საით წავა ვანო მერაბიშვილი, რომელ პარტიასთან ერთად გააგრძელებს თავის პოლიტიკურ მომავალს? - ეს შეკითხვა ჯერ კიდევ მანამდე გაჩნდა, ვიდრე ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ციხეს დატოვებდა და იტყოდა, რომ პოლიტიკურ აქტიურობას გეგმავს. მისი გზა თეორიულად ორი მიმართულებით შეიძლება წავიდეს - „ნაციონალური მოძრაობისკენ“ ან „ევროპული საქართველოსკენ“ - თუმცა არსებობს სხვა მოსალოდნელობაც.
ვის აწყობს ან არ აწყობს ვანო მერაბიშვილთან პარტნიორობა დაძაბული არჩევნების წინ? რა შეუძლია მერაბიშვილის ფაქტორს - ელექტორატის შემოკრება თუ დაფრთხობა („სისხლიანი 9 წლის“ რიტორიკის კონტექსტში)? რა როლს თამაშობს მისი განაცხადი ხელისუფლების „დამხობის“ შესახებ?
რას აპირებს მერაბიშვილი?
„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება... წლის ბოლომდე, ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი… აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე წუთში ციხის დატოვების შემდეგ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს ყოფილი მინისტრი ჯერჯერობით არ ასახელებს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მომავალს დაუკავშირებს. თუმცა გარკვეული მინიშნებები კეთდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“, სადაც ახლა მერაბიშვილის თანამებრძოლები არიან გადანაწილებული.
- „ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის - თანამებრძოლები, თანაპარტიელები, ჩემდა სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში“;
- „რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველას აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და თუ საჭირო გახდება, მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დასკვნებით გავაკეთებ. მე მჭირდება გარკვეული დრო“;
- „კონკრეტულად რა გეგმები მაქვს - ვისთან ერთად გავაკეთებ ამას... რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად რომელ პარტიასთან ერთად, ამასთან დაკავშირებით (შეგატყობინებთ)“.
„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ციხიდან გამოსულ ვანო მერაბიშვილს, ერთმანეთის მიყოლებით, მალევე მიაკითხეს სახლში. განცხადებები არ გაკეთებულა კონკრეტული სამომავლო თანამშრომლობის კუთხით - ყველა აღნიშნავდა, რომ პოლიტიკაზე საუბარი ნაადრევია და გადაწყვეტილებას თავად მერაბიშვილი გამოაცხადებს.
- „ვანო მერაბიშვილი იყო ივანიშვილის რეჟიმის პატიმარი. ბრალდებები და განაჩენები, რომლებიც გამოუტანეს, არ ეფუძნებოდა მტკიცებულებებს. ის იყო მოუმზადებელი და შეთითხნილი საქმეები...“ - ოთარ კახიძე, „ევროპული საქართველო“;
- „მე ვარ ღრმად დარწმუნებული და ალბათ, მისმა დღევანდელმა განცხადებამაც დაგარწმუნათ, რომ ის (მერაბიშვილი) არის მშვენიერ ფორმაში და მზად არის იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ“ - დავით კირკიტაძე, „ნაციონალური მოძრაობა“.
ვის აწყობს ვანო მერაბიშვილის გვერდში დგომა?
„მთავარი არხის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 10 თებერვალს გაკეთებული განცხადებების შემდეგ, როცა მან მერაბიშვილს პოლიტიკიდან დროებით განრიდებაც ურჩია, ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ვანო მერაბიშვილი ნაკლებად სასურველია „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი სააკაშვილის ამგვარ მოწოდებას იმ ვარაუდსაც უკავშირებს, რომ თავად ვანო მერაბიშვილს გული უფრო „ევროპული საქართველოსკენ“ მიუწევს, სადაც ბევრად მეტი თანამოაზრე ეგულება.
ჟურნალისტების მიერ მრავალჯერ დასმული შეკითხვის მიუხედავად, მერაბიშვილმა თავის განცხადებებში სააკაშვილზე არ გაამახვილა ყურადღება.
განსხვავებული აქცენტების შემცველი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ 20 თებერვალს გაკეთებული განცხადება. სააკაშვილი მერაბიშვილის გათავისუფლებას მიესალმა და ყველას შერიგებისკენ მოუწოდებს.
ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მკვეთრად დაზიანებული პოლიტიკური იმიჯის მქონე ფიგურის გვერდში დგომა სარგებელს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მოუტანს, რადგან, სულ ცოტა, „ორი გვამის“ ამბავს საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს.
თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. როგორც ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მერაბიშვილს თავისი აქტივები აქვს, შეუძლია ელექტორატის მიზიდვა და ამას კარგად ხედავს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე - „ევროპული საქართველო“.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ:
- მერაბიშვილს შეუძლია იმედგაცრუებული, გულგატეხილი ამომრჩევლის მოზიდვა - „მგელი, მგელი... და სისხლიანი 9 წელი - ეს პოლიტტექნოლოგია ძველებურად აღარ მუშაობს, რადგან დღევანდელმა ხელისუფლებამ თითქმის ყველა სისტემური მანკიერება გაიმეორა“;
- და ასევე - მერაბიშვილს ამომრჩევლების მოზიდვა შეუძლია „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონკურენციის ჭრილშიც.
თუმცა, გია ხუხაშვილის ვარაუდით, ვანო მერაბიშვილი არ იჩქარებს მკვეთი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას და, ამ ორი პარტიიდან რომელიმეში გაწევრიანების შემთხვევაშიც კი, ერთგვარი შუამავლის როლის შესრულებას შეუდგება.
„ის ალბათ თავის ფუნქციას უფრო დაინახავს ამ ორ პარტიას შორის ხიდების გამდებისა და სახიფათო წახნაგების მოგლუვების მიმართულებით... ის ამ მხრივ გარკვეულწილად ჩაანაცვლებს გიგი უგულავას, რომელიც ახლა ციხეში შეაბრუნეს. სწორედ უგულავა ცდილობდა ყველაზე მეტად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შუბლებით არ დატაკებოდნენ ერთმანეთს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვის რესურსი არა აქვს, ხოლო ორ პარტიას შორის - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო ნაკლები სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე „ევროპული საქართველოსთვის“.
როგორც პოლიტოლოგი ეუბნება რადიო თავისუფლებას:
- ელექტორალური თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი სარგებელი მიხეილ სააკაშვილს მოაქვს და ვანო მერაბიშვილს ამ პარტიისთვის იმაზე მეტი სარგებლის მოტანა არ შეუძლია;
- „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანების შემთხვევაში კი, შესაძლოა მერაბიშვილმა ელექტორატის გარკვეული ნაწილი წაართვას „ნაციონალურ მოძრაობას“ - „მერაბიშვილს შეიძლება ახლებურად შეხედოს ამომრჩეველმა, ან იფიქროს, რომ - მერაბიშვილი აქ არის, საქართველოშია და ადგილზე მეტის გაკეთება შეუძლია“.
„თავად ვანო მერაბიშვილს აქვს მეტი შანსი „ევროპულ საქართველოში“, რომ მნიშვნელოვანი დომინანტური ლიდერის როლი მოირგოს. რამდენად სახალხო პირი იქნება, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ გავლენიანი ლიდერი შეიძლება გახდეს“, - ამბობს პოლიტოლოგი.
თუმცა ამისათვის ვანო მერაბიშვილს რიტორიკის გადახედვაც მოუწევს, რადგან, გამზარდიას თქმით, „ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელი პოზიციებისთვის სრულიად შეუსაბამოა ხელისუფლების „დამხობისკენ“ მიმართული განცხადებები.
„მძიმე პოლიტიკური ბაგაჟის მიუხედავად, რადგან სასჯელი მოიხადა, ვანო მერაბიშვილმა შეიძლება შემოიტანოს მოულოდნელი პოლიტიკური მუხტი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
- „შეიძლება ოპოზიციური ამომრჩევლების ნაწილმა იფიქროს, რომ - აი, შეიძლება ვანო მერაბიშვილმა გააკეთოს რაღაც ისეთი, რასაც დღევანდელი ლიდერები ვერ ახერხებენ“;
- „თუმცა ვისაც ის არ მოსწონდა, შესაძლოა, უფრო მეტად დააფრთხო „დამხობასთან“ დაკავშირებული განცხადების გაკეთებით“.
ზოგადად კი, ანალიტიკოსების უმრავლესობა ვანო მერაბიშვილს მენეჯერად და ორგანიზატორად უფრო ხედავს, ვიდრე პოლიტიკურ ლიდერად.
