Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ქმარი სამშობლოში დაბრუნდა


მარტის ბოლოს, ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ქმარი, მამუკა ნაჭყეპია სამშობლოში დაბრუნდა.

ოჯახში დაბრუნებამდე მან ორკვირიანი კარანტინი კახეთში გაიარა. სამტრედიაში, ჭიშკართან, ოჯახის ახლობლები და ხუთი შვილი დახვდნენ. ყველაზე უფროსი 13 წლის, სულ უმცროსი კი - წლინახევრის.

ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში, 2 მარტს მას შემდეგ წავიდნენ, რაც ქალს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობისათვის განკუთვნილი თანხა ცოლ-ქმარმა ახლობლებისა და საქველმოქმედო ფონდის დახმარებით შეაგროვა. ცირა მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს. კორონავირუსით ის სწორედ საავადმყოფოში დაინფიცირდა.

ქალი 27 მარტს, მადრიდის სასაფლაოს აკლდამაში დაკრძალეს. ქმარი მის დაკრძალვას ესპანეთში შემოღებული საკარანტინო აკრძალვების გამო ვერ დაესწრო. მას, მხოლოდ და მხოლოდ, იმ აკლდამის ნომერი გადასცეს, სადაც მისი ცოლი დაასაფლავეს.

ცირას ოჯახმა უარი თქვა კრემაციაზე. მათ მიცვალებულის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართეს. თუმცა, როგორც საელჩოში განუმარტეს, ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ან კრემაციას უტარებენ, ან ესპანეთშივე კრძალავენ. ოჯახის წევრებს კი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ შეეძლებათ მათი სამშობლოში გადასვენება.

ცირა ალიხანაშვილის მული, ხათუნა ნაჭყეპია, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რძლის საფლავის მონახულებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ესპანეთში საყოველთაო კარანტინი მოიხსნება: „გვესიზმრება, გვეუბნება, სიბნელეში ვარო. მივალ და ყველაფერს მოვუყვები. ვეტყვი, რომ მარტო არ არის და მოვა დრო, როცა აუცილებლად დავუბრუნებთ საკუთარ მიწას, შვილებს, დედას“.

XS
SM
MD
LG