მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკვე კონკრეტული თვეები - დეკემბერი და იანვარი დაასახელეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების მოლოდინი ბევრად უფრო რეალისტური გახდა. ხელისუფლება ამ სათადარიგო გეგმას მხოლოდ პანდემიის მეორე ტალღის ალბათობით ხსნის, თუმცა ამ საკითხზე დისკუსიას პოლიტიკური შემადგენელიც აქვს.
რა ვითარებაში შეიძლება გადაიდოს არჩევნები და რამდენად გათვლადია ასეთი გადაწყვეტილების მართებულობა? არის ეს თადარიგი უსაფრთხოებისთვის თუ პოლიტიკური ინტერესებისთვის? ვის აწყობს და არ აწყობს არჩევნების გადადება?
გადაიდება და როდემდე?
თუკი შემოდგომაზე COVID19-ის პანდემიის მეორე ტალღა გავრცელდება, ეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას გააჩენს; საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი - არჩევნები ოქტომბერში ვერ ჩატარდება და კონსტიტუციის შესაბამისად, დეკემბერში ან იანვარში გაიმართება - ასეთია „ქართული ოცნების“ სათადარიგო გეგმა.
ჯერ ეს ყველაფერი „იმედის“ ეთერში ბევრისთვის მოულოდნელად და ძალიან ვრცლად განმარტა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ - „შეიძლება იყოს ვითარება, როდესაც მაგალითად - საარჩევნო უბნებში პირბადეების ტარებამ და ანტისეპტიკების გამოყენებამ არ მოგვცეს არჩევნების ჩატარების საშუალება “. მისი ვერსია უფრო დეკემბერს უკავშირდება.
კობახიძის თქმით, პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, არჩევნების პირველი ტური თუ არა, მეორე ტურები მაინც გადავადდება:
- "აცივებასა და ფანჯრების დახურვის სეზონის დაწყებას უკავშირდება რისკების გაზრდა და, სამწუხაროდ - ეს ემთხვევა დაახლოებით არჩევნების თარიღს (31 ოქტომბერს)";
- „მეორე ტური უწევს ნოემბერში და გარკვეული დამთხვევა გვაქვს... შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება“;
- „ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული... თუ ეს იქნება აუცილებელი, ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები, მაგრამ ჩატარდება დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს“;
- „თუ ოქტომბრის შემდეგ წამოვიდა მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება შეექმნას მეორე ტურს (ეს არის უკვე 21 ნოემბერი).
ოდნავ მოგვიანებით, უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა იანვარიც ახსენა და ასევე განმარტა, რომ - არჩევნები ჩატარება შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ყველაზე ადრე 45 დღეში, ხოლო ყველაზე გვიან 60 დღეში. თუმცა ეს მინიმალური დაგვიანების პროგნოზია.
თუკი მსოფლიოში მოსალოდნელი მეორე ტალღა საქართველოს საერთოდ წამოეწია, სავარაუდოდ, არჩევნები ვერც დეკემბერ-იანვარში ჩატარდება. ვირუსოლოგი მაია ბუწაშვილი გვეუბნება, რომ, ზოგადად, ზამთარში თავად ვირუსი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს და ფონიც უფრო ხელსაყრელი აქვს.
„ზამთრისთვის კიდევ უფრო ვშიშობთ იმას, რომ რადგან სეზონურ გრიპი გარდაუვალია, ამ ორი ეპიდემიის ზედდება არ მოხდეს და უფრო არ გაართულოს სიტუაცია... დეკემბერი და იანვარი შესაძლოა კიდევ უფრო რთული იყოს, ვიდრე ოქტომბერი... რთული პერიოდი მარტის ჩათვლით გრძელდება“.
ოპონენტების დარწმუნება არ იქნება იოლი
მოსალოდნელი, მწვავე რეაქცია ჰქონდა ოპოზიციას. რეალური საფრთხის შემთხვევაში, ცხადია - აკრძალვებს არავინ შეეწინააღმდეგება, მაგრამ ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლება სათავისო სცენარს გეგმავს:
- „ხელისუფლებას უკიდურესად ეშინია მოახლოებული არჩევნების, ამიტომ არ მიკვირს, რომ საუბარი დაიწყო არჩევნების შესაძლო გადადებაზე... პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები და პანდემიას საქართველოს კონსტიტუციის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასარღვევად ვერავითარ შემთხვევაში ეს ხელისუფლება ვერ გამოიყენებს“ - სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“.
- „ამის წინაპირობა ახლა არ არსებობს. ამიტომ გაუგებარია, რატომ დაიწყეს ახლა ამაზე საუბარი. არჩევნების თარიღის რეალური საფუძვლის გარეშე გადაწევა არის ძალაუფლების უზურპაცია. თუკი ივანიშვილი ან მისი გარემოცვა რაიმე არარეალური საბაბით დააპირებენ ძალაუფლების უზურპაციას, ეს მათ არათუ ვერ გადაარჩენს, არამედ ბოლომდე დაღუპავს, მაგრამ ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი“ - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი რეიტინგის მიხედვით იმოქმედებს და, საჭიროების შემთხვევაში, მეტი ინფიცირებულს უფრო ფართო ტესტირების გზით გამოავლენს.