სად არ ელიან ვანო მერაბიშვილს?
„მე ძალიან მახარებს, რომ პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია საქართველოში არის ერთიანი... და მე ვფიქრობ, რომ ამ ერთიანობით დავამარცხებთ არსებულ რეჟიმს“, - თქვა 20 თებერვალს ვანო მერაბიშვილმა.
თუმცა პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს შორის, მერაბიშვილის მისამართით ნეიტრალური, უარყოფითი და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებაც გამოიკვეთა:
- „ლელომ“ დაგმო მერაბიშვილის განცხადება ხელისუფლების „დამხობასთან“ დაკავშირებით; ითქვა, რომ პარტიას არა აქვს არანაირი გეგმა ვანო მერაბიშვილთან სამომავლო თანამშრომლობის ჭრილში;
- ოპოზიციური ერთობის ფორმატში, მრგვალ მაგიდასთან ვანო მერაბიშვილის ხილვა რომ არ სურთ, ამ შინაარსის განცხადებები 20 თებერვალს გააკეთეს „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა და „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ;
- მკვეთრად უარყოფითი იყო „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების პოზიცია. მაგალითად, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ძალიან გააბრაზა სიტყვამ „დამხობა“ - „თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, ახლა სახლში რომ მივა".
ლეიბორისტულ პარტიაში არ იზიარებენ ანალიტიკოსების ნაწილის მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ მერაბიშვილის ფაქტორის გამო შესაძლოა პრობლემები შეექმნას საარჩევნო სისტემის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ უთხრა რადიო თავისუფლებას:
- პოლიტიკური პარტიების ერთიანი ფორმატის მომავალთან (რაც პროპორციული არჩევნების მოთხოვნასა და ხელისუფლებასთან ერთიანი ფორმატით დაპირისპირებას გულისხმობს) არავითარი კავშირი არა აქვს ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვას;
- რომელ პარტიაშიც გაწევრიანდება ვანო მერაბიშვილი, იმ პარტიას კვლავინდებურად ექნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ ფორმატის შეხვედრებში;
- ეს ფორმატი შექმნილია პარტიებისთვის და ლეიბორისტულ პარტიას არანაირი გეგმა არა აქვს ცალკე ვანო მერაბიშვილთან პარტნიორობასთან დაკავშირებით.
ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ პოლიტიკურ ოჯახად არჩეულ პარტიას აუცილებლად მოუწევს ოპოზიციურ სპექტრში არსებული ამგვარი უარყოფითი პოზიციების გათვალისწინებაც.
რას ფიქრობენ ხელისუფლებაში?
ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება სასიამოვნო ამბავი არ არის ხელისუფლებისთვის და მით უფრო - საარჩევნო წელს.
თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები 20 თებერვალს ცდილობდნენ, რომ ვანო მერაბიშვილი წარსულში დასატოვებელ, გაკოტრებულ პოლიტიკოსად წარმოეჩინათ.
- „ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, რომ დავამხობო, სიტყვასიტყვით... დამხობის ეს მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ“ - პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია;
- „მას (ვანო მერაბიშვილს) მოუწევს გაიაზროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ არავის უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს“ - თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი;
- „განცხადებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ დროში და სივრცეშია დაკარგული... მეტი ვანო ოპოზიციას...“ - კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენმდივანი, თბილისის მერი;
- „კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც წარმოადგენს „ნაცმოძრაობა“ მის სატელიტ პარტიებთან ერთად“ - ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატი.
თუკი ვანო მერაბიშვილი დაიმკვიდრებს საგანგებო როლს აქტიურ პოლიტიკაში და ის ეფექტიანი იქნება, ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მან გიგი უგულავას ბედი გაიზიაროს და მიმდინარე გამოძიებების შედეგად - ისევ ციხეში შებრუნდეს.
თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ ძლიერი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შესაძლოა მაინც მოერიდოს კიდევ ერთ ხმაურიან სვლას.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ოთარ კახიძე არაფერს გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ - ვანო მერაბიშვილს 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და მიმდინარე საქმეების ფარგლებში ახლა რაც უნდა მიუსაჯონ, „მისთვის სანქციის დამძიმება უკვე შეუძლებელია“ და ვანო მერაბიშვილის ციხეში შებრუნება ძნელი იქნება.