Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხელები სისხლით აქვს დასვრილი“ - შაჰის პერიოდის საიდუმლო პოლიციის თანამშრომელი პროდემოკრატიულ დემონსტრაციაზე და აღშფოთებული ირანელები


ფარვიზ საბეთი ლოს-ანჯელესში გამართულ დემონსტრაციაზე ქალიშვილთან (მარცხნივ) და ცოლთან ერთად.
ფარვიზ საბეთი ლოს-ანჯელესში გამართულ დემონსტრაციაზე ქალიშვილთან (მარცხნივ) და ცოლთან ერთად.

აშშ-ში გამართულ ერთ შეხვედრაზე, როცა იქ მცხოვრები ირანელები შეიკრიბნენ და თავიანთ ქვეყანაში ადამიანის ელემენტარულ უფლებებს მოითხოვდნენ, მივიდა ირანში შაჰის მმართველობის დროის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ედება ბრალი.

ფარვიზ საბეთის მისვლას 12 თებერვლის მიტინგზე აღშფოთება მოჰყვა ბევრი ირანელის მხრიდან, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ამ თემაზეც აქვთ ისლამური რესპუბლიკის ყოფილ თუ ახლანდელ მოქალაქეებს.

ათიათასობით ადამიანი, ირანული წარმოშობის ამერიკელი და სხვები, მონაწილეობდა დემონსტრაციებსა და თავყრილობებში, რომლებიც აშშ-ის ქალაქებში გაიმართა ბოლო ხანებში, ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეების მხარდასაჭერად.

მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც დევნილობაში, აშშ-ში მცხოვრებ, რეზა ფეჰლევის, ირანის ბოლო შაჰის ვაჟის, მომხრეები არიან.

ითვლება, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლებს მეთაურები და წინამძღოლები არ ჰყავს. საზღვარგარეთ მცხოვრებ ირანელებს შორის შაჰის ვაჟი ერთ-ერთია, რომელიც ირანელების ნაწილს წარმოუდგენია ლიდერად.

ერთ-ერთ მიტინგზე, რომელსაც შაჰის მომხრეებიც შეუერთდნენ, გამოჩნდა კაცი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებას თავს არიდებდა: ფარვიზ საბეთი, ირანის შაჰის უშიშროების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის - სავაქის (საზმან-ე ეთელაათ-ე ვა ამნიათე ქაშვარ“ سازمان اطلاعات و امنیت کشور‎ ) ყოფილი მეთაურის მოადგილე.

სავაქმა 1957-დან შაჰის დამხობამდე, 1979 წლამდე იარსება. ის შეიქმნა დასავლეთის საიდუმლო სამსახურების ორგანიზებით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, და მათივე მხარდაჭერით, როცა მოჰამად რეზა ფეჰლევიმ, ფეჰლევების დინასტიამ, ტახტი დაიბრუნა.

პროდემოკრატიულ შეკრებაზე ფარვიზ საბეთის მისვლამ აღშფოთება გამოიწვია. არაერთი მოწოდება გაისმა, რომ ის პასუხისგებაში უნდა მიეცეს შაჰის, მონარქიის პერიოდში ჩადენილი სავარაუდო უფლებების დარღვევის გამო.

12 თებერვალს ირანში უფლებებისთვის მებრძოლთა სოლიდარობის დემონსტრაციები ჩატარდა, სხვათა შორის, ლოს-ანჯელესსა და მაიამიში.

„44 წლის წინ ჩვენი ქვეყანა სიბნელემ მოიცვა. იმედი მაქვს, ეს წელი სინათლეს და სოლიდარობას მოიტანს“, - დაწერა ტვიტერზე ფარვიზის შვილმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა, ფარდის საბეთიმ 12 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის წლისთავის მეორე დღეს.

თავის ტვიტში, აღიარებული მკვლევარი, ფარდის საბეთი იყენებს ჰეშთეგს: „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“, რომელიც ირანის ანტისამთავრობო მოძრაობის მთავარ ლოზუნგად გადაიქცა, თეირანში ქურთი ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ მას მერე, რაც ის პოლიციამ დააკავა.

ტვიტს, ერთი მხრივ, მონარქიის მომხრეთაგან მოჰყვა 86 წლის საბეთის მიმართ ხოტბა, მას უწოდეს „ცოცხალი ლეგენდა“ და „ღირსების ადამიანი“, რომელიც ირანს ტერორისტებისგან იცავდა შაჰის მმართველობის დროს.

თუმცა, სხვები თვლიან, რომ საბეთი ადამიანის უფლებების დარღვევის, წამებისა და პოლიტპატიმრების სიკვდილით დასჯის გამო, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. მათი თქმით, საბეთის მემკვიდრეობა ეწინააღმდეგება ირანის საპროტესტო მოძრაობის - თავისუფლების, სოციალური და პოლიტიკური უფლებების მოთხოვნას.

