Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 დღე ქალთა უფლებებისთვის


16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

25 ნოემბერს მსოფლიომ დაიწყო 16-დღიანი კამპანიის ათვლა, კამპანიისა, რომელიც ყოველწლიურად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აერთიანებს აქტივისტებსა და უფლებადამცველებს. ისინი სხვადასხვა ფორმით ერთვებიან კამპანიაში, რათა აამაღლონ ცნობიერება და დაძლიონ ძალადობა, რომელიც დღეს მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს პირადად აქვს გამოცდილი. წელს, 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოში „ქალთა მოძრაობამ“ აქცენტი ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე გააკეთა.

კამპანია ყოველ წელს იწყება ქალთა მიმართ ძალადობის შემცირების საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს, და სრულდება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს. 16 დღის განმავლობაში კი მას ემთხვევა ისეთი საერთაშორისო თარიღები კალენდარში, როგორიცაა შიდსის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღე (2 დეკემბერი), შშმ პირთა საერთაშორისო დღე (3 დეკემბერი). ისინი ყველა, პირდაპირ ან ირიბად, უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობას. ნარინჯისფერი საერთაშორისო კამპანიის ოფიციალური ფერია, ამიტომ 25 ნოემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა.

2018 წლის კამპნიის აქცენტები საქართველოში

გაერო და უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოძალადისგან თავის დაღწევის გზა მსხვერპლი ქალებისთვის ეკონომიკურ და სოციალურ თავისუფლებაზე გადის. ამ აზრს იზიარებს „ქალთა მოძრაობა“ საქართველოში და წელს უკვე გადაწყვეტილების მიმღებებსაც მოუწოდებს მოქმედებისკენ.

„კანონმდებლობით, ძალადობის მსხერპლებს სახელმწიფო სთავაზობს ექვსთვიან თავშესაფარს, შემდეგ კი ეს ქალები თავისი შვილებითურთ პრაქტიკულად ქუჩაში რჩებიან. ხშირად ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც ეკონომიკურად არ არის გაძლიერებული და არ ჰყავს მხარდამჭერი ოჯახი, იძულებული ხდება დაბრუნდეს მოძალადის სახლში და თავი ჩაიგდოს საფრთხეში, რათა თავიდან აიცილოს სიღატაკე. ჩვენ მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობებს და მოვუწოდებთ, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს გეგმა და გამოყოს საბიუჯეტო სახსრები, რათა უზრუნველყოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრისი“, წერია „ქალთა მოძრაბის“ 25 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მოძრაობის“ წევრი იდა ბახტურიძე რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ამბობს: „ახლა უკვე ჩვენ ვთვლით, რომ იმ ეტაპზე ვართ, როცა შეგვიძლია ვიზრუნოთ ძალადობაგამოვლილი ქალების ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე“. მისი თქმით, მსხვერპლ ქალებს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ხშირად ისევ მოძალადესთან აბრუნებს, სახელმწიფო კი ვალდებულია მათ რეალური ალტერნატივა შესთავაზოს.

გადმოწერა

რა საკუთრებას ფლობენ ქალები საქართველოში

აზიის განვითარების ბანკის 2017 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალების 24 % საცხოვრებელ ფართს საერთოდ არ ფლობს, 33 % კი ფლობს, მაგრამ ფართი დაკანონებული არ აქვს. კვლევის მთავარი მიგნებები ასე გამოყურება:

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ დღეს ქალების ეკონომიკური სისუსტე მემკვიდრეობის არათანაბარი გადანაწილებიდან იწყება. „ზოგადად, პრობლემაა ისიც, რომ ქალებით დასაქმებული პროფესიები დაბალშემოსავლიანია. ქალის შრომა არ ფასდება სათანადოდ. ესეც გენდერული დისკრიმინაციის მაჩვენებელია“, ამბობს ბაია პატარაია, რადიო თავისუფლებასთან საუბრში.

„ქალთა მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მათი მცდელობები ქალების ძალადობისგან დასაცავად ბოლო წლების განმავლობაში კონკრეტული შედეგებით სრულდებოდა. ამიტომ მიიჩნევენ, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიები უკვე ქალთა გაძლიერებაზე უნდა მიმართონ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG