Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აქვს უფლება ჩარაზოს ჯვარი?


16 იანვრის დილას ახსნა ბოქლომი ჯვრის მონასტერს წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა და გაიღო მონასტერი ორდღიანი ჩარაზვის შემდეგ. კონფლიქტი, რის გამოც, 14 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ჯვრის მონასტერი დაიხურა, სასულიერო პირთა განმარტებით, რამდენიმე წელს ითვლის და ის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთა საქმიანობას უკავშირდება. მონასტრის წინამძღვარი და სასულიერო პირები თვლიან, რომ გარემოვაჭრეები, რომლებიც ტერიტორიაზე საქმიანობენ, ჯვრის მონასტრის იერსახეს ამახინჯებენ. ამიტომ ისინი მოითხოვენ გარემოვაჭრეთათვის სხვა ტერიტორიის გამოყოფას.

საქართველოს საპატრიარქომ 15 იანვრის საღამოს დაარღვია თითქმის 36 საათიანი დუმილი ჯვრის მონასტრის დახურვის თაობაზე და თქვა, რომ საპატრიარქო გაგებით ეკიდება ხალხის გაჭირვებას, იმას, რომ ისინი „ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ“, მაგრამ ისიც თქვა, რომ ის გარემო, რომელსაც გარემოვაჭრეები მონასტრის გარშემო ქმნიან მიუღებელი და უხერხულია: „სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც. ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.“

„21-ე საუკუნის საქართველო“ - ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოვაჭრეები, ამბობენ, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და შეზღუდვა მათ ოჯახებს ულუკმაპუროდ დატოვებს.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ბოქლომდადებულმა ჯვრის მონასტერმა საზოგადოებაში გააჩინა, უკავშირდება მონასტრის წინამძღვრის რადიკალურ გადაწყვეტილებას დაეხურა მონასტერი მომლოცველებისა და ტურისტებისათვის. ჰქონდა კი მას უფლება ჩაერაზა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კარი?

რას ამბობს კანონი და წინამძღვრის გადაწყვეტილება?

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 29-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დგინდება მომეტებული საჯარო ინტერესების მქონე ძეგლთა ნუსხა და მათზე მესაკუთრის მიერ საზოგადოების დაშვების წესი. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ ძეგლებზე საზოგადოების დაშვების წესი დგინდება მესაკუთრესთან წინასწარი შეთანხმებით; უთანხმოების შემთხვევაში რელიგიურ უფლებებს აქვს უპირატესობა ძეგლებზე საზოგადოების დაშვების უფლებასთან შედარებით.

თამთა მიქელაძე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი რადიო თავისუფლებას განუმარტავს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 29-ე მუხლსა და ამ მუხლის მიხედვით, ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაწყვეტილების ლოგიკურობას. ანუ, რამდენად მოდის კანონთან შესაბამისობაში კონსტანტინე ჯინჭარაულის არგუმენტები მონასტრის დახურვის შესახებ.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინამძღვრის გადაწყვეტილება არ იყო ლეგიტიმური...

თამთა მიქელაძე ამბობს, რომ კანონის თანახმად, წინამძღვრის არგუმენტები, რის გამოც მან მონასტერი დახურა, მის გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს ხდის. თამთა მიქელაძის თქმით, საზოგადოებამ, სახელმწიფომ, ეკლესიამ, პირველ რიგში, უნდა გაიაზროს, რომ მონასტერი, კონფესიური ძეგლი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს, არის არა მხოლოდ კონფესიური ობიექტი, არამედ ის არის მაღალი საჯარო ინტერესისა და წვდომის მქონე ისტორიული ძეგლი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით არ მიმდინარეობდეს მსჯელობა:

„კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ განსაზღვრავს ძეგლის შესწავლა-დათვალიერებისა და მათ შორის საზოგადოების დაშვების წესს და ის სპეციალურ რეგულაციას ადგენს კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე, მერვე და მეცხრე მუხლებით გათვალისწინებულ ძეგლებზე. დაშვების წესი კი დგინდება მესაკუთრესთან წინასწარი შეთანხმებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით არსებობს თუ არა რაიმე შეთანხმება სახელმწიფოსა და მონასტერს შორის, რადგან ამაზე არცერთი მხარე არ ლაპარაკობს. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად, თუკი ობიექტზე საზოგადოების დაშვებასთან დაკავშირებით წარმოიქმნება კონფლიქტი, მაშინ უთანხმოება წყდება რელიგიური უფლებების სასარგებლოდ. მცხეთის ჯვრის მონასტრის დახურვის შემთხვევაში კი სასულიერო პირების მიერ გაცხადებული არცერთი არგუმენტი რელიგიური თავისუფლების საკითხს არ უკავშირდება. სასულიერო პირები ლაპარაკობენ იმაზე, რომ არსებობს გარევაჭრობის პრაქტიკა, რომელიც იწვევს დაბინძურებას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამიტომ გადაწყვიტეს მონასტრის დაკეტვა.

