2020 წლის არჩევნების სადავო საკითხის გვერდის ავლით, „ქართულმა ოცნებამ“ 13 დეკემბერს ოპოზიციას შესთავაზა გეგმა, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა 2020-2024 წლებში. ე.წ. „მეამბოხე“ მაჟორიტარი დეპუტატების კიდევ ერთ ულტიმატუმზე დაფუძნებული გეგმა საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს. „ქართული ოცნება“ მზად არის, კიდევ ერთხელ დაუთმოს მათ.
ოპონენტები ამ ინიციატივას ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის გაგრძელებად და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობად განიხილავენ.
„ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივა
როგორც ითქვა, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი ულტიმატუმი წაუყენა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების იმ გუნდმა, რომელმაც ჩააგდო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი და აგრძელებს ბრძოლას სრულად მაჟორიტარული სისტემისთვის.
13 დეკემბერს, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კონსენსუსის საჭიროება გაჩნდა „გუნდის ერთიანობის შენარჩუნებისა“ და „პოლიტიკური სტაბილურობისთვის“.
მდინარაძის თქმით:
- მაჟორიტარები უარს იტყვიან სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლაზე, თუკი განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილება და ამით მიიღებენ გარანტიებს;
- მაჟორიტარები არ დათმობენ მიზნებს, თუკი არ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილება, ანუ ვერ მიიღებენ გარანტიებს.
„თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“.
მაჟორიტარების მიერ წამოყენებული ულტიმატუმის თანახმად, ცვლილება 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოესწროს და კონსტიტუციის ტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ:
- 2020-დან 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით გაიმართება;
- და შერეული სისტემით არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე.
მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი იზიარებს მაჟორიტარი დეპუტატების არგუმენტს, რომ 2020-დან 2024 წლამდე მუდმივად იქნება ლაპარაკი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვასთან დაკავშირებით; ეს კი „მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის“.
საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 დეპუტატის ხმა ესაჭიროება. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არა ჰყავს. მდინარაძე ამბობს, რომ ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭირონ „პოლიტიკური სტაბილურობით დაინტერესებულმა“ სხვა ძალებმაც და ეს ერთგვარი ტესტიც იქნება.
მცდელობა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის
„თუ 2020 წლის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო და რაღაცნაირად მოხდა ამ მოგების აღიარება, ის უბრალოდ ვერ მიაღწევს 2024 წლამდე... დაწყებული კრიზისული პროცესი არ შეჩერდება... ხოლო რეალური ცვლილებების პოტენციალი „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე. შესაბამისად, პარტიის ახალ ინიციატივას ის ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობად განიხილავს.
- „ამიტომ "ოცნება" იწყებს წინასწარ ნიადაგის გამაგრებას 2020 წლის არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის და ამბობს, რომ 2024 წლამდე ნებისმიერი ვადამდელი არჩევნები მისთვის ხელსაყრელი შერეული სისტემით ჩატარდება“;
- „ცხადია, აწუხებთ, რა იქნება 2020 წლის შემდეგ - თუ პროპორციული სისტემით ჩატარდება ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე, მაშინ დაკარგავენ ისინი პოზიციებს და ძალაუფლებას“.
ძაბირაძე ახალი ინიციატივის კიდევ ერთ შესაძლო მიზეზს ასახელებს - „ხელისუფლება ამავე დროს ცდილობს ყურადღების გადატანას სხვა მიმართულებით, რადგან ქვეყანაში პრობლემები მხოლოდ იზრდება“.
„ქართული ოცნების“ ინიციატივას კონსტიტუციაში ასახვის არანაირი პერსპექტივა არა აქვს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი, „შენების მოძრაობის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე, ე.წ. გერმანული მოდელის ძირითადი ავტორი.
ხმალაძე ფიქრობს, რომ ინიციატივა უაზრო და არაგონივრულია - „ამაზე სერიოზული მსჯელობაც არ ღირს“.
მისი თქმით:
- „ამ ცვლილების კონსტიტუციაში შეტანის მექანიზმი არც დღეს არსებობს, არც დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში იქნება და არც მომდევნო პარლამენტში გაჩნდება ამის შანსი“;
- „ეს (ინიციატივა) ეწინააღმდეგება კონსტიტუციის იმ ნორმასაც, რომელიც ამბობს, რომ: არც კანონით და არც კონსტიტუციით არ შეიძლება წარმომადგენლობითი ორგანოს (პარლამენტის) ვადის ან გაზრდა, ან შემცირება...“;
- „ამ ცვლილებას ესაჭიროება ¾-იანი უმრავლესობა (ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა) და მხარდამჭერების ამ რაოდენობას ვერ მოუყრიან თავს“.
„ქართული ოცნების“ ასეთი სვლის მიღმა ვახტანგ ხმალაძე ხედავს მიზანს, რომ „რაღაცნაირად მეორე პლანზე გადავიდეს ის მაგიდა, რომლის გარშემოც ლაპარაკია 2020 წლის არჩევნებისთვის „გერმანულ მოდელზე“ გადასვლაზე და მრავალმანდატიანი ოლქების შემოღებაზე... რასაც ვერ მიაღწევენ“.
„ბჟუტური“, „ბოდვა“, „სირცხვილი“ - რეაქციები
„ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული იმავე სპექტაკლის ნაწილად განიხილავს, რომელშიც ივანიშვილი მაჟორიტარი დეპუტატების დახმარებით მოქმედებს.
- „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ჯერ „მოდელირებული ამბოხი“ შესთავაზა (დიმიტრი ხუნდაძისა და სხვების მონაწილეობით), შემდეგ - „მოდელირებული მოლაპარაკებები“, „მოდელირებული დებატები“ და ახლა კონსენსუსის შესახებაც გამოაცხადა - „საბავშვო ბაღში რომ ბავშვები ერთობიან, დაახლოებით ასეთი დონის გართობასთან გვაქვს საქმე“.
- ინიციატივას „ბჟუტური“ უწოდა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ - „ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" უკიდურესად დასუსტებულია... ფიქრობენ, რა გააკეთონ იმისთვის, რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ“;
- „ეს არის ჩვენი მოსახლეობის მასხრად აგდება კიდევ ერთხელ... ეს არის სირცხვილი და სრული ბოდვა...“, - განაცხადა მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.
ინიციატივამ აღაშფოთა დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა 14 ნოემბერს, სწორედ პროპორციული არჩევნების საკითხის ჩავარდნის შემდეგ დატოვა.
ჩუგოშვილისთვის მიუღებელია, რომ:
- 2020 წლის არჩევნებისთვის გარკვეული დათმობების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ პრობლემები არ შეექმნას 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით გამართვის შემდეგ;
- „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს აკეთებს საზოგადოებაში ყველას აზრის იგნორირებით „უცნაური პროცესების ფონზე, რომლის მიმართ დამაჯერებლობა საერთოდ არ არსებობს“;
- უკვე „სერიოზული რისკების და კითხვის ნიშნების ქვეშ“ დგება 2017 წლის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომ 2024 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, კრიზისის გამოწვევა შეუძლია მხოლოდ არჩევნების გამართვას უსამართლო სისტემით. შესაბამისად, ის არ აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას პარლამენტში.