Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ კოვიდ-19-ით ინფიცირებულთან: მე ვარ ასიმპტომური პაციენტი. ჩემნაირი, დარწმუნებული ვარ, ბევრია


30 წლის კატო (სახელი შეცვლილია) ერთ-ერთია იმ 402 ინფიცირებულს შორის, რომელთაც კორონავირუსი ლაბორატორიულმა ტესტმა დაუდგინა. ერთადერთი სიმპტომი, რაც მას ჰქონდა, სიცხე იყო - 37-დან 37,3-მდე, ათი დღის განმავლობაში, მანამ, სანამ ოჯახის ექიმმა არ მიიღო გადაწყვეტილება გაეგზავნა ცხელების ცენტრში ტესტის გასაკეთებლად. მესამე დღეა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს, სიმპტომები იგივე - მხოლოდ სიცხე. ექიმები ეუბნებიან, რომ ასეთი მსუბუქი შემთხვევა ხშირი არ არის, თუმცა ჰქონიათ. თვითონ ფიქრობს, რომ ყველაზე საშიში, გავრცელების თვალსაზრისით, მისნაირი ასიმპტომური პაციენტები არიან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ტესტი გაკეთდეს, ასეთების საპოვნელად, ვინც შესაძლოა სახლშიც ყველანაირი გართულების გარეშე გადაიტანოს ვირუსი, მაგრამ საფრთხეს უქმნიდეს სხვებს, რომლებსაც ნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ნაკლებად კარგი ჯანმრთელობა აქვთ და, შესაბამისად, გართულებების მეტი რისკი.

რადიო თავისუფლება: რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ გქონდათ ვირუსი?

კატო: რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა ის ნორმა დამეცვა, რასაც ექიმები გვირჩევდნენ. გარეთ იშვიათად გავდიოდი, გასვლისას ვატარებდი ნიღაბს, ხელთათმანს, სულ მქონდა თან ხსნარი, რომლითაც ხელებს ვიმუშავებდი, ტანსაცმელს მოსვლისთანავე ვრეცხავდი. ვრეცხავდი ყველაფერს, რასაც ვყიდულობდი. ბოლო ერთი თვე იქნება, რაც სახლიდან მხოლოდ მაღაზიაში და აფთიაქში გავდივარ. დედასთან და შვილთან ერთად ვცხოვრობ, რომლებიც, რამდენიმე კვირაა, სახლიდან გარეთ საერთოდ არ გასულან. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ შეიძლება ვირუსი მქონოდა, რომ არა ერთი საღამო, როცა ძალიან უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა და შემაცია - სიცხე გავიზომე და 37 მქონდა. მაშინვე დავურეკე ოჯახის ექიმს. გამომკითხა, მქონდა თუ არა სხვა სიმპტომებიც, ხომ არ მინახავს ვინმე, სხვა ქვეყნიდან დაბრუნებული, და სხვა რამეები, რასაც პროტოკოლი ითვალისწინებს. იმის გამო, რომ სიცხის გარდა არაფერი საეჭვო გარემოება არ აღმომაჩნდა, გადაწყდა, რომ დამაკვირდებოდა რამდენიმე დღეს. ყოველდღე უნდა მეზომა სიცხე და ორ დღეში ერთხელ დამერეკა და მეთქვა, თავს როგორ ვგრძნობდი. ეს 10 დღეს გაგრძელდა. ბოლოს, 16 აპრილს, დამირეკა. ისევ მქონდა სიცხე და არაფერი მეტი. ცოტა უხეშად და გაღიზიანებულმა ვუთხარი, რომ თუ საეჭვო ვიყავი, ჯობდა ტესტი გამეკეთებინა, თუ არა, რამდენ ხანს შეიძლება ასე მეცხოვრა - ფსიქოლოგიურად უკვე ძალიან მოქმედებდა დღეში რამდენჯერმე სიცხის ზომვა. ეპიდემიოლოგთან კონსულტაციის მერე გადაწყვიტა, რომ ცხელების ცენტრში მივსულიყავი ტესტის გასაკეთებლად. ცხელების ცენტრში სასწრაფოს გადაყავხარ. მე საღამოს მიმიყვანეს - აღმოჩნდა, რომ ტესტს დღეში ერთხელ აკეთებენ, დილის 10 საათზე. ის ღამე იქ გავათენე. დილას გამიკეთდა ტესტი, საღამოს მოვიდა პასუხი და გადაწყდა, რომ რესპუბლიკურში უნდა გადმოვეყვანე. ზუსტად არ ვიცი, რა ნომერი ინფიცირებული ვარ. ერთ-ერთი ვარ იმ 15 ადამიანს შორის, რომელმაც სტატისტიკა 370-დან 385-მდე გაზარდა.

