„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილის მაგალითი მომავლისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ბოკერიამ, რომელმაც მერაბიშვილი სახლში მოინახულა, მედიას უთხრა, რომ ვანო მერაბიშვილი მათი დიდი და დიდი ხნის მეგობარია.
„იყო პოლიტპატიმარი. მისი მაგალითი უნდა იყოს მომავლისთვის გაკვეთილი, რომ არავის მიმართ იგივე რამე არ მოხდეს. იმათ მიმართ, ვინც მე არ მომწონს, ვინც, ვიღაცას მიაჩნია დამნაშავედ. პოლიტიკური დაკვეთით არავინ არ შეიძლება იჯდეს ციხეში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, კანონის უზენაესობა გულისხმობს, რომ მთავრობა არ უნდა წყვეტდეს, ვინ ზის ციხეში, ეს უნდა ირკვეოდეს სამართლიანი სასამართლოთი და დევნა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, მოცემულ მომენტში არსებულ ხელისუფლებას პოლიტიკურად ვინ აწუხებს და ვინ არა.
ჟურნალისტების შეკითხვას, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ ამაზე თავად მერაბიშვილი ილაპარაკებს. მედიამ ბოკერიას ისიც ჰკითხა, ხომ არ აპირებენ გაერთიანებას „ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა“. გიგა ბოკერიას თქმით, ეს არ იგეგმება.
„ევროპული საქართველო ცალკე პოლიტიკური გუნდია, ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირეები კოალიციაში, რაც აქვთ, არის ცალკე გუნდი“, - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ ამ ორი გუნდის და მათგან ბევრად განსხვავებული სხვა ძალების საერთო მიზანია „პოლიტიკური ჭირის მოშორება მშვიდობიანი არჩევნების გზით“ და საარჩევნო სისტემის პროპორციულობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, 20 თებერვალს დატოვა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულება, სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა. მერაბიშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება.