კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი 14 ნოემბერს არ ჩავარდნილა და პარლამენტში მეორე მოსმენა უნდა გაიმართოს.
როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, კონსტიტუცია არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციური კანონის მიღებისას, წინასწარ უნდა ითქვას, რომ კანონის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სამი მეოთხედის (113 ხმა) თუ ორი მესამედის (100 ხმა) მხარდაჭერა.
„კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ორი მექანიზმი არსებობს: ერთი, ეს არის ორი მესამედით (100 ხმით) მიღებული ცვლილება, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს სამი მოსმენით, მაგრამ ის ძალაში ვერ შედის და მიღებული გადაწყვეტილება უნდა გადაეცეს მომდევნო მოწვევის პარლამენტს.
და მეორე მექანიზმი: კონსტიტუცია მოსმენების რაოდენობაზე არაფერს ამბობს, მაგრამ პარლამენტის რეგლამენტში მითითებულია, რომ თუ პარლამენტმა სამი მოსმენითა და პარლამენტის სამი მეოთხედის (113 ხმით) უმრავლესობით მიიღო ცვლილება, მაშინ ის მაშინვე შედის ძალაში და მომდევნო მოწვევის პარლამენტისთვის გადაცემა საჭირო აღარ არის“.
იქიდან გამომდინარე, რომ 14 ნოემბერს კანონპროექტმა მიიღო ორ მესამედზე, ანუ 100 ხმაზე მეტი - 101 ხმა, მაგრამ არ მიუღია ხმების სამი მეოთხედი, ანუ 113 ხმა, ვახტანგ ხმალაძის თქმით, პროექტი არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს ჩავარდნილად:
„თუკი კანონპროექტმა მეორე მოსმენაზეც მიიღო მინიმუმ ორი მესამედი ხმებისა (100 ხმა), მაშინ უნდა გაიმართოს, მესამე მოსმენაც. თუ მესამე მოსმენაზეც მიიღო მინიმუმ ორი მესამედი (100 ხმა), მაშინ ის უნდა გადაეცეს მომდევნო მოწვევის პარლამენტს. რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში, 2020-ის არჩევნები ვერ იქნება პროპორციული, შემდეგი პარლამენტის მიერ ამ კანონის დამტკიცებას აზრი აღარ ექნება, რადგან ეს ცვლილება ეხება მხოლოდ 2020-ის არჩევნებს და დაგვრჩება ასეთი კურიოზული ნორმა“.
კონსტიტუციონალისტის თქმით, ასევე ჩნდება კითხვა, თუკი, საბოლოო, მესამე მოსმენაზე, კანონმა მიიღო ხმების სამი მეოთხედი (113 ხმა), ის ახლავე უნდა ამოქმედდეს, თუ უნდა გადაეცეს მომდევნო მოწვევის პარლამენტს, რადგან პირველ ან მეორე მოსმენაზე მან ვერ მიიღო პარლამენტის სამი მეოთხედის მხარდაჭერა? ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ სწორედ ამ შემთხვევაში გაიყოფა სამართალმცოდნეთა აზრი:
„მესამე მოსმენა არის ის საბოლოო გადაწყვეტილება, როდესაც პარლამენტს გამოაქვს საბოლოო ვერდიქტი. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ თუ პირველ ან მეორე ან ორივე მოსმენისას კონსტიტუციური ცვლილების პროექტი მიიღებს ხმების მინიმუმ ორ მესამედს, მაგრამ მესამე მოსმენისას მიიღებს სამ მეოთხედს, მაშინ კანონი უნდა ჩაითვალოს სამი მეოთხედის უმრავლესობით მხარდაჭერილად და ის მაშინვე უნდა შევიდეს ძალაში“.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე უპირობოა და რაზეც არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს განსხვავებული აზრი, არის ის, რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს კანონპროექტის მეორე მოსმენა:
„კანონპროექტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ჩავარდნილად, თუ მესამე მოსმენაზე მან ვერ მიიღო 100 ხმა მაინც. როდესაც არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ჩავარდა პროექტი, ეს იყო ნაჩქარევი განცხადება და არ დაფიქრებულან იმაზე, რომ ეს ასე არ არის, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არცერთი კანონი, არც რეგლამენტი, არ ამბობს იმას, რომ კოსნტიტუციური კანონპროექტის მიღებისას წინასწარ უნდა განისაზღვროს ამ კანონპროექტის მიღება სამი მეოთხედით არის გათვალისწინებული თუ ორი მესამედით“.
უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.
პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.