Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს მეექვსედ გაიმართება


დაარსებიდან ამ დრომდე გორის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო.
დაარსებიდან ამ დრომდე გორის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო.

გორის თეატრიდან მსახიობები ქალაქის ქუჩებში დღეს ხმაურით გამოვიდნენ და მოსახლეობას კომედიის საერთაშორისო ფესტივალის დაწყება ამცნეს. გორში, ტრადიციულად, კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეექვსედ იწყება, უცვლელი სლოგანით - "დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“.

თეატრალური ფესტივალი 2014 წელს ქალაქ გორში გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონალური ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დააარსა. სოსო ნემსაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ თავიდან კომედიის ფესტივალის გიორგი ერისთავის სამშობლოში ჩატარების იდეა მისი პიესების გამო გაუჩნდა, მოგვიანებით კი აგვისტოს ომის გამო გაჩნდა სლოგანი „დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“.

ფესტივალის რეპერტუარი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, კომედიური ჟანრის სპექტაკლებს მოიცავს. დაარსებიდან ამ დრომდე გორის ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია, კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. გასულ წელს კი საქართველოს კომედიის ფესტივალი საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ რამდენიმე კომედიის ფესტივალია და მათ შორის დღეს საქართველოს კომედიის თეატრალური ფესტივალიც არის. მსახიობი ბაჩო ქაჯაია ამბობს, რომ ფესტივალის კონცეფცია სწორად არის შერჩეული და გორელ მაყურებელს შეუძლია საქართველოს სხვადასხვა დასის შემოქმედებას საკუთარ სცენაზე გაეცნოს. გარდა ამისა, მსახიობებიც ერთმანეთში მოსაზრებებს ცვლიან.

თეატრალური მსვლელობა-პერფორმანსი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საღამოს რვა საათისთვის თეატრის სკვერში დასრულდება.
თეატრალური მსვლელობა-პერფორმანსი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საღამოს რვა საათისთვის თეატრის სკვერში დასრულდება.

ფესტივალის მიმართ შედარებით კრიტიკულადაა განწყობილი გორის თეატრის მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე. მისი აზრით, იდეა ძალიან კარგია, მაგრამ, ფესტივალის პირველი წლებისგან განსხვავებით, ხარისხი ეცემა, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. ჭანკოტაძის აზრით, ფესტივალის ორგანიზება ადგილობრივი კადრებით უნდა ხდებოდეს. მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა ფესტივალის იდეისგან თემატური აცდენაც ხდება.

თამარ კოშორიძე დიდი ხანია გორის თეატრის მაყურებელია. მისი აზრით, ფესტივალი ადგილობრივ საზოგადოებას საშუალებას აძლევს სხვა შემოქმედებითი დასების სპექტაკლებიც ნახოს და მეტი ინფორმაცია მიიღოს სხვა თეატრებში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად, ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.
წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად, ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.

თეატრალური მსვლელობა-პერფორმანსი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საღამოს რვა საათისთვის თეატრის სკვერში დასრულდება. საფესტივალო ჩვენებას მარჯანიშვილის თეატრი გახსნის სპექტაკლით „მეფე მოკვდა“ (ავტორი - ეჟენ იონესკო). ფესტივალი 14 ივნისამდე გასტანს და, ქართული თეატრალური დასების გარდა, მასში მონაწილეობას რუმინეთის თეატრიც მიიღებს.

წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად, ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილებს მოამზადებენ, რომელთა გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება.

XS
SM
MD
LG