Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლოცვა ღაზისთვის“ მარნეულში - როგორ გადაიქცა სოლიდარობის აქცია „ჰამასის“ მხარდაჭერად და ვინ დგას მის უკან


რას აჩვენებს მარნეულის დემონსტრაცია
რას აჩვენებს მარნეულის დემონსტრაცია

„ღმერთი ძალას აძლევს "ჰამასის" ხალხს, რომ იბრძოლონ“ - ერთი კვირის წინ მარნეულში პალესტინელი ხალხისადმი სოლიდარობის აქცია სამხედრო დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდამჭერ, ანტისემიტურ და ანტიდასავლურ დემონსტრაციად გადაიქცა.

მარნეულში ძირითადად საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები, - მეტწილად, შიიტი მუსლიმები, - ცხოვრობენ. აქციის მონაწილეებიც აზერბაიჯანულად აკეთებდნენ განცხადებებს. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, საპროტესტო აქცია, რამაც სოციალურ მედიაში ვნებათაღელვა გამოიწვია, ქვემო ქართლში აზერბაიჯანის გავლენასა და რბილ ძალას დაუკავშირეს.

სინამდვილეში აზერბაიჯანის მთავრობა, თურქეთისგან განსხვავებით, ასე კრიტიკულად განწყობილი არ არის ისრაელის მიმართ. მარნეულელი აქტივისტები კი ამბობენ, ეს დემონსტრაცია იმის დასტურია, რომ ადგილობრივ შიიტ სასულიერო ლიდერებზე ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენაა გაზრდილი.

ამ სტატიაში აგიხსნით:

  • ვინ დაგეგმა მარნეულში დემონსტრაცია, სადაც „ჰამასის“ მხარდამჭერი გზავნილები გაისმა;
  • როგორ ირეკლავს ეს ამბავი „რბილ ბრძოლას“ გავლენებისათვის საქართველოში.

„ლოცვა ღაზისთვის“

31 ოქტომბერს მარნეულში 100-მდე ადამიანი გამოვიდა პალესტინელების მხარდასაჭერად.

სოლიდარობის დემონსტრაცია და მსვლელობა ორგანიზებული იყო: გამოფინეს ნახატები, მიიტანეს დროშები, პლაკატები, პოსტერები წარწერებით „შეაჩერე ისრაელის ტერორიზმი“, „ილოცე ღაზისათვის“, „შეაჩერე გენოციდი“.

დემონსტრაცია ნაშუადღევს, მარნეულში „აზერბაიჯანის სახლის“ მიმდებარე პარკში დაიწყო და სიტყვით გამოსვლებისა და ლოცვის შემდეგ, მსვლელობით გაგრძელდა მერიის შენობისაკენ.

დემონსტრაცია მარნეულში
დემონსტრაცია მარნეულში

დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჰაჯი ჰაჯიევმა თქვა, აქ „ისრაელის სიონისტური რეჟიმის დანაშაულებზე სასაუბროდ“ შევიკრიბეთ, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები გაჩუმებულები არიანო.

ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა - 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ საჰაერო და სახმელეთო რეიდს, რასაც 1400 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. „ჰამასმა“ 200-ზე მეტი ადამიანი აიყვანა მძევლად, მათ შორის - ბავშვები, ქალები და მოხუცები.
6 ნოემბრისთვის, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, - რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს, - მათ მხარეს მსხვერპლი 9700 ადამიანს სცდება.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და ისრაელს ღაზის ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდებენ.

დემონსტრაციის მეორე სპიკერმა, ალი ალიევმა, აშშ-ს „მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტული ქვეყანა“ უწოდა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს - „იმპერიალიზმის ბებერი მეთაური, რომლის ხელიც ურევია მსოფლიოში მუსლიმების სიკვდილში“, ნატოს სხვა ქვეყნებს კი - „მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ტერორისტები“.

„ბაიდენმა თქვა, ჩვენ რუსეთზე და ღაზაზე გავიმარჯვებთო. მე კი აქედან ვამბობ, რომ ვერ გაიმარჯვებთ, ორივეგან დამარცხებულები ხართ“, - განაცხადა მან.

მარნეულის სათემო რადიოს რედაქტორის, კამილა მამედოვას დაკვირვებით, მართალია, მარნეულში აქციაზე ხალხის ნაწილი მუსლიმთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატად იყო გასული, იქ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებით იგი „ჰამასის“ მხარდამჭერ აქციაში გადაიზარდა.

„აქციაზე არ უთქვამს და უფრო ზომიერებას ინარჩუნებდა, მაგრამ მოგვიანებით, ჩვენთან საუბარში ახუნდმა ჰაჯი ჰაჯიევმაც გაიმეორა მეორე სპიკერის, ალი ალიევის რიტორიკა, - თითქოს დასავლური ქვეყნები არიან ტერორისტული ორგანიზაციები“, - ჰყვება ჟურნალისტი.

ვინ არიან ჰაჯიევი და ალიევი?

აქციაზე სწორედ ეს ორი ადამიანი აქტიურობდა: ჰაჯი ჰაჯიევი და ალი ალიევი.

ჰაჯი ჰაჯიევი იმამ ალის მეჩეთის, იგივე წითელი მეჩეთის ახუნდია, - ესე იგი, „მასწავლებელი“, სჯულის მცოდნე.

მან მოუწოდა ორი დღით ადრე მოქალაქეებს, აქციაზე შეკრებილიყვნენ.

„აქციაზე მყოფები ძირითადად კაცები იყვნენ, მათ შორის ბევრნი - ახალგაზრდები. ძირითადად იმამ ალის მეჩეთის მრევლი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კამილა მამედოვა. აქცია ქართულენოვან მედიაში პირველმა მან და მისმა რადიო „მარნეულმა“ გააშუქეს.

მეჩეთი, რომელსაც ჰაჯიევი წარმოადგენს, 1739 წელს აშენდა, საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ. შენობა ამორტიზებული იყო და მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1998 წელს აღადგინეს. 2000 წლიდან აღიდგინა რელიგიური ფუნქციაც.

მეორე გამომსვლელი, ალი ალიევი, „კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს“ ყოფილი წარმომადგენელია საქართველოში. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ალიევი 2023 წლის იანვრიდან გათავისუფლებულია სამსახურიდან. თუმცა ის იქ წლების განმავლობაში მუშაობდა - მას 2000-იანი წლებიდან წარმოადგენდა.

ორგანიზაციის შტაბბინა აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში მდებარეობს. მისი თავმჯდომარეა შეიხი ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე.

ფაშაზადე, „კავკასიის მუსლიმები“ და საქართველო

ფაშაზადე უკვე 43 წელია, რაც ამ პოსტზეა. ის ჯერ კიდევ 1980 წელს აირჩიეს „კავკასიის მუსლიმთა სულიერი ადმინისტრაციის“, საბჭოთა პერიოდში მუსლიმთა მაკონტროლებელი ორგანოს, თავმჯდომარედ. 1991 წელს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საბჭოთა უწყება „კავკასიის მუსლიმთა სამმართველო“ გახდა.

2011 წლამდე სწორედ „კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს“ მრევლად მიიჩნეოდნენ ქართველი მუსლიმები, განსაკუთრებით კი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა.

ეს მას შემდეგ შეიცვალა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ შექმნა, - რასაც ფაშაზადე და მისი წარმომადგენელი ალი ალიევი მკაცრად აკრიტიკებდნენ.

მუფტი ალაჰშუქურ ფაშაზადე
მუფტი ალაჰშუქურ ფაშაზადე

ამ ნაბიჯის შედეგად ფაშაზადეს ორგანიზაციამ დაკარგა იურისდიქცია და გავლენა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებსა და სასულიერო პოლიტიკაზე. მუსლიმთა სამმართველოს, თავის მხრივ, მუსლიმი თემის წარმომადგენლები რეპრესიულ პოლიტიკაში სდებენ ბრალს და „კონტროლის პოლიტიკის“ გამო საყვედურობენ.

ამ უხერხული ეპიზოდის გადალახვის შემდეგ, ფაშაზადე საქართველოში ხშირად, თითქმის ყოველწლიურად ჩამოდის, ურთიერთობებს აშენებს და კეთილგანწყობას საჯაროდ გამოხატავს. მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მასპინძლობს ხოლმე.

ბოლო ვიზიტი 2022 წლის ივლისში იყო - იგი მიიღეს საპატრიარქომ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს“ შეიხს 2021 წელს უთანხმოება მოუვიდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ყარაბაღის ომში ირანის როლის გამო, - რასაც აზერბაიჯანის სამთავრობო მედიაში მისი გადადგომის მოთხოვნა მოჰყვა, - მაგრამ თანამდებობა შეინარჩუნა.

ალიევი ფაშაზადეს ნათქვამმა გაანაწყენა, 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის გამარჯვება, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ერთად, ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფატვის დამსახურება იყოო.

ფატვა ამა თუ იმ საკითხზე ისლამური კანონის ან მოსაზრების საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი ძალის მქონე დადგენილებაა.

ეს ის პერიოდია, როდესაც ყარაბაღის ომის შედეგად აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ შეცვლილმა სტატუს-კვომ თეირანსა და ბაქოს შორის ურთიერთობა დაძაბა. ბაქო მგრძნობიარედ აღიქვამდა ყველა სიტყვას, რაც, შესაძლოა, თეირანის სასარგებლოდ ყოფილიყო აღქმული.

ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო გამოცემამ ფაშაზადე აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ ირანის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და „ირანელი მოლების მარიონეტი“ უწოდა.

ეჭვს სავარაუდოდ ისიც აძლიერებდა, რომ შეიხი ულ-ისლამი თავდაპირველად, 1998 წლამდე, - სანამ ერაყში მცხოვრები დიდი აიათოლას, ზომიერად მიჩნეული ალ-სისთანის სულიერ უზენაესობას ცნობდა, - ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ხამენეის აღიარებდა მოძღვრად.

ფუად შაჰბაზოვი, ანალიტიკოსი ბაქოდან, გვეუბნება, რომ ამ რეპლიკის მიღმა, ფაშაზადე პროირანულ რელიგიურ ლიდერად არ მიიჩნევა: „როგორც შიიტი რელიგიური ლიდერი, მოსალოდნელი იყო, რომ შეაქებდა ირანის აიათოლას, რომელიც შიიტი მუსლიმებისათვის გავლენიანი ფიგურაა… ის საბჭოთა ისლამურ სკოლაშია გაწვრთნილი, რაც ნაკლებ შანსს ტოვებს იმისათვის, რომ უცხოური რელიგიური ნაკადის გავლენის ქვეშ იყოს“, - გვეუბნება იგი.

ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზოვი
ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზოვი

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე 2022 წლის ნაშრომში, „ირანი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები“, წერს, რომ ფაშაზადე „ორივე ალიევის [ჰეიდარ და ილჰამ ალიევების] ერთგული მოკავშირე იყო და არის“.

„კავკასიის მუსლიმთა სამმართველომ“ აქციის მეორე დღეს რადიო „მარნეულს“ აცნობა, რომ ალი ალიევს „2023 წლის იანვარში შესაბამისი ბრძანებით საქმიანობა შეუწყდა“, რისი მიზეზიც „დავალებების შესრულების უუნარობა და სამუშაოში დაშვებული შეცდომები“ გახდა. ასე რომ, მისი მოსაზრებები ჩვენი ოფისის პოზიციას არ ასახავსო.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოშიც ამბობენ, რომ აქციაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. „ჩვენი იმამები იქ არ იღებდნენ მონაწილოებას. ეს აქცია სრულიად შეუტყობინებლად ჩატარდა“, - თქვა მუფტმა ეთიბარ ემინოვმა.

აზერბაიჯანის პოზიციები ისრაელ-ჰამასის ომში

ალი ალიევის ძველი კავშირების გათვალისწინებით, - და საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, - შესაძლოა, ივარაუდოთ, რომ აქცია, სადაც საქართველოს დასავლელი პარტნიორების საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოვიდნენ, აზერბაიჯანის გავლენის გამოხატულება იყო.

მაგრამ სინამდვილეში აქციაზე გამოთქმული აზრების სულისკვეთება არ ასახავს აზერბაიჯანის არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ სულისკვეთებას.

ოფიციალურად აზერბაიჯანი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, - განსხვავებით მისი მოძმე სახელმწიფო თურქეთისაგან, რომელიც მკვეთრად პროპალესტინურ პოზიციას იკავებს;

ბოლო პერიოდში ბაქო ისრაელისკენ იხრება კიდეც.

„აზერბაიჯანის მთავრობა მხარს უჭერს დამოუკიდებელი პალესტინის იდეას გაეროს შესაბამისი რეზოლუციებით 1992 წლის შემდეგ. ბაქოში პალესტინის საელჩოსაც კი, შეზღუდული ფინანსური რესურსები აქვს, აზერბაიჯანის მთავრობა ეხმარება. წელს აზერბაიჯანმა გახსნა წარმომადგენლობითი ოფისი რამალაში“, - გვეუბნება ფუად შაჰბაზოვი.

ამავე დროს, ის ამბობს, რომ აზერბაიჯანის სეკულარული მოსახლეობა ისრაელს უჭერს მხარს ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანის დახმარების გამო და მიაჩნია, რომ ისრაელი აწარმოებს ანტიტერორისტულ ოპერაციას საკუთარ ტერიტორიაზე, რაც რადიკალი ისლამისტების პროვოკაციამ გამოიწვია.

ბოლო თვეების განმავლობაში, - როდესაც ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები დაიძაბა, - აზერბაიჯანს ეწვივნენ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ილაი კოენი და იოავ გალანტი. ისრაელმა აზერბაიჯანს 2016-20 წლებში იარაღის მნიშვნელოვანი მოცულობა მიაწოდა - მათ შორის ისრაელური დრონები, - რაც 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის სამხედრო წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო.

ყველაფერი მიუთითებს აზერბაიჯან-ისრაელის მზარდ მოკავშირეობაზე, - რაც, თავის მხრივ, ძლიერ აშფოთებს ირანს. ისრაელი და ირანი, მოსისხლე მტრები, სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებაში საპირისპირო ბანაკებში არიან.

ბაქო-თეირანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ

გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლის გარდა, აზერბაიჯანის სეკულარული ხელისუფლება უფრთხის ირანის ზეგავლენის ზრდას შიიტურ მოსახლეობაში; და როგორც პროფესორი გიორგი სანიკიძე წერს, ლოგიკურად, შიიტური მრწამსი ირანისა და აზერბაიჯანის დაახლოებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბაქოს შიშის გათვალისწინებით, ეს მათ შორის გაუცხოების წყაროდ იქცაო.

აზერბაიჯანი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ებრძოდა ირანულ გავლენებს:

  • 2023 წლის პირველ თებერვალს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 39 რელიგიური პირი, რომლებიც „რელიგიის საფარქვეშ დივერსიასა და საბოტაჟში მონაწილეობდნენ“;
  • ამ ცნობების თანახმადვე, დაკავებულები „ირანის სპეცსამსახურების დავალებით ავრცელებდნენ პროპაგანდას ირანის სასარგებლოდ“ და „აღვივებდნენ რელიგიათაშორის ზიზღს“;
  • 2023 წლის მარტში კიდევ 20 ადამიანი დააკავეს „ირანის ისლამური რესპუბლიკის პროპაგანდის გავრცელებისათვის“.

საქართველოში, სანიკიძის თანახმად, ასეთი წინაღობები ნაკლებად თვალსაჩინოა და „ირანელთათვის მეტი შესაძლებლობები არსებობს ისლამის ირანული ვერსიის, ანუ ისლამური რესპუბლიკის ფასეულობების, პროპაგანდისათვის“.

ირანის ინტერესები და გავლენა ქვემო ქართლში

„მართლაც რელიგიური სენტიმენტები საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აზერბაიჯანში. აზერბაიჯანში ასეთი განწყობები თითქმის არ შეგხვდებათ“, - გვეუბნება შაჰბაზოვი.

მეორე მხრივ, ეთნიკური აზერბაიჯანელები ბევრად უფრო ნაკლებად რელიგიურები არიან, ვიდრე საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა. 2015 წელს მკვლევრების, კობა თურმანიძისა და მარიამ გაბედავას ჩატარებული კვლევის თანახმად:

  • მათი მხოლოდ 10% ესწრებოდა ღვთისმსახურებას მინიმუმ თვეში ერთხელ, როცა დანარჩენ მოსახლეობაში ამგვარ მორწმუნეთა წილი 36%-ს შეადგენდა;
  • ეთნიკურად აზერბაიჯანელთა 68% აცხადებდა, რომ რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა დანარჩენი მოსახლეობისთვის ეს მაჩვენებელი 82%-ს აღწევდა.

მარნეულელი აქტივისტები შენიშნავენ, რომ წლების განმავლობაში რეგიონში ირანის ინტერესები და რბილი ძალის პოლიტიკა ძლიერდებოდა.

„ყველას არ ეხება, მაგრამ ჩვენს რეგიონში რელიგიურ ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარდაჭერა და დაფინანსება აქვთ ირანისგან. ამ ქვეყნის ინტერესები საკმაოდ ჩანს“, - გვეუბნება სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა.

აქტივისტი სამირა ბაირამოვა
აქტივისტი სამირა ბაირამოვა

კვლევების თანახმად, ქვემო ქართლში 90-იან წლებში განათლებისა და კულტურის სფეროებში აქტივობები ირანის საელჩოდან ფინანსდებოდა. და იმას, რასაც კვლევები აღწერს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებს ჟურნალისტი კამილა მამედოვა. ის იხსენებს, რომ ირანი რეგიონში 1990-იან წლებში „რბილი მიდგომებით“ გამოჩნდა:

„მახსოვს, 1990-იანი წლების ბოლოს ჩვენთან ერთი ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვიდა ირანიდან; რომელიც არაბულ ენას ასწავლიდა გოგოებს, პატარა ოთახი ჰქონდა ქალაქში და მაშინვე დიდი ინტერესი გამოიწვია. ცოტა არ იყოს, რომანტიზებულად მივიღეთ… იმ თაობის შვილები ვიყავით, რომლებიც საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა იდეოლოგიაში ცხოვრობდა და რელიგიას არასოდეს არ ჰქონდა ძლიერი გავლენა“.

პირველი ნაბიჯები ასე დაიწყო და გაგრძელდა მედრესეების, - ისლამური სკოლების გახსნითო, იხსენებს მამედოვა. შემდეგ იყო ინტენსიური მიმოსვლა ირანში სასულიერო განათლების მისაღებად, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საზოგადოებაში რელიგიის როლი. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, 1990 წელს გარდაცვლილი ბაბუა კუბოში გვყავს დაკრძალული, მამაჩემი კი ისლამური წესებით, ზეწარში გახვეული, ლოცვის თანხლებითო, - გვიამბობს ჟურნალისტი.

უმაღლესი ისლამური რელიგიური განათლების მიღება საქართველოში ამ დრომდე შეუძლებელია. და სწორედ ამ სიცარიელის ამოვსებას ცდილობდა ირანი - შიიტი აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სწავლის ირანულ რელიგიურ სასწავლებლებში სრული დაფინანსებით.

„ერთი სიტყვით, როგორც ქრისტიანებს ჰქონდათ საბჭოთა პერიოდიდან შემობრუნება, ასევე მუსლიმებს. მაგრამ საბჭოთა პერიოდიდან გამოსვლა და რელიგიის ჩვენს კულტურაში შემოყვანა ირანული გავლენითაც მოხდა“, - ამბობს მამედოვა.

კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს, „მარნეულის“ რედაქტორი
კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს, „მარნეულის“ რედაქტორი

მომდევნო ეტაპი, ჟურნალისტის თქმით, ამ რელიგიურობის ყოველდღიურობაში უცხოდ შემოსვლა იყო:

„ქალებმა სრულად დაიწყეს [თავის] დაფარვა, კაცებმა - წვერის მოშვება. იყო ასეთი დაუდასტურებელი ხმებიც, ამაში გარკვეულ თანხას უხდიანო. სავარაუდოდ, ესეც ფინანსდებოდა… მარნეულში ადრე არცერთი ქალი არ დადიოდა თავდახურული, მაგრამ ახლა ძალიან ბევრია ასე. ეს გავლენაც, ცხადია, არის. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს აქვთ უფლება, ისე შეიმოსონ, როგორც სურთ, მაგრამ ადრე ეს არ იყო ჩვენი წესი და უეცრად გახდა ჩვენი წესი. ეს კულტურა გაჩნდა ირანის გავლენით, რომელმაც აქ ინტენსიურად დაიწყო ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემში მუშაობა“, - ამბობს იგი.

აქტივისტი სამირა ბაირამოვა კი გვეუბნება, რომ ირანის გავლენა თავად მუსლიმ თემს უქმნის პრობლემებს, რადგან შედეგად უსაფრთხოების სამსახურები ეჭვის თვალით უყურებენ ადგილობრივებს: „ეს ყველანაირად უქმნის პრობლემას ჩვენს ინტეგრაციასა და ჩართულობას“.

„როგორც საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარი პირები ამბობენ, "რუსეთი რა შუაშია, არ დაგვაკავშიროთ მასთან", ასე ამბობენ ეს ადამიანებიც, მხოლოდ შიიტობის გამო ირანთან ნუ გვაკავშირებთო. მაგრამ ამ აქციამაც გამოაჩინა, რომ რა მესიჯებსაც ავრცელებენ, - დასავლეთის წინააღმდეგ მთელი ეს პროპაგანდა, - სწორედ ირანის ინტერესია“, - ამბობს აქტივისტი სამირა ბაირამოვა.

2 ნოემბერს, აქციიდან ორი დღის შემდეგ, საქართველოში ირანის საელჩომ:

  • ტვიტერზე გააზიარა ალი ხამენეის ნათქვამი, რომლის თანახმადაც, „დასავლურ ქვეყნებშიც კი ... ხალხი ქუჩაში გამოვიდა ისრაელისა და ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ“ და „მათი რეპუტაცია განადგურებულია მსოფლიოში“.
  • გამოაქვეყნა ფოტოები აქციიდან და დაწერა, რომ „საქართველოს მუსლიმები ღაზაში გენოციდის დაწყებიდან უკვე მეორედ გამოვიდნენ ქუჩაში და სიონისტური რეჟიმის მიმართ სიძულვილი გამოხატეს“.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მორიგი ომის გაჩაღების შემდეგ არაერთ ქვეყანაში გაიმართა ისრაელის თუ პალესტინელების მხარდამჭერი დემონსტრაციები. ზოგიერთ შემთხვევაში პროპალესტინური დემონსტრაციები „ჰამასის“ მხარდაჭერაშიც გადაიზრდება ხოლმე.

მაგალითად, რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტანში კვირა საღამოს ანტისემიტური აქციის ათასზე მეტმა მონაწილემ მაჰაჩყალის აეროპორტი დაიკავა და რეგიონიდან ებრაელების განდევნა მოითხოვა.

XS
SM
MD
LG