დღეს დასრულდა 10-დღიანი ვადა, რომელიც დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებმა ხელისუფლებას მისცეს მოთხოვნების შესასრულებლად. 11 ოქტომბერს მათ ხელფასების გაზრდა მოითხოვეს და ვადა დაასახელეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეიდან გაფიცვას გეგმავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა არ შესრულდა, დასაქმებულებმა რეაგირებისთვის ვადა1 ნოემბრამდე გაზარდეს.
1 ნოემბერს მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დაიხურება. არც ერთი დამთვალიერებელი არ შემოვა. ამით ჩვენ გავაგებინებთ, რომ ჩვენც გვინდა არსებობა და ნორმალური ხელფასი...ელზა ზოდელავა
ხელფასით უკმაყოფილოები მუზეუმის ეზოში დღესაც შეიკრიბნენ. განმარტეს, რომ ზეპირ მოთხოვნებს უკვე სამართლებრივი ფორმა მისცეს და ოფიციალური განცხადება შეიმუშავეს, რომელსაც ხელს 34 თანამშრომელი აწერს. სულ მუზეუმში 38 ადამიანი მუშაობს, მაგრამ დანარჩენები შვებულებაში არიან. მათი მტკიცებით, განცხადება უკვე გადაეგზავნა განათლებისა და კულტურის სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის აპარატს და მუზეუმის დირექციას ადგილზე.
„1 ნოემბერს მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დაიხურება. არც ერთი დამთვალიერებელი არ შემოვა. ამით ჩვენ გავაგებინებთ, რომ ჩვენც გვინდა არსებობა და ნორმალური ხელფასი“, - აცხადებს მუზეუმის ერთ-ერთი გიდი, ელზა ზოდელავა.
ზუგდიდის მუზეუმში მეთვალყურის ხელფასი 244 ლარია, ექსკურსიამძღოლის - 280, ფონდის მცველს კი 330 ლარს უხდიან. დირექტორის მოადგილის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.
დადიანების ეზოში შეკრებილების თქმით, მიუხედავად დაბალი ხელფასებისა, მათ აქტიური მუშაობა უწევთ და ყოველდღიურად ემსახურებიან დამთვალიერებლებს. ამბობენ ასევე, რომ რაკი იციან რა ზიანი შეიძლება მიადგეს გაფიცვით მუზეუმს, ცდილობენ პრობლემა უმტკივნეულოდ, კანონის ფარგლებში გადაწყვიტონ და ამის შესაძლებლობას აძლევენ ხელისუფლებასაც.
ხელფასით უკმაყოფილოები არ იზიარებენ კულტურის სამინისტროს მიერ მათ მოთხოვნაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ სამინისტრო მუშაობს მუზეუმების ინსტიტუციურ განვითარებზე, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რათა მათ თავად შეძლონ დამატებით თანხების მოზიდვა და ხელფასების გაზრდა.
მუზეუმის ექსკურსიამძღოლის, ნანა აბულაძის, თქმით, რაც ინფრასტრუქტურულად კეთდება, ხედავენ, მაგრამ ეს შრომის ანაზღაურებაზე არ აისახება.
„ბოტანიკურ ბაღსა და ნიკოსეულ სასახლეში მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები... ეს არ არის მარტო სამეგრელოს საქმე, ეს არის ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაკადი და მადლობა ამისთვის, მაგრამ, მე მგონი, ეს ხელფასზე არანაირად არ აისახება“, - განაცხადა ნანა აბულაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლების მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება 11 ოქტომბერს უკვე გაკეთდა. უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მუზეუმების გაძლიერებისა და განვითარების მიმართულებით.
სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ონიანის მანამდე გაკეთებული განცხადების თანახმად, სამინისტრო მუშაობს მუზეუმების ინსტიტუციურ განვითარებაზე, რაც თავად მუზეუმსაც შეაძლებინებს მოიზიდოს დამატებითი სახსრები.
ნიკოს სასახლეში განახლდება ექსპოზიცია, რისთვისაც სამინისტრომ 70 ათასი ლარი გამოყო. და ეს განახლებული ექსპოზიცია დამთვალიერებელთა მიღებას შეძლებს უკვე 2020 წლის გაზაფხულიდან...თეა ონიანი
სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მაგალითად, მიმდინარე წელს საკუთარი შემოსავლებიდან მიღებული 135 ათასი ლარიდან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 29 ათასი ლარი და თუ მუზეუმის შემოსავალი იქნება მზარდი, რაც აუცილებლად იქნება განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში, ეს აისახება ხელფასებზეც.
"გასულ წელს ნიკოს სასახლის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მიმდინარე წელს იგეგმება ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება. ნიკოს სასახლეში განახლდება ექსპოზიცია, რისთვისაც სამინისტრომ 70 ათასი ლარი გამოყო. და ეს განახლებული ექსპოზიცია დამთვალიერებელთა მიღებას შეძლებს უკვე 2020 წლის გაზაფხულიდან", - განაცხადა თეა ონიანმა.
თავის მხრივ, მუზეუმის თანამშომლები ამბობენ, რომ სამართლებრივ კონსულტაციას გადიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რათა მათი გაფიცვა, რომელსაც 1 ნოემბრიდან გეგმავენ, შრომით ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში იყოს.