Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგორ დოდონი მოლდოვაში "მეორე ფრონტის" გახსნასა და საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებაზე ალაპარაკდა


(კოლაჟი) იგორ დოდონი, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი (მარცხნივ) და ირინა რომალიისკაია, "ნასტოიაშჩეე ვრემიას" კორესპონდენტი
(კოლაჟი) იგორ დოდონი, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი (მარცხნივ) და ირინა რომალიისკაია, "ნასტოიაშჩეე ვრემიას" კორესპონდენტი

2024 წლის ოქტომბერში მოლდოვაში ტარდება მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული - შეინარჩუნებს მოლდოვა ევროინტეგრაციისკენ აღებულ კურსს თუ კვლავ დაუბრუნდება მოსკოვის ორბიტას.

ამ რისკის გათვალისწინებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე რეალური ფავორიტი და მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ არჩევნებამდე 8 თვით ადრე გამოვიდა ინიციატივით, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმი მოაწყონ.

მოგვიანებით, მაია სანდუს მეტოქე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და მოლდოვის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პრორუსული პოზიციის მქონე იგორ დოდონი გამოვიდა რუსეთსა და ჩინეთთან კავშირების გაუმჯობესების მოწოდებით და სხვა ჯგუფებს სთხოვა ძალები გააერთიანონ და ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებზე ერთიანი მეტოქე დაუპირისპირონ პროდასავლელ პრეზიდენტ მაია სანდუს.

მოლდოვის პოლიტიკურ კულუარებში ასეთ ერთიან მეტოქედ თავად იგორ დოდონის კანდიდატურაც განიხილება.

იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი იყო 2016-2020 წლებში. ის ქვეყნის მეორე ყველაზე პოპულარულ პარტიის, სოციალისტურ პარტიის ლიდერია და პოსტსაბჭოთა სივრცეში ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ უახლოეს მხარდამჭერად ითვლება. მოლდოვაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, სრულიად შესაძლებელია, რომ დოდონმა კვლავ მოიგოს 2024 წლის შემოდგომაზე დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები.

მოლდოვის ექსპრეზიდენტი 20-21 ივნისს იმყოფებოდა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, სადაც გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "ბრატისლავა - მშვიდობის ქალაქი". კონფერენციაზე, სიტყვით გამოვიდა იგორ დოდონიც, რომელმაც რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გაუქმება მოითხოვა.

მოლდოვის ექსპრეზიდენტს ბრატისლავაში შეხვდა და ესაუბრა "ნასტოიაშჩეე ვრემიას" კორესპონდენტი, ირინა რომალიისკაია, რომელმაც იგორ დოდონთან ინტერვიუ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრით დაიწყო.

"ისინი სწორ მუშაობას ეწევიან ამ ხელისუფლების დასამხობად"

იგორ დოდონი: იცით, მოლდოვაში ძალიან ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ყაიდისა. ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამჟამინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ჩვენი აზრით, ეწევა სწორ მუშაობას ამ ხელისუფლების დასამხობად. რადგან ეს ხელისუფლება პრობლემად იქცა მოლდოვისათვის. ჯერჯერობით დასავლეთი ამაზე თვალს ხუჭავს. უკრაინაში მიმდინარე ვითარების გამო ისინი თვალს დახუჭავენ და მოითმენენ ყველაფერს, რასაც ეს [მოლდოვის] რეჟიმი სჩადის. ამიტომ ამჟამინდელი ხელისუფლება შესაძლოა უკრაინული სცენარით წავიდეს.

ირინა რომალიისკაია: რომელი სცენარით?


იგორ დოდონი: გააუქმოს არჩევნები.

ი. რ.: მოდით, უკრაინაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. მაგრამ უკრაინაში არჩევნები არ უქმდება. უკრაინაში, ომის მდგომარეობის დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების ჩატარება დაუშვებელია.

იგორ დოდონი: კარგი. არჩევნები გადაიდება - მოდი ასე ვთქვათ. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან, თუ დღევანდელი [მოლდოვის] ხელისუფლება მიხვდება, რომ ის აგებს არჩევნებს და კარგავს ძალაუფლებას, დამერწმუნეთ, ისინი ნებისმიერ სცენარზე წავლენ.

ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მაია სანდუს 35% უჭერს მხარს, იგორ დოდონს - 15-16%.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. შვეიცარია, ლუცერნი, 15 ივნისი, 2024 წელი.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. შვეიცარია, ლუცერნი, 15 ივნისი, 2024 წელი.


იგორ დოდონი: ისინი ასე დარწმუნებული რომ იყვნენ, რომ არ არის ამის აუცილებლობა, ისტერიკას არ მოაწყობდნენ და არ გააკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებენ. ფოსტით კენჭისყრის ჩატარებას ვგულისხმობ. მოლდოვის მხოლოდ იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც აშშ-სა და კანადაში ცხოვრობენ.

ი.რ.: ელექტრონული ფოსტის საშუალებით?

იგორ დოდონი: არა, ფოსტით. ფოსტის მტრედებით. "კენჭისყრა მტრედებით", ასე დავარქვით ჩვენ. ანუ, მაია სანდუ, დღევანდელი ხელისუფლება და მათი დასავლელი კურატორები [არჩევნებში] გამარჯვებაში დარწმუნებული რომ იყვნენ, ისინი მოლდოვის სახელმწიფოში პირველად ფოსტის საშუალებით კენჭისყრას არ შემოიღებდნენ. თანაც არა [ევროკავშირის] ყველა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში მცხოვრებ მოლდოველებს კი არ აძლევენ ფოსტის საშუალებით კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალებას, არამედ მხოლოდ აშშ-სა და კანადაში მცხოვრებ მოლდოველებს დართეს ამის ნება. იმედოვნებენ, რომ იქ ადმინისტრაციული რესურსი დაეხმარება მათ. და არის მრავალი სხვა ცვლილება, რასაც არჩევნების წინ ხელისუფლება ატარებს. ეს ნიშნავს, რომ მათ ცეცხლი უკიდიათ, ისინი გრძნობენ, ისინი შიშობენ, რომ ყველაფერი ასე დალაგებული არ არის. ამიტომ არ არის სწორი, როგორც თქვენ თქვით, რომ მათ ეს არ სჭირდებათ. ამიტომ საჭიროა ასეთი ვარიანტის გათვალისწინებაც, რომ მათ შეიძლება ეს არჩევნები გადადონ.

მოლდოვის კანონი ფოსტით ხმის მიცემის უფლებას არა მხოლოდ აშშ-სა და კანადაში, არამედ ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და ისლანდიაში მცხოვრებ მოქალაქეებსაც აძლევს. ამ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა დაწერა.

"არა, ფულს მოსკოვიდან არ ვიღებთ"

არსებობს მოსაზრება, რომ მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის "სოციალისტური პარტია" დაფინანსებას მოსკოვიდან იღებს.

იგორ დოდონი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი პარტია მოლდოვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

იგორ დოდონი.: ეს არის დაფინანსების 80%, რადგან უკანასკნელი ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კანონმდებლობის თანახმად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებისა. დანარჩენი, არა უმეტეს15-20%, ეს არის პარტიის წევრთა შემოწირულება.

ი.რ.: პირდაპირ გკითხავთ, მოსკოვიდან ფულს იღებთ?
იგორ დოდონი.: არა. არ ვიღებთ და მორჩა.
ი. რ.: ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ თვალი გადავავლე მოლდოვაში ძალიან ცნობილ 2019 წლის ჩანაწერს...
იგორ დოდონი: ამის თაობაზე ახლა სასამართლო მიმდინარეობს...

ი. რ.: ამ ჩანაწერზე თქვენ და პლაჰოტნიუკი [ვლად პლაჰოტნიუკი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, 2019 წელს დატოვა მოლდოვა, მასზე ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები მოლდოვასა და რუსეთში, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში იგი აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეუმაც დაადანაშაულა. რ, თ.], მეორე დევნილი მოლდოველი ოლიგარქი, გარკვეულ კავშირს განიხილავთ. ამასთან, თქვენ ამბობთ, რომ ფულს მილერი [ალექსეი მილერი, კომპანია "გაზპრომის" დირექტორი - რ.თ.] და კოზაკი [დმიტრი კოზაკი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რ.თ.] გაწვდიან. და რომ კოზაკმა გითხრათ, რომ უკვე ფულს აღარ მოგცემენ პარტიისთვის, ლაპარაკია ასეულათასობით დოლარზე, და ახლა ეს პლაჰოტნიუკმა უნდა გააკეთოს.

იგორ დოდონი: როდესაც ეს ვიდეოები ახლახან სასამართლოში აჩვენეს, ყველა დამსწრემ საბოლოოდ დაინახა ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. ეს არ არის ორიგინალი. და ჩვენ ვითხოვეთ ექსპერტიზა. და ჩვენ დაგვეთანხმნენ ასეთი ექსპერტიზის ჩატარებაზე. და ეს ვიდეოები, როგორც 2019 წელს ვთქვით, ფეიკი ვიდეოებია, რომლებიც სხვადასხვა ნაწილისგან არის დამონტაჟებული და ეს სასამართლოშიც ჩანდა. ამიტომ - რა იყო ეს? მას შემდეგ, რაც ჩვენ შევძელით მისი [პლაჰოტნიუკის] ქვეყნიდან განდევნა და მან დაკარგა ძალაუფლება, - ეს იყო პლაჰოტნიუკის მცდელობა გავეშავებინეთ ჩვენ და როგორმე დავერწმუნებინეთ, რომ არ გაგვეკეთებინა კოალიცია მემარჯვენეებთან. ჩვენ ამაზე არ წავედით და ამის გამო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ახლა სასამართლო პროცესები გვაქვს... ჩვენ ვიტანთ დარტყმებს, ვმოძრაობთ წინ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ცამეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

2022 წლის 24 მაისს მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარეს ჩხრეკა იგორ დოდონის სახლში კორუფციის, უკანონო გამდიდრებისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით. სასამართლომ მას 30 დღით შინაპატიმრობა მიუსაჯა. AP-ის ფოტო
2022 წლის 24 მაისს მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარეს ჩხრეკა იგორ დოდონის სახლში კორუფციის, უკანონო გამდიდრებისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით. სასამართლომ მას 30 დღით შინაპატიმრობა მიუსაჯა. AP-ის ფოტო

და ეს სისხლის სამართლის საქმე მაია სანდუს დაბადების დღეს აღძრეს. მაია სანდუს დაბადების დღეზე მოვიდნენ ჩემთან გასაჩხრეკად და დამაპატიმრეს.

ი. რ.: ეს, სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესო დეტალია, რომ ეს მოხდა მის დაბადების დღეზე.

იგორ დოდონი: მაია სანდუს 50-ე წლისთავზე.

"სანდუმ, თუ დასჭირდა, შესაძლოა მეორე ფრონტი გახსნას"

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტი დაინტერესდა, თუ როგორ მოიქცეოდა იგორ დოდონი, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო 2022 წელს, ვლადიმირ პუტინს მისთვის უკრაინაზე თავდასხმისთვის მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიის გამოყენება რომ ეთხოვა.

იგორ დოდონი: კატეგორიულ უარს ვიტყოდით, ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა ვართ. და ის ფაქტი, რომ ლუკაშენკას აქვს გარკვეული შეთანხმებები რუსეთთან, მათ აქვთ CSTO [2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ/CSTO. მასში გაწევრიანებული არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი - რედ.] და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვართ CSTO-ს წევრები, ამიტომ კატეგორიულად შეუძლებელია მოლდოვის ტერიტორიის გამოყენება, მათ შორის დნესტრისპირეთის (და მე მჯერა, რომ დნესტრისპირეთი მოლდოვის ნაწილია), სამხედრო მიზნებისთვის. მაია სანდუ არღვევს მას. იმიტომ, რომ მოლდოვიდან უკრაინის არმიისთვის ორმაგი დანიშნულების ტვირთები მიედინება. ვფიქრობ, ეს არასწორია.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინას იარაღს ან სამხედრო ტვირთებს მოლდოვის ტერიტორიის გავლით აწვდიან.

მაგრამ იგორ დოდონი, მოლდოვის ექსპრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ მაია სანდუს ქმედება არ შეესაბამება ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს, რამაც შესაძლოა მოლდოვის ომში ჩართვა გამოიწვიოს.

იგორ დოდონი: აქ არის სამხედრო წვრთნები ამერიკელებთან, ნატოსთან. გუშინ მოლდოვის მთავრობამ მიიღო შეთანხმების პროექტი, რომ მოლდოვის სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ ნატოს მისიებში რუმინეთის ხარჯზე. ჩვენ ამის გამო შეშფოთებულები ვართ. რამდენიმე თვის წინ მოლდოვამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საფრანგეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რათა ჩვენ შეგვექმნას შესაძლებლობები საფრანგეთის ლეგიონისთვის. ჩვენ აქტიურად ვყიდულობთ იარაღს. ამაზე ბევრი ფული იხარჯება, უფრო მეტი, ვიდრე მასწავლებლებზე. მოლდოვაში მასობრივად დავიწყეთ რეზერვისტების შეკრება. ეს ყველაფერი მე, როგორც მოლდოვის მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს მოლდოვაში, რომელიც არ გაიქცა რუსეთში ან სადმე სხვაგან, რომელსაც აქ ოჯახი ჰყავს, ჩემი შვილი ყოველდღე დადის სკოლაში, - ძალიან მაწუხებს. მეშინია, რომ ჩვენთან არ იყოს ომი. დღევანდელი ხელისუფლება კი ამისკენ გვიბიძგებს. ვფიქრობ, რომ მაია სანდუ, ამჟამინდელი მთავრობა, თუ საჭირო გახდა რაიმე სახის მეორე ფრონტის გახსნა, სავარაუდოდ, ამ ვარიანტს დნესტრისპირეთში განიხილავენ.

ი. რ.: რომ კიშინიოვი დნესტრისპირეთს დაესხმება თავს?

იგორ დოდონი: კიშინიოვი დნესტრისპირეთს არა. ამ კვირაში, უკრაინის ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ იყო განცხადებები, რომ ბოლოს და ბოლოს დნესტრისპირეთის საკითხის საბოლოოდ გადაჭრა აუცილებელია ძალის გამოყენებით.

ი.რ.: ვინ თქვა ეს?


იგორ დოდონი: ეს ადრე იყო, დანილოვმაც, იყო კიდევ რამდენიმე სხვა, ჰონჩარენკომაც თქვა. არ ვფიქრობ, რომ კიშინიოვი დაესხმება თავს დნესტრისპირეთს.

ი. რ.: უკრაინა შეუტევს დნესტრისპირეთს?


იგორ დოდონი: ვფიქრობ, შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როდესაც შეიძლება მოხდეს უკრაინიდან ... მაგრამ მათ ამისთვის მოლდოველი ჩინოვნიკების თანხმობა სჭირდებათ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოლდოვის, დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია იქნება. ამის მეშინია.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, 2023 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდნენ, უკრაინასაც გაუადვილდებოდა საქმე.

„ჩემი პოზიცია ჯერ კიდეც თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში [გამოვხატე], როცა ჩვენთან დაიწყო აგრესია და ვამბობდი: თუ ქართველები და მოლდოვა რუსი ოკუპანტებისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდნენ, ჩვენ გაცილებით სწრაფად მოვაგვარებდით ამ საკითხს. მაგრამ ეს მათი მთავრობების, ამ ქვეყნების გადასაწყვეტია. ისინი მიიჩნევენ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როცა ჩვენ გავიმარჯვებთ რუსეთზე, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.

მისი თქმით, 2008 წელს საქართველოს ომის და 2014 წელს ყირიმის მოვლენების დროს მსოფლიოს პუტინისთვის პასუხი რომ გაეცა, ახლა გაცილებით ნაკლები დანაკარგი იქნებოდა.

  • დანილოვის ეს განცხადება არაერთხელ გახდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის საგანი.
  • საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავენ.
  • განცხადებებს, რომ დასავლეთი მოუწოდებს საქართველოს ომისკენ, კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG