გამოძიება უნდა ჩატარდეს - ეუბნება რადიო თავისუფლებას დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეუფე იაკობის იმ განცხადებების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებას გეგმავდნენ.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე ასევე ლაპარაკობს ხელისუფალთა ინტერესზე, ეკლესიის კულუარულად მართვის რისკებზე, ეკლესიაში რუსეთის ზეგავლენებსა და სამომავლო გამოწვევებზე.
რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის მეუფე იაკობის განცხადებები, რომ იგეგმებოდა პატრიარქის გადაყენება ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩარევით?
პირადად მე არ მაქვს საფუძველი მის განცხადებაში ეჭვი შევიტანო, რადგან, ზოგადად, სავსებით შესაძლებელია არსებობდეს ხელისუფალთა ინტერესი და სურვილი - ჩაერიონ მომავალი პატრიარქის არჩევნებში და ეკლესიის მართვაში.
საერთოდ, ეს არის ხელისუფლებათა დიდი ცდუნების თემა - არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, და მით უფრო - ისეთი სუსტი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა - სადაც კანონი არ კანონობს, ხელისუფალნი კი ძირითადად ცრუ და არასანდონი არიან.
რა შეკითხვები გაგიჩნდათ მეუფე იაკობის განცხადებების შემდეგ?
უპირველესად, საინტერესოა ხელისუფალთა მიერ წამოყენებული პატრიარქობის კანდიდატის რაობა და მიზნები, რის საფუძველზე შეარჩიეს იგი და ხომ არ არის ეს რუსული დაკვეთა?!
რადგან, ფაქტია, რომ რუსეთი ძალიან გაძლიერებული პოზიციებითაა წარმოდგენილი დღეს საქართველოში და ქართულ ეკლესიაზე გავლენა, რომელიც ეროვნული ცნობიერების ორიენტირია, რუსეთის დიდ ინტერესში შედის.
უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება მეუფე იაკობის ბრალდებებთან დაკავშირებით და რას დააზარალებს, თუკი ეს არ მოხდება?
ეს საკითხი აუცილებლად იმსახურებს გამოძიებას და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას.
თუკი ეს არ მოხდება, უპირველესად, საფრთხე ემუქრება სამომავლოდ, ახალი პატრიარქის თავისუფალ გარემოში კანონიკური წესების დაცვით არჩევას. საერო ხელისუფალთა ჩარევით არჩეული პატრიარქი საეკლესიო კანონთა განჩინებით უკანონოა და გადაყენებას ექვემდებარება. უმთავრესი კი ისაა, რომ ეკლესია კანონიკური განწესებით უნდა იმართებოდეს და არა კულუარული, ბნელი და უსამართლო წესებით.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მწვავე შეფასებებით გამოეხმაურა მეუფე იაკობის სატელეფონო ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საზოგადოებამ 26 ოქტომბერს მოისმინა.
„შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება. სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე რა თქმა უნდა ენიჭება ეკლესიის მეთაურს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი...“, - წერდა დეკანოზი.
მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ:
- პატრიარქის გადაყენების გეგმით მას პრემიერის კაბინეტში „ეჩალიჩებოდნენ“: იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი უფროსი - ვახტანგ გომელაური და შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი - გიორგი გახარია.
- პროცესში ჩართული იყო ბიზნესმენი ვანო (სავარაუდოდ - ჩხარტიშვილი), ხოლო დავალება თავად ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა - „ვანოს ის იყო ბიძინასთან, ბიძინამ კიდე ამათ დაავალა“. ამ ვერსიით, ილია მეორე, სავარაუდოდ, მოსაყდრე შიო (მუჯირს) უნდა ჩაენაცვლებინა.
- იყო ფინანსური გარიგებებისა და მასშტაბური თანხების უკანონოდ მოთხოვნის ფაქტები, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ჩარევით.
28 ოქტომბერს საპატრიარქოში მისულმა მეუფე იაკობმა ბრალდებების დიდი ნაწილი ისევ გაიმეორა - „ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს“.
31 ოქტომბერს, წმინდა სინოდის სხდომაზე, ბევრი მოელოდა მეუფე იაკობის დასჯას, თუმცა სინოდი მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.
საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ არ არსებობს საფუძველი გამოძიების დასაწყებად. „ქართული ოცნება“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.