Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთპარტიული სისტემა უნდა დაინგრეს


ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დღევანდელ აქტივისტებს ერთმანეთის განადგურება აქვთ განზრახული და ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოსპობით ქვეყანა საბოლოოდ გაბრწყინდება. ეს ინფანტილური ფიქრებია, რომლებსაც რეალურ ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. სინამდვილეში, ის ცოდვები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ცხრაწლიანი მმართველობის დროს დააგროვა, ნაწილობრივ მაინც სწორედ იმით აიხსნება, რომ მას ოპონენტად ძლიერი ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება არ ჰყოლია. დღესაც ქართული ოცნება, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მობილიზება შეუძლია, ავტორიტარულად მოქმედებს ძლიერი საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების არარსებობის პირობებში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, ფაქტია, რომ ქართული საზოგადოება პოლარიზებულია. დაპირისპირებული მხარეები სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთს გადაკიდებული. ამ ფაქტზე უპირველესად ის მეტყველებს, რომ „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებზე 601 224 ხმა აიღო, ანუ ნახევარ მილიონზე მეტი (საბოლოო ჯამში, ხელისუფლების კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ამომრჩევლების დაახლოებით 60 %-მა მისცა ხმა). შედარებისთვის, 2013 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მხოლოდ 354 103 ხმა აიღო, ანუ თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე გრიგოლ ვაშაძემ.

ამომრჩევლების ამგვარი პოლარიზაცია შესაძლოა დამღუპველი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძე თუ არჩევნებს მოიგებს, საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყება. ამ ყოვლად უპატიებელი განცხადების და რადიკალური რიტორიკის ფონზე, არსებობს შანსი, რომ ქვეყანა უკონტროლო ქაოსში გადაეშვას. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოში ისტორიაში, ქართველმა პოლიტიკოსებმა შეძლონ ის, რომ გადააბიჯონ საკუთარ თავს და შეთანხმდნენ თამაშის საერთო წესებზე. ამომრჩეველმა, თავის მხრივ, უნდა გაიაზროს, რომ ერთი ხელის მოსმით ქვეყანას ვერ ეშველება და ვერანაირი მესია - მათ შორის, ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ჭაობიდან ვერ ამოიყვანს. ერთადერთი გზა ჭაობიდან ამოსასვლელად არის ქვეყნის მმართველობის ფორმის ცვლილება. მმართველობის ერთადერთი სწორი ფორმა კი არის ის, რომელიც უზრუნველყოფს პლურალიზმს და კანონის უზენაესობას.

თუ საქართველოში ერთპარტიული სისტემა შენარჩუნდება (და მნიშვნელობა არ აქვს, ნაციონალური მოძრაობა იქნება სათავეში, ქართული ოცნება თუ რამე სხვა პარტია), ის ყველა მძიმე დანაშაული, რომელსაც წინა და მოქმედი ხელისუფლებები სჩადიოდნენ, აუცილებლად გამეორდება. მმართველები საკუთარ თავს არ დასჯიან.

ევროპული დემოკრატიები ასეთი წარმატებული იმიტომ არიან, რომ იქ ძალოვანი უწყებები, სასამართლო, საჯარო სამსახური რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესების მიხედვით კი არ კომპლექტდება, არამედ ქვეყნის საერთო ინტერესის გათვალისწინებით. ამ საერთო ინტერესის დაცვის გარანტი კი არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების გაკონტროლება შეუძლია.

გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ შარშან წამოაყენა საქართველოში უცხოელი მოსამართლეების მოწვევის იდეა. ასეთმა „მარტივმა“ გამოსავლებმა ამ არჩევნებზეც გაიჟღერა. ქართველ პოლიტიკოსებს დღემდე არ ესმით, რომ ეს უცხოელი მოსამართლეები, პროკურორები და საჯარო მოხელეები შესაბამისი პოლიტიკური სისტემის ფარგლებში არიან მიუკერძოებელნი და მათი სრულიად განსხვავებულ, ავტორიტარულ სისტემაში ჩანერგვა, ვერანაირ რეალურ ცვლილებას ვერ მოიტანს. ამის კარგი დასტურია იუსტიციის დღევანდელი მინისტრის, თეა წულუკიანის ქმედებები. წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, სანამ საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახდებოდა. დღეს მას ედავებიან იმას, რომ უკანონოდ დაითხოვა თანამშრომლები სამსახურიდან. მის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, თამაზ ახობაძემ ორჯერ მოიგო უზენაეს სასამართლოში საქმე იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, მაგრამ მისი აღდგენა სამსახურში დღემდე არ ხდება. როდესაც ამის შესახებ ახობაძემ პრემიერ-მინისტრს მისწერა, მას პასუხად მიუგეს, რომ იუსტიციის სამინისტროს არც პრემიერის წერილზე ჰქონდა რეაგირება. ერთი სიტყვით, სამინისტრო არც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ემორჩილება (არ სცემს პასუხს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც რამდენჯერმე მისწერა ახობაძის საქმის აღსრულების საკითხზე) და რეაგირება არ აქვს არც პრემიერ-მინისტრის წერილზე (ასევე, არ სცემს პასუხს სახალხო დამცველსაც, რომლის დასკვნაშიც წერია, რომ საქმის შესწავლის დროს გამოითხოვეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროსგან, რომელიც არ მიუღიათ).

წულუკიანის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ქვეყანას კვალიფიციური კადრების უცხოეთიდან მოზიდვაც კი ვერ უშველის, თუკი მისი მმართველობის სისტემა არ შეიცვლება. იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, მინიმუმ, საარჩევნო სისტემა მაინც უნდა შევცვალოთ. სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, როგორც იცით, 2024 წლისთვის იგეგმება. ასე არის გათვალისწინებული 2017 წლის ივლისში „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით. ვენეციის კომისიამ (ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო კონსტიტუციურ საკითხებში) პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება უარყოფითად შეაფასა. 2020 წელს სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ახლა ჰაერივით გვჭირდება იმისთვის, რომ ერთპარტიულ მმართველობას ერთხელ და სამუდამოდ გამოვუთხაროთ ძირი და არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის, მინიმუმ, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა არ დავუშვათ.

2020 წელს სრულიად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება ხელს შეუწყობს იმას, რომ მივიღოთ მაქსიმალურად პლურალური, მრავალფეროვანი პარლამენტი. მართალია, ეს პირველ ეტაპზე ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს და, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების (და ამ საჯარო მოხელეების დაშინების) პრაქტიკა ისევ ძალაში დარჩება, მაგრამ საგრძნობლად შეამცირებს იმის შანსს, რომ რომელიმე პარტიამ ისევ ერთპიროვნული მმართველობა დაამყაროს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წარმოადგენენ დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც ყველა ხერხის გამოყენებით ებრძვიან ერთმანეთს. მათი გამოსწორება ერთ დღე-ღამეში ვერ მოხდება, მაგრამ თუკი (სამოქალაქო) საზოგადოება საკმარისად ძლიერი და პრინციპული იქნება, ჩვენ შევძლებთ არათუ მოცემული დაპირისპირების ცივილიზებულ ჩარჩოში მოქცევას, არამედ გავზრდით მომავალში ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გამოჩენის შანსს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG