ედიშერი გადამზიდველიც არის, ამანათების საფოსტო ცენტრის გამგებელიც, მწვადის დიდოსტატიც, ამბობს, ხელიდან ყველაფერი გამომდისო. მიამბო, ახლა საქართველოს საელჩოდან სთხოვეს, თუ შეიძლება არჩევნებზე ოქტომბერში სარჩევნო კომისიას უხელმძღვანელე ჩეხეთშიო.
ერთ ამერიკულ ოჯახში ვიყავით პრაღაში მიწვეული. ცოლი წარმოშობით რუსი ებრაელია და მოსდგამს ქართული კერძების თუ ტკბილეულის სიყვარული. ჩაიზე კაკლის მურაბა მოგვართვა. პრაღაში ეს უცხო ხილი იყო და გამიკვირდა, საიდან-მეთქი. ედიშერი მაწვდისო. არ ვიცნობდი მაშინ ამ ადამიანს; აკრეფ ნომერს, ეტყვი მისამართს და კაკლის მურაბაც მოვა შენთანო, გაბედნიერებულმა მიამბო მასპინძელმა.
ედიშერმა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობაზე უარი არ თქვა, როცა გთხოვენ და სჭირდები, სამშობლოს წინაშე ნაბიჯი უნდა გადადგაო, მითხრა, მისივე სიტყვებით, პოლიტიკასთან არაფერი საერთოს არმქონე ედიშერ ხიდეშელმა.
ედიშერი ბევრ დიდ საქმეს აკეთებს, ძალიან ბევრ ადამიანს ანიჭებს სიხარულს, უქმნის კომფორტს, ეხმარება და ამას აკეთებს ყოველთვის დაუმადლებლად, რაჭული სიდინჯით, ყურადღებით და ყველა იმ საქმის სიყვარულით, რომელსაც ხელი მოჰკიდა და ასეთი ცოტაა არაა, როგორც ვთქვი.
ზოგი რამ გენებით მოსდგამს, ედიშერის ერთი ბაბუა მოუძღოდა რუსეთიდან საქართველოში პირველ სატვირთო ავტომანქანებს. მეორე ბაბუა საბჭოთა კავშირის მასშტაბით ცნობილი მზარეული იყო.
როცა 2018 წელს ედიშერზე მოკლე ფილმი გადავიღეთ, მთავარი თემა იყო გადაზიდვები, ავეჯის და საერთოდ, მძიმე ტვირთის. ამასთან, ედიშერმა თავისი ხელმარჯვეობის შესახებაც გვიამბო, წარმოადგინა პორტატიული მაყალი - ასე საჭირო რამ ნოსტალგიით შეწუხებული ქართველებისთვის.
ედიშერ ხიდეშელს საუბარი გავუბი იმაზე, თუ როგორ ხედავს პრაღის ქართველობას, აქ, მართალია სოციალისტური წარსულის მქონე, მაგრამ ევროპის შუაგულში მდებარე ბოჰემიაში დაფუძნებულ ადამიანებს, ახალგაზრდებს და მათ მშობლებს. ამაზე საუბარი იმიტომაც დავიწყე, რომ მაინტერესებს: ევროპაში ცხოვრება ადამიანს განაწყობს იმისთვის, რომ სურდეს, მისი სამშობლოც ევროპის ნაწილად დარჩეს?
საქმეში გამოჩნდება, ვის რა სურს.
ფორუმი