Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 დაღუპული, 48 - დაშავებული - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა


ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა.

ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ამ გზაზე მომხდარი ავარიების სტატისტიკა საყურადღებოა. მისივე თქმით, საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს ვითარების უფრო დეტალურად შესწავლის მექანიზმი. ლალიაშვილი ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ საზღვარგარეთ აპრობირებული სისტემის დანერგვაზე, რომელიც ე.წ. „შავი წერტილებისა“ და „შავი მონაკვეთების“ განსაზღვრას შეუწყობს ხელს.

კერძოდ, თუ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას (ადგილის სიგრძე განისაზღვრება 300 მეტრით) 3 ადამიანი დაიღუპა, ადგილს „შავი წერტილის“ კატეგორია ენიჭება. ხოლო, თუ 3-4 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას (კილომეტრის მანძილზე) 6 ადამიანი დაიღუპა, ეს უკვე „შავი მონაკვეთია“.

ეკა ლალიაშვილი
ეკა ლალიაშვილი

​„როდესაც „შავი წერტილები“ და „შავი მონაკვეთები“ უკვე იდენტიფიცირებული იქნება, უნდა ჩატარდეს მოკვლევა, რა იწვევს ამ კონკრეტულ ადგილებში საგზაო შემთხვევებს. შემდეგ უნდა იზრუნონ გამოსწორებაზე. ვფიქრობ, ერთ წელიწადში 10 ფატალური შემთხვევა ძალიან მაღალი მაჩვენებელია. იქ ან ინფრასტრუქტურის პრობლემა იქნება, ან მაღალი სიჩქარე, ან მანქანის გაუმართაობა“, - ამბობს ეკა ლალიაშვილი.

​მისივე თქმით, შსს-ს პრობლემური მონაკვეთები გამოყოფილი კი აქვს, მაგრამ რეაგირება ფიზიკურად ვერ ხდება, რადგან მონაცემები მაინც ზოგადია.

ამასვე აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით პასუხისმგებელ უწყებებს უწევს კოორდინაციას.

„ტექნიკური პრობლემების გამო დღემდე არგვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი„შავი წერტილები“. ვერხერხდებოდა საგზაო შემთხვევის ლოკაციის ზუსტი განსაზღვრა. ცდომილება იყო საკმაოდ დიდი -დაახლოებით, კილომეტრიანი, ზოგ შემთხვევაში - 500-მეტრიანი. ამჯერად შსს ამ პრობლემის მოგვარების გზაზეა“, - ამბობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ერეკლე კეჟერაშვილი.

მისივე თქმით, 2019 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია „შავი წერტილის“ დეფინიციის განსაზღვრა, რის შემდეგაც შესაბამის უწყებებს საფუძველი ექნებათ ზომები მიიღონ. ასევე მომზადებულია საავტომობილო გზების შესახებ კანონში შესატანი ცვლელებები. პაკეტი განსახილველად გაგზავნილია სხვადასხვა უწყებაში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG