან“ იყო დაკავშირებული, გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ვინივიტინი ამტკიცებს, რომ მისმა ქვეშევრდომებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელშიც ისხდნენ დაქირავებული მებრძოლები, და რომ ამის განკარგულება გასცა "პირადი არაკეთილგანწყობის გამო". პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ ვინივიტინის ქვეშევრდომებმა დანაღმეს გზა, რომელზეც „ვაგნერელები“ გადაადგილდებოდნენ, რის გამოც დაქირავებულებმა განაიარაღეს რუსი სამხედროები, მათ შორის ბრიგადის მეთაური. ეს, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში მოხდა.

ვინივიტინის ვიდეომიმართვას, კერძოდ, აქვეყნებს ტელეგრამის არხი „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“. ვიდეოში ვინივიტინი ადასტურებს, რომ ის მეთაურობდა რუსეთის ჯარების 72-ე ბრიგადას, რომელსაც პოზიციები ეკავა ბახმუტის მიმართულებაზე. ოფიცრის თქმით, „ვაგნერის“ წევრებმა ის ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააკავეს, „დაატყვევეს, სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი და აბუჩად იგდებდნენ“, კერძოდ, ღამით დახვრეტის იმიტაცია გააკეთეს. ვიცე-პოლკოვნიკმა „ვაგნერელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ზეწოლის შედეგი უწოდა.

ვინივიტინის თქმით, მისი ქვედანაყოფის მეომრებს კონფლიქტი ჰქონდათ „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებთან, რაშიც მან „ვაგნერელები“ დაადანაშაულა. ვიცე-პოლკოვნიკი ამტკიცებს, რომ რუსეთის სამხედროებს აიძულებდნენ, კონტრაქტები გაეფორმებინათ „ვაგნერთან“, იტაცებდნენ მათ, ემუქრებოდნენ, ასევე იტაცებდნენ სამხედრო ტექნიკას. როგორც ირწმუნებიან, ზოგიერთი მებრძოლი დაქირავებულებმა აწამეს, ხოლო ერთმა ჯარისკაცმა, რომელზეც სექსუალურად იძალადეს, თავი მოიკლა.

ვინივიტინმა ასევე უარყო ბრალდებები, რომ სამხედროებმა დანაღმეს „ვაგნერის“ მებრძოლთა უკან დახევის გზები. მან პრიგოჟინი პოლიტიკურ პიარში და არმიის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

პრიგოჟინს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ვიცე-პოლკოვნიკის ვიდეომესიჯზე. მანამდე იმავე არხმა, „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“, გამოაქვეყნა სამხედრო მოსამსახურეების ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი ვინივიტინს აკრიტიკებენ. როგორც ირწმუნებიან, ისინი ვინივიტინის ყოფილი ქვეშევრდომები იყვნენ.

ევგენი პრიგოჟინი ხშირად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის მის უმაღლეს ხელმძღვანელებს, და, კერძოდ, აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი მხოლოდ „ვაგნერის“ მებრძოლებმა აიღეს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერის გარეშე.

XS
SM
MD
LG