თუკი არჩევნები გადაიდება, კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობის მხრივ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, - გვეუბნება კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია. თუმცა მისი შეფასებით, საყურადღებოა ამ გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთებისა და კონსენსუსის საკითხი.
„აუცილებელია დიალოგი პოლიტიკურ ოპონენტებთან იმისთვის, რომ პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ მზად ამისთვის... საჭიროა მათგანაც მიიღოს ხელისუფლებამ მხარდაჭერის მანდატი - არჩევნები ყველას ეხება და ეს მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის.
პრობლემა იქნება განცდა, რომ არჩევნების გადადება ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ეს არ გამოეპარებათ საერთაშორისო პარტნიორებს და კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება, თუკი არჩევნების შედეგებზე გათვლით, არ იქნება მხედველობაში მიღებული საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია“.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სრული კონსენსუსის შედეგად, თუმცა ერთი თვის შემდეგ, გახანგრძლივებას მხარი აღარ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა.
ხელისუფალება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები
პანდემიის მიზეზით მსოფლიოში რამდენიმე ათეული სხვადასხვა დონის არჩევნები გადაიდო და პროცესი საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ევროსაბჭო აფრთხილებს წევრ ქვეყნებს, რომ ყოველი ნაბიჯი მხოლოდ უსაფრთხოების გამო, ინფორმირებისა და ხალხთან შეთანხმების საფუძველზე უნდა გადაიდგას.
განსაკუთრებით საფრთხილოა ამა თუ იმ ხელისუფლების ცდუნება - უსაფრთხოების ეგიდით შეავიწროვოს ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პროცესები, რაც მაგალითად - რუსეთში ხდება.
პოლიტოლოგი გია ნოდია გვეუბნება, რომ უსაფრთხოების აუცილებლობაზე არავინ დავობს და ხელისუფლებას მეორე ტალღისთვის აუცილებელი გეგმაც უნდა ჰქონდეს. მაგრამ ყველაფერი ნათელი უნდა იყოს და ნაკლებად საყურადღებო არც ხელისუფლების ინტერესია.
„ამ ეტაპზე ხელისუფლებას არ აწყობს არჩევნების გადადება, რადგან კორონავირუსის გავრცელებასთან შედარებით წარმატებული ბრძოლის გამო მიღებული დივიდენდები უვადო არ არის და რაც მალე გამოიყენებს ამ დივიდენდებს მით უკეთესია მისთვის...
მაგრამ არავინ იცის, როგორი იქნება საზოგადოებრივი აზრი ოქტომბრის დასაწყისისთვის. ამიტომ ხელისუფლებას აწყობს - ჰქონდეს ეს სათადარიგო სვლა და საზოგადოებაც შეამზადოს ამისთვის“.
გია ნოდიას თქმით, გაურკვევლობაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს:
„ოპოზიციური პარტიების რესურსები გაცილებით უფრო შეზღუდულია და თუკი მთელი ფული დახარჯეს ოქტომბრამდე, ოქტომბერში არჩევნების გადადება უფრო მტკივნეული დარტყმა იქნება ოპოზიციისთვის“.
15 ივნისს, როდესაც კახეთში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებოდა, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას არჩევნების გადადების საკითხი არ უხსენებია. მან თქვა, რომ არჩევნები "ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა", თუმცა მთავრობა მუშაობს და შეძლებს, რომ "არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული".
სად არის სახიფათო ზღვარი?
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს, კორონავირუსის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლების ფონზე გამოცხადდა და ამ სვლას ხელისუფლება დღემდე წარმატების მთავარ წინაპირობად თვლის.
- 26 თებერვლიდან - 20 მარტამდე საქართველოში სულ 44 შემთხვევა იყო გამოვლენილი;
- უშუალოდ 20 მარტს შემთხვევათა რიცხვი - 2 იყო, 21 მარტს - 3; 22 მარტს კი - 7.
არჩევნების გადადების დისკუსიის ჭრილში გაჩნდა შეკითხვა - შესაძლებელია თუ არა საგანგებო მდგომარეობა ისევ ერთეული შემთხვევების ფონზე გამოცხადდეს? როგორია დღიური მაჩვენებლის ზღვარი, რომლის შემდეგაც შესაძლოა ხელისუფლებამ საგანგებო ზომების მიღების საჭიროებაზე იფიქროს?
თუკი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მოვუსმენთ, აუცილებელი სულაც არ არის, რომ საქართველოში მეორე ტალღა დაიწყოს. მისი თქმით, არაფერი მოხდება, თუკი მაგალითად, კაფე/ბარებში, პარკებსა და პლაჟებზე ფრთხილად ვიქნებით - „თუკი ავიშვით და ისეთივე თავისუფლება გვექნება, როგორიც შარშან, რა თქმა უნდა არის რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების“.
- „თუ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც კიდევ სხვა ღონისძიებებს“;
- „ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილება მისაღები - საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თუ არ გახდება“.
მაია ბუწაშვილი გვეუბნება, რომ არ დასახელებულა ინფიცირების შემთხვევების ზუსტი დღიური მაჩვენებელი, რომელიც შესაძლოა სახიფათოდ ჩაითვალოს ჯანდაცვის რესურსზე (საწოლების რაოდენობა, სასუნთქი აპარატების რაოდენობა) გათვლით.
ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ „ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე“ უნდა ვიფიქროთ, თუკი შემთხვევების რიცხვი დღეში 50-70-ს მიაღწევს.