4 ნოემბერს გამოქვეყნდა იტალიელი რეჟისორის, რიკარდო სპინოტის ფილმის, Now is Everything-ის ტრეილერი, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ოსკაროსან მსახიობ ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს.
ფილმი მოდის ფოტოგრაფის, ნიკოლას იარნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დაკარგულ შეყვარებულს ეძებს. სწორედ ამ მთავარ როლს ასრულებს ქართველი მსახიობი.
ირაკლი მაყურებლებმა რეზო გიგინეიშვილის ფილმით, „მძევლებით“ გაიცნო. ამ ფილმში შესრულებული როლის შემდეგ ის 2018 წელს 10 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობს შორის მოხვდა.
ირაკლი უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. რადიო თავისუფლება მას ახალი ფილმის და ამერიკული გამოცდილების შესახებ ელაპარაკა.
როგორ აღმოჩნდი ამ ფილმის მთავარ როლში?
ძალიან შემთხვევით. ჩემი მეგობარი ლაშა ზამბახიძე მუშაობდა მხატვრად და მიგვიყვანა მე და ელენე, ჩემი ცოლი, რომ რეჟისორს გავესინჯეთ ეპიზოდური როლებისთვის. გადაგვიღო და რამდენიმე დღეში გადაწყვიტა, რომ ჩვენი როლები გაეზარდა. ასე გადამიყვანა მთავარ როლზე და ელენესაც მისცა რამდენიმე პერსონაჟის როლი. ის არის ჩემი მუზა, მოდელი, ბევრი რამ…
მე ვასრულებ ფოტოგრაფი ბიჭის როლს, რომელიც არის საკმაოდ წარმატებული, ჰქვია ნიკოლას იარნა და დანარჩენს აღარ მოგიყვებით.
როდის გამოდის ფილმი ეკრანებზე?
22 ნოემბერს იქნება პრემიერა ტალინში, 28-ში იტალიაში ჩვენებაა დაგეგმილი. ცოტა ხანს ევროპაში ივლის და მერე ალბათ ჩამოვა ამერიკაში. მე არ მაქვს დასრულებული ფილმი ნანახი, ბევრი რამის თქმაც არ შემიძლია.
რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი შენთვის ამ ფილმზე მუშაობისას?
დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო ის ხალხი, ვისთან ერთადაც ვითამაშე ამ ფილმში და რა გამოცდილებაც მივიღე. მოგონებად რომ მომდის ეს კადრი, რომ ნამდვილად ვარ ამ ფილმში, ამ ხალხთან ერთად, ძალიან კარგია.
განსხვავებული იყო ის, რომ ამ ენაზე პირველად ვითამაშე როლი. წინა ღამეს მითხრეს, რომ მთავარი როლი უნდა შემესრულებინა. მეორე დღეს, დილას 5 საათზე ვიწყებთ გადაღებას და მოდიო. გზაში ვკითხულობდი ტექსტებს, რომ მომერგო როლი და გამეგო მთავარი გმირისთვის, შემექმნა პერსონაჟი. ძალიან ცოტა დრო მქონდა. გამოცდილებად მაინც კარგია, შემდეგ პროექტზე, თუკი იქნება, უფრო თავდაჯერებული მივალ.
თვითონ ეს ფილმი იყო არტ ჰაუსი, დამოუკიდებელი კინოპროექტი, საკმაოდ დაბალი დაფინანსებით და ძალიან შემჭიდროებულ ვადებში გადაღებებით. მე მგონია, რომ ამ სიჩქარემ ხარისხზეც ცუდად იმოქმედა, გარკვეულწილად. გამოცდილებისთვის კარგი იყო, მაგრამ შედევრის მოლოდინი არ მაქვს.
გადაღებები ერთ თვესაც არ გაგრძელებულა, 3-4 კვირაში ყველაფერს მოვრჩით.
ანუ ენტონი ჰოპკინსთან დამეგობრება ვერ მოასწარი?