რადიო თავისუფლება კატოს პირველად შაბათს,18 აპრილს ელაპარაკა, როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 დღის მისული იყო. მისი კვლევა დაწყებული იყო, მაგრამ სამკურნალო დანიშნულება ჯერ შედგენილი არ ჰქონდა. არ იყო გადაწყვეტილი, გაუკეთებდნენ თუ არა მისი ოჯახის წევრებს ტესტებს. ფრაგმენტი ინტერვიუდან. ხმა შეცვლილია.​


რადიო თავისუფლება: ახლაც მხოლოდ სიცხეა თქვენი ერთადერთი სიმპტომი?

კატო: კი. ისევ იგივე მდგომარეობა მაქვს. ექიმები ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, უფრო მეტად არ გართულდება. ამბობენ, რომ კარგი იმუნიტეტი მაქვს.

რადიო თავისუფლება: როგორია თქვენი მკურნალობის რუტინა, როგორც მსუბუქი პაციენტის?

კატო: პლაქვენილს ვიღებ, რომლის დოზაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ მესამე დღეა, აქ ვარ, შემიმცირეს. პირველ დღეს 2 აბი მქონდა, ახლა 1 აბს ვსვამ. კიდევ ერთ წამალს ვსვამ, რომელმაც კუჭი უნდა დაიცვას გაღიზიანებისგან და ერთი ნემსი მიკეთდება მუცელში, ისიც კუჭის დასაცავად. დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივ: დილას მთავარი ექიმი დადის ყველასთან შემოვლაზე, მერე დღის განმავლობაში ექთნები და სანიტრები მოდიან, წამლები და საჭმელი მოაქვთ. გახსენებენ, რომ სიცხე უნდა გაიზომო, კარდიოგრამას გიკეთებენ და თუ რაიმე კითხვები გაქვს, გპასუხობენ. ეტყობათ, რომ ბევრი საქმე აქვთ და ამ ეკიპირებით სუნთქვაც კი უჭირთ, მაგრამ მაინც ყურადღებიანები არიან. ჩემს სართულზე, მგონი, მძიმე პაციენტები არ არიან, შიგადაშიგ ისმის ხველების ხმა - დაძაბული სიტუაცია არ იგრძნობა.

სანამ ექიმები დერეფნიდან პალატაში მოხვდებიან, პატარა სატრანზიტო სივრცეა. აქ ტოვებენ საკვებს და აქედან აფრთხილებენ პაციენტებს, გაიკეთონ პირბადეები, სანამ პალატაში შევლენ. კატოსთვის ეს მისი ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მეტყველი "ხედია"
სანამ ექიმები დერეფნიდან პალატაში მოხვდებიან, პატარა სატრანზიტო სივრცეა. აქ ტოვებენ საკვებს და აქედან აფრთხილებენ პაციენტებს, გაიკეთონ პირბადეები, სანამ პალატაში შევლენ. კატოსთვის ეს მისი ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მეტყველი "ხედია"

რადიო თავისუფლება: რა თარიღიდან ითვლიან ექიმები თქვენს ინფიცირებას? იმ დღიდან, როცა სიცხე მოგცათ და ოჯახის ექიმს მიმართეთ, თუ იმ დღიდან, როცა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა?

კატო: პროტოკოლის მიხედვით, როცა რესპუბლიკურში შემოვედი. ასე ამიხსნეს აქ. აქ 17 აპრილს შემოვედი და ექიმს 7 აპრილს მივმართე. თუ 14 დღეა ინკუბაციის პერიოდი, გამოდის, რომ ნახევარზე მეტი სახლში მაქვს გადატანილი. მაგრამ იმისთვის, რომ ტესტი გამიკეთონ და დაადგინონ, რომ კორონავირუსი აღარ არის ჩემს ორგანიზმში, 14 დღე უნდა გავიდეს. თუ რამდენიმე დღე ვიქნები ისე, რომ სიცხე არ მექნება, ვიკითხავ, იქნებ შესაძლებელია უფრო ადრეც ამ ტესტის გაკეთება. თუმცა ჯერ ამაზე ექიმებთან არ მილაპარაკია. საერთოდ, მე იმდენად მარტივ ფორმაში მაქვს, ალბათ, შეიძლებოდა, რომ სახლშიც გადამეტანა.

საწოლი კატოს პალატაში.
საწოლი კატოს პალატაში.

რადიო თავისუფლება: თქვით, რომ შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობთ. გაუკეთდა მათ ტესტი მას შემდეგ, რაც თქვენ დაგიდასტურდათ კორონავირუსი?

კატო: არა. გადაწყდა, რომ იზოლაციაში უნდა იყვნენ და ექიმი დისტანციურად გააკონტროლებს. თუ რაიმეს საეჭვოდ მიიჩნევენ, მერე გაუკეთებენ, ალბათ. სანამ სახლში ვიყავი, მათაც ვუზომავდი სიცხეს, მაგრამ არც ერთ ჯერზე არ ჰქონდათ.