მართალია, კანონის თანახმად, წინამძღვარს რელიგიის თავისუფლების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მონასტრის ტერიტორიაზე საზოგადოების დაშვების შეზღუდვის კანონიერი უფლება აქვს, მაგრამ რადგან ჯვრის მონასტრის შემთხვევაში, ეკლესია ვერ ასაბუთებს რელიგიის თავისუფლების დაცვის ინტერესს და არგუმენტად მოაქვს გარემოვაჭრეები და მიმდებარე ტერიტორიის იერსახე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინამძღვრის გადაწყვეტილება არ იყო ლეგიტიმური და ამ შემთხვევაში, უპირატესი იყო საზოგადოების უფლება, რომ ჰქონოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება“, - ამბობს თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

რა ბედი ელით გარემოვაჭრეებს?

პირველ რიგში უნდა ითქვას, სახელმწიფო მტკიცედ ეთანხმება ჯვრის მონასტრის წინამძღვრისა და საპატრიარქოს მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია უნდა მოწესრიგდეს და გარევაჭრობა, მათი თქმით, ცივილურ ჩარჩოებში ჩაჯდეს.

ასე ფიქრობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი: „ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება, ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, არსებული ვითარება მოწესრიგდება“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარების გამო, სააგენტოს არაერთი შენიშვნა და რეკომენდაცია აქვს მიღებული იუნესკოსგან: „ცხადია, აქ გასათვალისწინებელია გარემოვაჭრეთა სოციალური მდგომარეობა, რომელსაც ცხადია, იუნესკოც ითვალისწინებს, მაგრამ იქვე გვეუბნება რეკომენდაციის სახით, რომ ეს მოსაგვარებელი პრობლემაა. „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე მუშაობს ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცისა და ავტოსაპარკინგე მეურნეობის თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობას. ეს სივრცე მოეწყობა სხვაგან, თუმცა, ისევ მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი, რომელიც 2-3 წელიწადში განხორციელდება, მუშავდება იუნესკოს სპეციალისტების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით“.

რაც შეეხება პრობლემის მოკლევადიან გადაწყვეტას, ანუ სასულიერო პირებისა და გარემოვაჭრეების შორის არსებული კონფლიქტის დარეგულირებას, სააგენტო ამ სიტუაციის მოწესრიგებას მცხეთის მუნიციპალიტეტს ავალებს.

​გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი ოცი „ცივილიზებული დახლი“ უკვე ორი წელია აწყვია მცხეთის მერიის ეზოში, ეუბნება რადიო თავისუფლებას მცხეთის მერი გოგიტა კაპანაძე. მისი თქმით, დახლებს იმავე წუთას აიტანენ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც კი ჯვრის მონასტრის წინამძღვარი თანხმობას იტყვის. საქმე იმაშია, რომ მერის თქმით, მოწესრიგებული დახლები სწორედ იმავე ტერიტორიზე უნდა განთავსდეს, სადაც გარემოვაჭრეები დღეს საქმიანობენ. მცხეთის ჯვრის წინამძღვარი კი გარემოვაჭრეთა სხვა ტერიტორიაზე გადაყვანას ითხოვს: „მე არ მინდა, რომ გარემოვაჭრეებს რაიმე პრობლემა შევუქმნა, გავუშვა სახლში და დავტოვო ულუკმაპუროდ. ამას მე ვერ გავაკეთებ. გარემოვაჭრეები თანახმანი არიან, რომ განთავსდნენ ახალ დახლებზე. ამ ეტაპზე, დახლები უნდა განლაგდეს იმავე ტერიტორიაზე. მე ახლა ველოდები ჯვრის მონასტრის წინამძღვრის თანხმობას. ავალთ, ვნახავთ, სავარაუდოდ, კულტურის სამინისტროდანაც უნდა იყვნენ წარმომადგენლებიც“, - ამბობს გოგიტა კაპანაძე.

მისივე თქმით, გარემოვაჭრეები, რომლებიც წლებია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობენ, არანაირ პრობლემას არ უქმნიან არც სასულიერო პირებსა თუ მონასტერს და არც იქ მისულ დამთვალიერებლებს: „გარევაჭრობა ხორციელდება ავტოსადგომის ქვედა ტერიტორიაზე. ეს ტერიტორია საკმაო მანძილითაა დაშორებული მონასტრისგან. მონასტრის ეზოს კი არა, ავტოსადგომსაც არავის ეხება. სწორედ ამას ვჩივი, რომ თავად მონასტრის გარშემო არანაირ უსახურობას ადგილი არ აქვს“.

მცხეთის ჯვარი ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლია. ქრისტიანობის მიღებისთანავე მცხეთის თავზე მეფე მირიანმა ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს "მცირე ჯვარს" უწოდებენ. VI ს-ის ბოლოს და VII ს-ის დასაწყისში გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს. მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის ეკლესიებისა. მცხეთის ჯვარი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.

XS
SM
MD
LG