ენტონი ჰოპკინსი არის ერთ სცენაში, ერთი დღე გვქონდა ერთად გადაღება, მაგრამ იმ ერთ დღეში მაინც მოვახერხეთ დამეგობრება. ჩვენი სცენა არის სახლში, სადაც ბევრი ვილაპარაკეთ, რჩევებიც მომცა. კარგი კაცია, თბილი და ადვილად მოვახერხეთ ერთმანეთის გაგება.
სიმართლე რომ ვთქვა, ასე სწრაფად აქ მთავარი როლის მიღებას არ ველოდი. ეს ფილმი უფრო გამართლება იყო. რაც არ უნდა ბევრი იმუშაო აქ, იმხელა კონკურენციაში ხარ, რთულია, დრო უნდა ყველაფერს. მაგრამ ახლაც, რომ გითხრა, რომ ეს ფილმი კარიერას ამიწყობს, არა. ასეთ ფილმს უამრავს იღებენ.
„მძევლების“ შემდეგ ეს არის შენი მეორე დიდი როლი. რას აკეთებ დანარჩენ დროს, როგორ მუშაობ საკუთარ თავზე?
ძირითადად რესტორანში ვმუშაობ. დანარჩენი, თუ დრო მაქვს, ვცდილობ, სხვადასხვა კლასები ავიღო სხვადასხვა სტუდიებში, ჩემი თავი სულ რომ პრაქტიკაში მყავდეს.
აქ რაც ჩამოვედი, ძალიან ბევრ რამეს მივხვდი. მგონი, აქ დავიწყე საერთოდ ფიქრი. მე ვარ, მე ვიღებ გადაწყვეტილებებს ჩემი ცხოვრების შესახებ. გავიზარდე. მსახიობობას რაც შეეხება, სრულიად განსხვავებულია ხედვა. თავიდან ძალიან მარტივად ვუყურებდი. ჩვენ რომ ვირჩევდით საქართველოში მსახიობობას, ვფიქრობდით, რომ ბევრ მეცადინეობას ავიცილებდით, მათემატიკის და ეგეთი რამეების სწავლა არ დაგვჭირდებოდა. აქ მივხვდი, რომ მარტო გარეგნობით და ნიჭით ვერავის გააკვირვებ. ერთადერთი, რითიც შეგიძლია აჯობო სხვას, მეტი ცოდნა და უნარებია. რაც მეტი ენა იცი, რაც მეტი ინტელექტი გაქვს, მეტ ინსტრუმენტზე უკრავ, მით მეტი შანსი გაქვს. ახლა, რა თქმა უნდა, მივხვდი მაგას და ვეწევი, მაგრამ ძალიან ბევრი შრომა და სწავლა გჭირდება მაგ დანაკლისის ამოსავსებად.
თეატრალური ისე დავამთავრე, კამერა არ მინახავს.
მაგრამ ისე არ არის, რომ ჩემი გეგმები საქართველოს არ უკავშირდებოდეს. პროექტები თუ იქნება, სიხარულით ჩამოვალ. აქაც, როგორც ქართველი მსახიობი, ეგრე ვეცნობი ხალხს. ამერიკელი მსახიობების მეტი რა არის, უფრო საინტერესოც არის ასე.
თუ ადევნებ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება. იცი, რომ ლევან აკინის ფილმის ჩვენებამ საპროტესტო აქციების ფონზე ჩაიარა?
წარმოუდგენელია, სირცხვილია რაც ხდება. მე არ მაქვს ნანახი და ველოდები, აქ ჩამოდიან, 16-შია ჩვენება და ძალიან ველოდები ფილმსაც და მსახიობების გაცნობასაც. ძალიან მაინტერესებს. იმ ადამიანებზე, ვინც გარეთ ეს ამბავი მოაწყვეს, არც კი ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. კინოსთან მაგას არანაირი კავშირი არ აქვს. ალბათ, უნდა მომხდარიყო ერთხელ, რომ ხალხი გამოფხიზლდეს და აღარ დავუშვათ ასეთი რამეები.