„თავხედობაა ფარვიზ საბეთის ფოტოს გამოქვეყნება და ამ დროს სინათლესა და სოლიდარობაზე ლაპარაკი“, - ამბობს ირანელი რეჟისორი ლონდონიდან, ღავე აბასიანი და თვლის, რომ „თავისუფალ ირანში ის სასამართლოს იქნებოდა გადაცემული“.

ირანელი მხატვარი, ასევე ემიგრაციაში მცხოვრები, ბარბად გოლშირი თვლის, რომ „დადგა დრო, როცა მსხვერპლმა, წამებულების და სიკვდილით დასჯილების ოჯახებმა საბეთის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლონ“.

აშშ-ში ეს მიტინგები გაიმართა ორ დღეში მას შემდეგ, რაც უცხოეთში მცხოვრებმა ირანელმა ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, ასევე გამოჩენილმა პირებმა, მათ შორის რეზა ფეჰლევიმ, შეხვედრა მოაწყვეს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში, რათა ემსჯელათ ირანის პროდემოკრატიულ მოძრაობაზე. ჯგუფი გამოვიდა ერთიანობისა და შიდა დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოწოდებით, რათა თეოკრატიული სისტემა დემოკრატიულით შეიცვალოს.

თეირანელმა ვეტერანმა ჟურნალისტმა, მოჰამად აღაზადემ ტვიტერზე დაწერა: „ვინ წარმოიდგენდა, რომ სავაქის მწამებელი, რომლის ხელები სისხლითაა დასვრილი და ბევრი ადამიანი უწამებია, თავისუფლების მომტანი გახდებოდა“.

აღაზადემ ოპოზიციას საზღვარგარეთ მოუწოდა გაწყვიტოს კავშირი ისეთ პირებთან, როგორიცაა საბეთი, თორემ ისინი „შეიძლება მათი დანაშაულის თანამონაწილეები გახდნენ“.

ფეჰლევი არ ჩაერია საბეთის გარშემო კამათში. თუმცა ადრე ნათქვამი აქვს, რომ წამების წინააღმდეგია.

ოპოზიციონერი აქტივისტი, მაჰდიე გორლუ, რომელიც ირანში საპატიმროში იყო, ამბობს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი აქტივისტი უგულებელყოფს 1980 წელს ეგვიპტეში, დევნილობაში გარდაცვლილი შაჰის პერიოდის სავარაუდო დანაშაულებს. „ჩანს, პრობლემა დანაშაულში კი არ არის, არამედ დამნაშავეებში. თუ დამნაშავეს ჰალსტუხი უკეთია - არა უშავს, თუ ჩალმას ატარებს - მაშინ პრობლემაა“, წერს გორლუ ტვიტერში და აცხადებს: „წამება დანაშაულია იმის მიუხედავად, თუ ვინ ჩაიდინა“.

გერმანიაში მცხოვრებმა ირანელმა პოლიტიკურმა აქტივისტმა, მეჰდი ფათაფურმა, რომელიც შაჰის მმართველობის პერიოდში მშვიდობიანი საქმიანობისთვის ციხეში ჩასვეს და აწამეს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საბეთის არასოდეს გამოუხატავს სინანული ადამიანთა წამების გამო.

„სამწუხაროდ, საბეთი სავაქს იცავდა“, თქვა ფათაფურმა და დასძინა, რომ საიდუმლო პოლიციის ამოცანა დიქტატურების შენარჩუნებაა. ფათაფური ორჯერ დააკავეს, 1971 და 1973 წლებში სტუდენტური საპროტესტო გამოსვლების მოწყობისთვის. მისი თქმით, ის დღემდე იტანჯება მაშინდელი წამების გამო.

„სავაქი შიშს თესავდა, იჭერდა, ციხეებში სვამდა ყველას, ვინც შაჰის წინააღმდეგი იყო, სტუდენტების, ინტელექტუალების, მწერლებისა და ოპოზიციის აქტივისტების ჩათვლით“, ამბობს ის. „ეს პოლიტიკა არათუ არ უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას, ის უსაფრთხოების არქონის მთავარი ფაქტორი იყო“.

1977 წელს, Washington Post-თან საუბარში საბეთის ნათქვამი აქვს, რომ ირანელები, რომლებსაც „სავაქისა ეშინიათ, უცხოელი ჟურნალისტების მონათხრობის გავლენის ქვეშ არიან. ზოგიერთი საზღვარგარეთელი ჟურნალისტი აქ ჩამოდის... და ყველა ხის უკან სავაქს ხედავს“.

2012 წელს, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საბეთი ამბობს, რომ ის „წამების წინააღმდეგია“. „რადგან სამართალი ვისწავლე და ყოველთვის გამოვდიოდი ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რასაც წამებასთან მივყავართ“, უთქვამს ირანის საიდუმლო სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს.

XS
SM
MD
LG