Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჭავჭავაძე - მარად ახალგაზრდა ლიდერი ეროვნული მოძრაობიდან


ზურაბ ჭავჭავაძე მეუღლესთან, შვილთან და მამასთან ერთად
ზურაბ ჭავჭავაძე მეუღლესთან, შვილთან და მამასთან ერთად

5 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძეს 70 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი 1989 წლის 21 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა, იმ ავარიიდან ორიოდე თვის შემდეგ, რომელსაც მერაბ კოსტავა ემსხვერპლა.

ზურაბ ჭავჭავაძე 1953 წლის 5 თებერვალს, თბილისში დაიბადა. ზურაბის მამა ნიკოლოზ ჭავჭავაძე ოცდაათი წელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ის მოაზროვნეთა იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომლებიც ქართულ ფილოსოფიურ აზრს მარქსიზმ-ლენინიზმისგან განცალკევებულად ხედავდნენ.

ზურაბი ქიმიკოსი იყო, მომავალი მეუღლეც ქიმიის ფაკულტეტზე გაიცნო. მესამე კურსზე დაქორწინდნენ.

„უკეთილშობილესი ადამიანი... გარეგნულად ცხოვრებაში ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე სურათებზეა, - იხსენებს მისი მეუღლე ნანა ჭავჭავაძე, - ქიმიის ინსტიტუტში მუშაობდა, დისერტაციაც დაიცვა, მაგრამ მერე საპატრიარქოში გადავიდა რეფერენტად. სტიქაროსანიც იყო სიონში. ზურას ძალიან დიდი სამეგობრო წრე ჰყავდა, ეროვნულ მოძრაობაშიც ასე მოხვდა“.

ზურაბ და ნანა ჭავჭავაძეები
ზურაბ და ნანა ჭავჭავაძეები

მოგვიანებით ზურაბ ჭავჭავაძე ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში შევიდა.

„პირველად მგონი ილიაობაზე გამაცნეს სვეტიცხოველში, - ჰყვება საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე, - ხუმრობდა, ეს ორგანიზაცია ჩემი ნათესავი გამოდისო. ძალიან დავმეგობრდით. მასთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო, კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. თავისი ბუნებით, კრეატიული აზროვნებით გამოკვეთილი ლიდერი იყო, რაც მთავარია, ქვეყნისა და ადამიანის სიყვარულის გამო ჩაერთო ამ საქმეში“.

დროთა განმავლობაში ეროვნული მოძრაობის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ეს დაპირისპირება ილია ჭავაჭავაძის საზოგადოებასაც შეეხო. განხეთქილებას იწვევდა როგორც ქვეყნის განვითარებაზე განსხვავებული შეხედულებები, ასევე რადიკალიზმი და უნდობლობა. მაშინ ბევრი ეჭვობდა, რომ ესა თუ ის ადამიანი მათთან სუკ-ის მიერ იყო შეგზავნილი. ზურაბ ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია და ედპ-ის ლიდერი გიორგი ჭანტურია ერთმანეთის საწინააღმდეგო ბანაკებში აღმოჩნდნენ, ამას ე.წ. ღირსების სასამართლოც მოჰყვა, რომელზეც ჭანტურიამ ჭავჭავაძეს გამოუცხადა, სუკ-ის აგენტი ხარ და შუბლს გაგიხვრეტო.

„ზურას მიაჩნდა, რომ პოლიტიკაში არანაირი ამორალური მეთოდი არ უნდა გამოიყენებოდეს, არანაირი ცილისწამება არ უნდა იყოს, არადა თავად გახდა ცილისწამების მსხვერპლი“, - ამბობს თამარ ჩხეიძე.

ზურაბ ჭავჭავაძე და „ღირსების სასამართლო“
please wait

No media source currently available

0:00 0:55:03 0:00

ავარია ბორითთან

1989 წელს ეროვნული მოძრაობის ყველაზე ცხელი დღეები იდგა. სექტემბერში თამარ ჩხეიძე, მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე ქუთაისში მანქანით გაემგზავრნენ. იმ ღამეს იქ დარჩნენ. მათი ერთ-ერთი მასპინძელი ლამარა აბჟანდაძე ამ სტუმრობას იხსენებს:

„ჩემი ძმა ანზორ აბჟანდაძე ზურასთან ერთად მუშაობდა. ქუთაისში ერთად ჩამოვიდნენ. ანზორი, რა თქმა უნდა, ჩემთან დარჩა ღამე. თამარიც ჩემთან დარჩა. ზურაბ ჭავჭავაძეს ახლობელი ჰყოლია ქუთაისში და ის და მერაბი მასთან იყვნენ. თამარი მართალია, ჩემთან მოვიდა, მაგრამ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ოთახიდან ოთახში დადიოდა. დილაუთენია დაჯდა საჭესთან, მერაბი და ზურაბი ჩაისვა და თბილისში წავიდნენ. რამდენიმე საათში გავიგეთ, რომ ავარია მოხდა“.

13 ოქტომბერს, პარასკევ დღეს სოფელ ბორითთან მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად მერაბ კოსტავა ადგილზევე დაიღუპა, თამარ ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძე დაშავდნენ, ზურაბი მძიმედ. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„34 წელია ვფიქრობ და მაინც არ ვიცი. გამოძიებაც შეწყდა რატომღაც, ვერაფერი დადეს. მინდა ვიფიქრო, რომ უბედური შემთხვევა იყო“, - ამბობს ნანა ჭავჭავაძე და იმ დღეებს იხსენებს, როდესაც ზურაბს ნევროლოგიის ინსტიტუტში მკურნალობდნენ, - „მუდმივად იქ ვიყავი. ყველაფრის მოწმე ვარ, რაც იქ ხდებოდა. საჭმელს მე ვუგზავნიდი რეანიმაციულში. ძალიან ძლიერი დაზიანება ჰქონდა - თავის ფუძის მოტეხილობა. უამრავი წამლით მკურნალობდნენ. ვფიქრობ, ორგანიზმმა ვერ გაუძლო და ღვიძლი დაიშალა. ავარიიდან მე-60 დღეს გარდაიცვალა. გაკვეთა ჩაუტარეს თუ არა, არ ვიცი, ეს უკვე აღარ მაინტერესებდა“.

მერაბ კოსტავა
მერაბ კოსტავა

თამარ ჩხეიძეს დღემდე არც ის სჯერა, რომ ავტოავარია უბედური შემთხვევა იყო და არც ის, რომ ზურაბს ჰეპატიტი საავადმყოფოში შემთხვევით დაემართა. ამბობს, რომ ზურაბ ჭავჭავაძე იყო ინტელექტუალი ადამიანი მორალური პრინციპებით ანუ პოლიტიკოსის ის ტიპი, რომლის არსებობა კრემლის ინტერესებში არ შედიოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მერაბ კოსტავაზე, ვისი როლიც ეროვნულ მოძრაობაში შეუფასებელია. ჩხეიძეს სჯერა, რომ კრემლს ხელს არ აძლევდა, ეროვნული მოძრაობა კონსტრუქციული ყოფილიყო და უთანხმოებები ლიდერებს მოლაპარაკებების გზით გადაეჭრათ.

„თუ სამივე ერთად დავიღუპებოდით, გეგმას ასი პროცენტით შეასრულებდნენ. ისე, მეორე მანქანამ ზუსტად იმ ადგილას დაარტყა, სადაც მერაბ კოსტავას თავი იყო. არ ვიცი, ამის გათვლა შეიძლებოდა თუ არა, - ამბობს თამარ ჩხეიძე, - საერთოდ ზურა იყო ხოლმე საჭესთან, მაგრამ წინა დღეს ორიოდე ჭიქა დალია და უკან იჯდა. მერაბმა ტარება არ იცოდა, არც ჰყოლია მანქანა არასოდეს. ზურამ რამე დაინახა თუ არა, არ ვიცი. უკვე გამოდიოდა მდგომარეობიდან, როცა ხელოვნურად შეყარეს ჰეპატიტი, იმ ტიპის, რომელიც ნემსით შეიძლება შეიყვანო ორგანიზმში“.

მოგვიანებით თომა ჩაგელიშვილმა ავტოკატასტროფის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა, მაგრამ გადაჭრით მაინც ვერაფერი დაადგინა.

„მაშინ ძალიან სკრუპულოზურად ვიმუშავეთ ამ თემაზე, ექთნებიც ვნახეთ, იმ მანქანის მგზავრებიც, რომლებსაც შეეჯახნენ... ჩემი შეხედულება არის, რომ ეს იყო შემთხვევითობა, მაგრამ გადაჭრით რამის მტკიცება მაინც შეუძლებელია“, - ამბობს ჟურნალისტი.

მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირს ყოველთვის ჰქონდა მისთვის არასასურველ პირებთან ანგარიშსწორების გამოცდილება, 1989 წელს კი საქართველო ოფიციალურადაც ჯერაც საბჭოთა კავშირში იყო. „სოვლაბის“ წარმომადგენელი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ ტოტალიტარული სახელმწიფოს სპეცსამსახური ყოველთვის ცდილობს, თავიდან მოიშოროს ადამიანები, რომლებიც რეჟიმს ხელს უშლიან, თან ისე, რომ ეს უბედურ შემთხვევას ჰგავდეს, მაგალითად, ავტოკატასტროფას, ავიაკატასტროფას, ავადმყოფობით სიკვდილს ან საერთოდ თვითმკვლელობას.

ზურაბ ჭავჭავაძე დაკრძალეს ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, რომელიც ჭავჭავაძეების საგვარეულო ტაძრად მიიჩნევა. 2016 წელს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG