Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული პრესა პუტინ-ლუკაშენკას შეხვედრის წინ


ალექსანდრ ლუკაშენკა და ვლადიმირ პუტინი. მინსკი, 30 ნოემბერი, 2017 წ.
ალექსანდრ ლუკაშენკა და ვლადიმირ პუტინი. მინსკი, 30 ნოემბერი, 2017 წ.

ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის ვეტერანი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა, სოჭში გაფრინდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, შესახვედრად. ევროპის პრესაში დაისვა კითხვები, თუ რაზე ისაუბრებდა ორი ლიდერი - ბელარუსის ოპოზიციური მოძრაობის საწინააღმდეგო ერთობლივ ქმედებებზე, თუ პუტინი შეეცდებოდა მეზობელ ქვეყანაში მნიშვნელოვან ცვლილებაზე რეაგირებას.

პოლონეთში გამომავალ კონსერვატიული ორიენტაციის Rzeczpospolita-ში 14 სექტემბერს გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ბოჰუსლავ ჩრაბოტამ, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერს, პუტინი პოსტლუკაშენკას ეპოქის ბელარუსისთვის ემზადებაო: „ეჭვგარეშეა, რომ მინსკის საპრეზიდენტო სასახლის გასაღები კრემლის ერთ-ერთ უჯრაში ინახება. მეეჭვება პუტინს სჯეროდეს, რომ ბელარუსზე რუსეთის გავლენა ლუკაშენკასთან ერთად დასრულდება. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ნამდვილად ექნება მომზადებული სხვა სცენარებიც. ამას ამტკიცებს ბელარუსში ანონიმური „მწვანე კაცუნების“ მზარდი რიცხვი, უნომრო მანქანებით. რამდენად სწრაფად მოიხსნიან ეს კაცები თავიანთ ნიღბებს და როდის იკისრებენ პასუხისმგებლობას ამბოხებულ ქვეყანაზე? და ამის შემდეგ ვინმე მიიწვევს სვეტლანა ციხანოუსკაიას და სვეტლანა ალექსიევიჩს, ან სრულიად სხვა პირებს, მოლაპარაკების გასამართად? ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გავიგებთ“.

საპროტესტო მსვლელობა მინსკში
საპროტესტო მსვლელობა მინსკში

უკრაინის ლიბერალური ორიენტაციის ინტერნეტგამოცემა nv.ua-ში პოლიტოლოგმა დმიტრი ორეშკინმა 12 სექტემბერს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ამბობდა, ბელარუსის მმართველი თავის დიდ მეზობელს სამხედრო დახმარებას ნამდვილად არ მოსთხოვსო: „ლუკაშენკას ესმის, რომ სანამ ბელარუსში ძალაუფლება ძალადობაზეა დაფუძნებული, ის ეკუთვნის მათ, ვისაც ყველაზე მეტი ხიშტი აქვს. თუკი მოულოდნელად გამოჩნდება სხვისი კუთვნილი ხიშტები, ლუკაშენკა პუტინის მარიონეტად გადაიქცევა და შემდეგ მას ჩამოაგდებენ. ეს კარგი იქნება კრემლისთვის, მაგრამ არა ლუკაშენკასთვის. მისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციები მაინც ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე შეიარაღებული სამხედროები რუსეთიდან. ... ყველაზე რეალისტური შემდეგი სცენარია: ბელარუსის უშიშროების ძალები გააგრძელებენ დემონსტრანტებზე ზეწოლას, ხოლო ლუკაშენკა არ დასთანხმდება პუტინის მოთხოვნას ბელარუსში შეუშვან ის ‘მწვანე კაცუნები’, რომლებიც მან 2014 წელს ყირიმის ანექსირებისთვის გაგზავნა“.

მალტაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის The Times of Malta 12 სექტემბერს გამოთქვამდა იმედს, რომ ბელარუსი არ გაიჭყლიტება რუსეთისა და დასავლეთის ინტერესებს შორის: „ბელარუსი არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ სათამაშო მოედნად, სადაც რუსეთი და დასავლეთი თავ-თავიანთი ინტერესებისთვის იბრძოლებენ. ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი. მეორე მსოფლიო ომში, რომელსაც ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდ სამამულო ომს უწოდებენ, განადგურებულ იქნა ათასობით სოფელი და დასახლება. ბევრი ბელარუსი გეტყვით, რომ ამ ომს მოსახლეობის 25 პროცენტი შეეწირა, ხოლო დედაქალაქ მინსკის 85 პროცენტი სრულიად განადგურდა. ახლა ბელარუსის ბევრ მოქალაქეში არის შიში, რომ რაღაც მსგავსი შეიძლება განმეორდეს“.

რუსეთის ლიბერალური ორიენტაციის რადიოსადგურ Ekho Moskvy-ს ვებსაიტზე 13 სექტემბერს გამოქვეყნდა ანონიმურად დატოვებული პირის მხრიდან სოციალურ ქსელში დაწერილი ტექსტი, რომელშიც ავტორი ამბობს, რომ ლუკაშენკა რუსეთისთვის აღარ არის სწორი პარტნიორი: „პუტინს თუ არ სურს თავის მეზობლად კიდევ ერთი მტრულად განწყობილი ქვეყანა შეიძინოს და თუ უნდა შეინარჩუნოს ბელარუსის ახალი ლიდერების მხრიდან ერთგულების შანსი, საამისოდ ერთადერთი გზა აქვს: მან მკაფიოდ უნდა უთხრას ლუკაშენკას, რომ ის ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებს და რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერები. ... შემდეგ ლუკაშენკამ ბელარუსი უნდა დატოვოს (თუკი ამას შეძლებს) და გზა უნდა გაუხსნას ახალ არჩევნებს ექვსი თვის ვადაში. ... რუსეთის ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააცნობიეროს, რომ ლუკაშენკას დრო დამთავრდა და ბელარუსი სამუდამოდ შეიცვალა“.

XS
SM
MD
LG