Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯი: ჯერ მხოლოდ სამღვდელოებისთვის


დავით გარეჯში გზა 11 ოქტომბრიდან მხოლოდ სასულიერო პირებისთვის გაიხსნება - გიორგი გახარიამ, ბაქოში მოლაპარაკებების შედეგად, ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო კათოლიკოს-პატრიარქის დავალების შესრულება. ითქვა, რომ მეტის მისაღწევად საჭიროა ხალხის სიმშვიდე და პატრიოტიზმის სწორად გაგება.

ოპონენტები კი ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაძაბული სიტუაციის გამოსწორება უწევს. ვის შეუძლია ხალხის დამშვიდება?

გიორგი გახარიასადმი მიძღვნილ 8 ოქტომბრის წერილში კათოლიკოს-პატრიარქი ხაზს უსვამდა აუცილებლობას, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტიაციის პროცესის დასრულებამდე:

  • აღდგეს აქამდე არსებული სტატუს კვო - სასულიერო პირებსა და ტურისტებს არ შეექმნათ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების მონახულების პრობლემა;
  • ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია.

ისედაც დაძაბული ვითარების ფონზე, პატრიარქის წერილის გათვალისწინებით, ბევრი მოელოდა, რომ დავით გარეჯის საკითხი დიდ ადგილს დაიკავებდა აზერბაიჯანში გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

გიორგი გახარია დავით გარეჯზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:40 0:00

ვიზიტის (9 ოქტომბერი) დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 10 ოქტომბერს თბილისში, მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ:

  • „ხვალიდან (11 ოქტომბრიდან) ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება“;
  • „შესაბამისად, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“.

პრემიერს არ უთქვამს, დასახელდა თუ არა კონკრეტული ვადები და პირობები ტურისტებისთვის და მომლოცველებისთვის, რომ მათ უპრობლემოდ შეძლონ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების მონახულება.

თუმცა მისი განცხადების შინაარსით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ბაქოს პრეტენზიები ქართული საზოგადოების რეაქციებს - გამონათქვამებსა და ქმედებებს უკავშირდება.

  • „ჩვენს მოქალაქეებს გვმართებს პასუხისმგებლობა და სიფრთხილე ყოველი ნაბიჯის, სიტყვის კონტექსტში და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. ეს არის ის მიდგომა, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს და ამ მიმართულებით უნდა გავატაროთ“;

გიორგი გახარია ამბობს, რომ დავით გარეჯის პრობლემა საბოლოოდ, უნდა გადაწყდეს: ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორიული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით.

პატრიარქის წერილის პრინციპული აქცენტების გათვალისწინებით, რადიო თავისუფლება10 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია საპატრიარქოს პოზიცია ბაქოში მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიუწვდომელი აღმოჩნდა.

სხვა რეაქციები საქართველოში

10 ოქტომბერს საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რითაც ის „მიესალმება შედეგს, რომელიც პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტს მოჰყვა“.

ზურაბიშვილი არ ახსენებს, რომ გზა ამ ეტაპზე მხოლოდ სასულიერო პირებისთვის იხსნება და წერს:

  • „ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად“;
  • „აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება“.

2019 წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირველად შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, ეს მოულოდნელობა ხელისუფლების ოპონენტებმა საქართველოში სწორედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირეს. თუმცა ამ კავშირს არა მხოლოდ საქართველოში ხედავდნენ.

როგორც აზერბაიჯანელმა დეპუტატმა რასიმ მუსაბეკოვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დავით გარეჯის საკითხის ემოციური შემადგენელი გარკვეულწილად მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იქ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა - „გასაგებია, რომ ერთ მხარეს გამოვლენილმა ასეთი დონის ყურადღებამ ყურადღება გაუმახვილა მეორე მხარესაც“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი დავით გარეჯში, აპრილში, "ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად ჩავიდა და თქვა:

  • „აუცილებელია, რომ ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა“ და „აუცილებელია, რომ ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ“,
  • „და ასევე, სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს... რომელიც ვეღარ ითმენს“.

მწვავე პროცესების სათავის საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირების ფაქტი 10 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმაც გაიხსენა. მან თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა თავისი შერჩეული პრეზიდენტის გაფუჭებული საქმის გამოსწორება უწევს.

  • „მე მივესალმები, რომ ეს საკითხი გადაიჭრას რაც შეიძლება კონსტრუქციულად, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრობლემის შექმნაში ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ხელდასმულია პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილის მიერ";
  • „მთავარი ზიანი ამ საქმეს მიაყენა "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. ასე რომ, თუ ვინმესთან აქვს პრეტენზიები აღმასრულებელ ხელისუფლებას, შეუძლია საკუთარ პოლიტიკურ რიგებში მოიკითხოს, ვინ არის პასუხისმგებელი“.

დავით გარეჯთან მიმართებით 14 ივლისის მსგავს ინციდენტებს დაუშვებლად მიიჩნევენ ანალიტიკოსები. როგორც, მაგალითად, გიორგი გობრონიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ხალხის ემოციებს მხოლოდ მოწოდებებით ვერავინ შეაჩერებს, თუკი ხელისუფლებამ მეტი გახსნილობა და თანმიმდევრულობა არ აჩვენა.

„საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს ეროვნულ ინტერესს და მიჰყვება ეროვნულ ნარატივს. ასევე, ხელისუფლებამ ხალხს უნდა განუმარტოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

თუ ამას ვერ დაინახავს საზოგადოება, ასე უბრალოდ თქმა - დაწყნარდითო, არ იქნება საკმარისი... რადგან არსებობენ (ნაციონალისტური და პრორუსული) ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან საპირისპიროში“.

გიორგი გობრონიძე ასევე ფიქრობს, რომ:

  • ზოგჯერ კარგიც არის ხალხის პოზიციის გამოხატვა და აზერბაიჯანული მხარისთვის იმის ჩვენება, რომ - საქართველოსთვის დავით გარეჯი ძალიან ძვირფასია;
  • თუმცა ეს უნდა მოხდეს ზომიერების ფარგლებში და ყოველმხრივ უნდა შევეცადოთ, არ დავუშვათ ინციდენტები, რომლებიც დაძაბავს აზერბაიჯანისა და საქართველოს კეთილმეზობლურ და სტრატეგიულ პარტნიორობას.

ბაქოში მიღწეულ შედეგს - დავით გარეჯის მონასტრებში სასულიერო პირების დაშვებასთან დაკავშირებით, წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა.

როგორც მან 10 ოქტომბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, დავით გარეჯის საკითხი მოლაპარაკებების გზით, მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს და „ხალხმა სიმშვიდე ყოველთვის მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ღირსების ფასად“.

ქაცარავას შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება გამიჯნულია ხალხის განწყობებისგან და თუკი აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარებში მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ - დავით გარეჯი აზერბაიჯანს ეკუთვნის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად თავს იკავებენ ასეთი განცხადებების გაკეთებისგან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG