Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ივლისიდან წისქვილკომბინატის 81 თანამშრომელი უსამსახუროდ რჩება


გორის წისქვილკომბინატის მუშების გაფიცვა 2019 წლის მარტში
გორის წისქვილკომბინატის მუშების გაფიცვა 2019 წლის მარტში

გორის წისქვილკომბინატის, იმავე შპს „კარმენის“, გათავისუფლებული თანამშრომლები ახლა საპროტესტო აქციების სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ.

რამდენიმე დღის წინ კომბინატის 81-მა თანამშრომელმა შეტყობინება მიიღო კონტრაქტის შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. წისქვილკომბინატის ადმინისტრაცია მათ ატყობინებს, რომ კომბინატი აჩერებს ხორბლის გადამუშავებას და მის შედეგად მიღებული პროდუქციის - მათ შორის პურის ფქვილის - რეალიზაციას. გარდა ამისა, კომბინატის მუშებს სიტყვიერად ისიც უთხრეს, რომ საწარმოს მფლობელები მის გაყიდვას აპირებენ.

შპს „კარმენის“ მფლობელი ამჟამად აზერბაიჯანული კომპანია „კარატ ჰოლდინგია“. წისქვილკომბინატის პროფკავშირის წარმომადგენელი ლევან მთვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს არის მარტის გაფიცვის გამოძახილი და ადმინისტრაცია გაფიცულ მუშებს ამ გადაწყვეტილებით სჯის. მარტში კომბინატის მუშები ხელფასის მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ და მაშინ ადმინისტრაციასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ანაზღაურება ივნისის თვიდან ეტაპობრივად გაეზრდებოდათ. ხელფასების გაზრდის ნაცვლად კი, მუშებს ხელშეკრულება საერთოდ შეუწყვიტეს. მთვარელიძე ამბობს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

წისქვილკომბინატის 81 თანამშრომელს ხელშეკრულება 7 ივლისს ეწურება, ამის შესახებ შეტყობინება უკვე მიიღეს. მანამდე ისინი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებენ და სამსახურში დადიან, თუმცა რა იქნება 7 ივლისის შემდეგ, არ იციან. მუშები აცხადებენ, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

შპს. „კარმენის“ დირექტორი ზაზა ჯაფარიძე წისქვილკომბინატში მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალურად არ ლაპარაკობს. მისი თქმით, გადაწყვეტილება კომპანიის მფლობელებმა მიიღეს და კომბინატის მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერეს.

7 ივლისს კომბინატის 81 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩება. მათ უკვე აქვთ მოლაპარაკება პროფკავშირების გაერთიანებასთან, უკვე სამოქმედო გეგმაზეც მუშაობენ და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან, რადგან მათ უკან მდგომი სამასამდე ადამიანი ულუკმაპუროდ რჩება.

XS
SM
MD
LG