რადიო თავისუფლება კატოს ორშაბათს, 20 აპრილსაც დაუკავშირდა იმის გასაგებად, რა სურათი აჩვენა მისთვის ჩატარებულმა ანალიზებმა და როგორი მკურნალობა დაუნიშნეს. ჩვენ ვთხოვეთ, ეკითხა, რამდენად ხშირი იყო მის კლინიკაში მსუბუქი პაციენტები. ფრაგმენტი ინტერვიუდან. ხმა შეცვლილია.

რადიო თავისუფლება: ისტორია, რომელსაც თქვენ ჰყვებით, ბევრისთვის შესაძლოა დაუჯერებელი იყოს - მაქსიმალურად იცავდით თავს, ოჯახის წევრების გარდა არ გაქვთ კონტაქტები და მაინც შეგხვდათ ვირუსი.

კატო: სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ამბის მოყოლა. როგორც კი დადებითი აჩვენა ტესტის პასუხებმა, კორპუსის თავმჯდომარეს დავურეკე და ვთხოვე, მერიის სამსახური გამოეძახათ დეზინფექციისთვის. იმ კორპუსში მოხუცები ცხოვრობენ, ორსულები. არ მინდოდა, რომ მათთვის საფრთხე ვყოფილიყავი. აპლიკაციაც გადმოვწერე და ჩემი მონაცემები შევიყვანე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩემი მოძრაობის ტრაექტორია. ყველა ნაცნობს ვუთხარი, თქვენც გიყვებით - მთავარი, რის გამოც ამას ვაკეთებ, ისაა, რომ სხვა ადამიანები გავაფრთხილო ასიმპტომური შემთხვევების შესახებ.

მე, ყოველდღე რომ ვიზომავდი სიცხეს და ოჯახის ექიმს ვურეკავდი, ბევრი დამცინოდა, რომ გადაჭარბებული სიფრთხილე იყო, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი. მეუბნებოდნენ, რომ პანიკაში ვარ, სიცხე მაგიტომ მაქვს და ყველგან ვირუსები მელანდება. სიფრთხილეზეც დამცინოდნენ, ყველაფერს რომ ვრეცხავდი და არავის არ ვნახულობდი. აღმოჩნდა, რომ ინფიცირების შანსი მაშინაც არის, როცა ძალიან ფრთხილობ და მხოლოდ სიცხეც საყურადღებოა. შესაძლოა სხვებიც არიან ასე, მხოლოდ დაბალი სიცხით და მათ შეიძლება ისევე მარტივად გადაიტანონ ეს ვირუსი, როგორც მე გადამაქვს, მაგრამ სხვებს გადასდონ. ჩემნაირი პაციენტები ყველაზე საშიშები არიან სხვებისთვის.

რადიო თავისუფლება: არის რაიმე ისეთი, რასაც გარედან ვერ ხედავდით და სისტემასთან შეხების მერე მიხვდით?

პირველი, რასაც მივხვდი, ისაა, რომ თუ ამ ვირუსთან აღმოჩნდი დაკავშირებული, ბევრი დრო რჩება შენთან ერთად ეს ამბავი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ცხელების ცენტრში ტესტი უარყოფითი იქნებოდა, 2 კვირით უნდა წავსულიყავი კარანტინში - ითვლება, რომ არსებობს შანსი იქ დაინფიცირდე და ჯერ არ ჩანდეს ტესტზე. აქედან რომ გამოვალ, 2 კვირის მერე იქნება, უფრო მალე თუ უფრო გვიან, მაშინაც კარანტინში მივდივარ. ითვლება, რომ კიდევ მჭირდება დაკვირვება.

მეორე ისაა, რომ უფრო მეტ ტესტირებას ალტერნატივა არ აქვს. ის ციფრი, რაც ჩვენ გვაქვს, - დაახლოებით 400 ინფიცირებული, - ძალიან ცოტაა რეალურთან შედარებით. თუნდაც ჩემი ოჯახის წევრებს რომ გაუკეთო ტესტი, დიდი ალბათობით, აღმოაჩნდებათ. მეც, ისე რომ არ მომეთხოვა და გულისხმიერი ექიმი არ შემხვედროდა, დიდი ალბათობით, სტატისტიკის მიღმა ვიქნებოდი. ადრე თუ გვიან გავიდოდი გარეთ და თუნდაც სუპერმარკეტის რიგში ვინმესთვის საფრთხე ვიქნებოდი.

თუ ჩემნაირ, ასიმპტომურ ინფიცირებულებს არ გამოავლენენ, სულ იარსებებს უკონტროლო გადაცემის საფრთხე.

XS
SM
MD
LG