Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმპორტული პასტა ქართული რძის ნაცვლად


ირანული პასტერიზებული რძე ქართული ყველის ბაზარს კონკურენციას უწევს. ადგილობრივი მეწარმეები აცხადებენ, რომ იმპორტულმა პროდუქტმა ისინი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენა.

საქართველოში მცირე მეწარმეები რძეს გლეხებისგან იბარებენ. სოფლებში ფერმერებს ერთიდან ხუთ ძროხამდე ჰყავთ. სურსათის უვნებლობის ექსპერტი ეკატერინე ბურკაძე ამბობს, რომ თუ ირანული პასტერიზებული რძის იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, მეწარმეები ადგილობრივი ფერმერებისგან რძეს აღარ შეიძენენ.

„ქართული, ნედლი რძე საკმაოდ ძვირია, ლიტრი 1.30 ლარი, მაშინ როცა ირანული პასტა სამჯერ იაფი ჯდება. სოფელში ხალხი რძის ჩაბარებით ირჩენს თავს. საქართველოს მოსახლეობის 40% სოფლად ცხოვრობს და აქედან 70% მეურნეობას მისდევს“, - ამბობს ეკატერინე ბურკაძე.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ლაბორატორიულმა კვლევამ ირანული პასტერიზებული რძე ვარგისად ცნო. შესაბამისად, მისი აკრძალვის საფუძველი არ არსებობს. შეზღუდვა არის მხოლოდ სპეციფიკური ქართული პროდუქტის სახეობებზე, როგორიცაა მაგალითად სულგუნი, იმერული ყველი, მესხური ჩეჩილი, დამბალხაჭო, თუშური გუდა და სხვა. ამ პროდუქტების უნიკალურობას ნიადაგისა და წყლის შემადგენლობა, ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციები და სხვა, გეოგრაფიასთან მიბმული სპეციფიკური ფაქტორები განაპირობებს.

ქართველი ფერმერები, ერთი მხრივ, ითხოვენ, რომ უფრო მკაცრად გაკონტროლდეს მწარმოებლები, რომლებიც ამ პირობებს არღვევენ, მეორე მხრივ კი, მთავრობისგან ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ელოდებიან.

„აინტერესებთ, რატომ ვერ ვუწევთ კონკურენციას. იმიტომ, რომ ირანში ფერმერებს ძალიან უწყობენ ხელს და ამ პროდუქტის წარმოება იაფი უჯდებათ“, - ამბობს მერძევეთა ასოციაციის წარმომადგენელი, ნიკოლოზ ბენიანიძე და აცხადებს, რომ საქართველოს, პოტენციურად, შეუძლია ნედლი რძით საკუთარი ბაზარი მოამარაგოს, მაგრამ ამისთვის მთავრობის ნებაა საჭირო.

მისი თქმით, ხელშეწყობის ერთ-ერთი ფორმა იქნებოდა, თუ რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ქართული ნედლი რძის დღგ-სგან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ რძის მწარმოებელმა კომპანიებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG