Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტვერპენის აივნებიდან დევი ხმალაძის ქანდაკებისთვის დაკრული ტაში


დევი ხმალაძე
დევი ხმალაძე

დევი ხმალაძე ანტვერპენში ჩვენი შეხვედრისას,  საკუთარი ნამუშევრების გარშემო ბაასთან ერთად, გველაპარაკა სარესტავრაციო სამუშაოებზე. ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად ექვსი წლის წინ ჩავედით ანტვერპენში და მოკლე ფილმი გავაკეთეთ დევი ხმალაძესა და მის მეგობარ და კოლეგა დათო ნათიძეზე.

საქართველოში იცნობენ ბათუმის „მედეას“. ის ძველი მეგობრების ნამუშევარია - დევი ხმალაძეს ეკუთვნის ქანდაკება, რელიეფები დათო ნათიძის ქმნილებაა. „შინ - უცხოეთში“ ახლა ჯერ დევიძეზე გიამბობთ, მომდევნო ეპიზოდი დათო ნათიძეს მიეძღვნება.

დევი ხმალაძე ანტვერპენში ცხოვრობს მეოთხედ საუკუნეზე მეტია. იქ აქვს სახელოვნო, იქ არის მისი სამსახური. ამ წლების მანძილზე არაერთი ფორმა შეუქმნია. კოვიდის პანდემიის დროს დევის საკუთარ თავზე მუშაობის მეტი დრო ჰქონდა სიმყუდროვეში. იმ პერიოდში შექმნილ ძეგლზე ვსაუბრობთ: ეს არის მუშტი, ხელის მტევანი, მაღლა აწვდილი ცერა თითით, რომელიც ანტვერპენში, მის ძველ უბან ბერხენში დაიდგა მაშინ - პანდემიის დროს. რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა „საზეიმო ცერემონიას“ და როცა ძეგლი გაიხსნა, ხალხი აივნებიდან ტაშს გვიკრავდაო, მითხრა დევი ხმალაძემ.

დევი ხმალაძე - მოქანდაკე ანტვერპენში
please wait

No media source currently available

0:00 0:38:58 0:00
გადმოწერა

დევი ხმალაძე სარესტავრაციო საქმიანობაზეც ჰყვება. ერთი მხრივ, ამ საქმეს არაპროფესიონალს, არახელოვანს ვერ მიანდობ, მეორე მხრივ კი, თავისუფალმა არტისტმა, ამ შემთხვევაში დევი ხმალაძემ, სარესტავრაციო თუ განახლების სამუშაო ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს, ისე, რომ თავისი გემოვნება თუ იდეა არ გამოაჩინოს სარესტავრაციო ობიექტში, თორემ ეს ცუდი რესტავრაცია იქნება.

დევი ხმალაძე მესაუბრა ასევე მასალაზე, სხვადასხვა სტიქიაზე ძერწვის თუ გამოქანდაკების დროს.

დევის ვთხოვე ეამბა ნიდერლანდში, კუნძულ ტექსელზე 1945 წელს გერმანელთა მხარეს გადასულ ქართველ მეომართა აჯანყების მონაწილეთა მემორიალის შესახებ, რომელზეც ერთი წელი იმუშავა და რომელიც შარშან გაიხსნა. მემორიალზე ამოტვიფრულია რამდენიმე ასეული ქართველი ვერმახტელის, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლის მონაწილეთა გვარები.

შინ - უცხოეთში: ანტვერპენელი ქართველი მოქანდაკეები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:40 0:00

დიდი მოვლენა იყო ბელგიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანებისთვის, 2023 წლის ევროპალია - ხელოვნების ფესტივალი, ბიენალე, რომელზეც წარმოდგენილია ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და რომელზეც შარშან საქართველომ თავისი კულტურა და ისტორია, ხელოვნება - მუსიკა და ქანდაკება გააცნო ევროპას. 2023 წლის ევროპალიის მონაწილე იყო დევი ხმალაძეც, რომელიც მოკლედ იხსენებს იმ დღეებს.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG