ნიკოლ ფაშინიანი პროფესიით ჟურნალისტია. 2012 წლიდან კი სომხეთის პარლამენტის დეპუტატია. ის 42 წლისაა (1975 წლის 1 ივნისი). ფაშინიანი ცენტრალურ სომხეთში, ქალაქ იჯევანში გაიზარდა და იქვე დაამთავრა სკოლა. მან ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაში დაიწყო სწავლა, თუმცა, 1995 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხეს, ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ფაშინიანი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს აქვეყნებდა სტატიებს სხვადასხვა გაზეთში („ავანგარდი“, „ლრაგირი“, „მოლორაკი“). 1990-იანების ბოლოს ნიკოლ ფაშნიანი გახდა გაზეთ „ორაგირის“ მთავარი რედაქტორი. 1999 წელს ეს გაზეთი ხელისუფლებამ დახურა. ფაშინიანმა კი გამოცემა „აიკაკან ჟამანაკში“ გადაინაცვლა და ამ გაზეთის რედაქტორი იყო 2012 წლამდე. ამ პერიოდში ფაშინიანს ცილისწამებაში სდებდნენ ბრალს. მან საქმე სამი ინსტანციის სასამართლოში წააგო (საქმე ეხებოდა ეროვნული ყრილობის დეპუტატის, არტაშას გეღამიანის მეუღლის შესახებ მომზადებულ სტატიას).
2006 წელს ნიკოლ ფაშინიანმა ჩამოაყალიბა საზოგადოებრივ-პოლიტიკური საინიციატივო ჯგუფი „აილინტრანკი“ („ალტერნატივა“). 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი წინასაარჩევნო ალიანსი „იმპიჩმენტი“ შექმნა, სადაც კონსერვატორებთან და პარტია „დემოკრატიულ სამშობლოსთან“ ერთად გაერთიანდა. არჩევნების შემდეგ შედეგების გაყალბების გამო მჯდომარე აქცია დაიწყო.
2008 წლიდან ფაშინიანი პრეზიდენტობის კანდიდატის ლევონ ტერ-პეტროსიანის შტაბის წევრი გახდა. არჩევნების შემდეგ დაწყებული აქციების, 1 მარტის დარბევისა და დაპატიმრებების დროს ფაშინიანი მიიმალა, რადგან მასზე ძებნა გამოაცხადეს. წელიწადი და 4 თვის შემდეგ კი ის ნებაყოფლობით გამოცხადდა პროკურატურაში და ბრალდებები უარყო. თუმცა, ის დააკავეს. იზოლატორში მან დაიწყო სტატიების ციკლის - „ციხის დღიურები“ - წერა. ფაშინიანს 2010 წელს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით. 2011 წლის მასიში დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიით ის გაათავისუფლეს. 2012 წელს ის პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2015 წელს ნიკო ფაშინიანმა დააფუძნა „სამოქალაქო შეთანხმების პარტია“. 2017 წელს კვლავ იქნა არჩეული საკანონმდებლო ორგანოს წევრად პარტიათა ალიანს „გამოსავლის“ სიით.
ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.