საქართველოში გამოგზავნილ წერილებში ბარათაშვილი ხშირად წერს პოეტ ქალ გონჩა ბეიმსა და მის ლექსებზე, აპირებდა ეს ლექსები ეთარგმნა კიდეც, თუმცა გონჩა ბეიმის პოეზია პირველად მხოლოდ ახლა ითარგმნა.
ნიკოლოზ ბარათაშვილი იმდენს და ისე წერდა გონჩა ბეიმზე, რომ თბილისში დაეჭვდნენ, ტატო შეყვარებული ხომ არ არისო. მაიკო ორბელიანისთვის გამოგზავნილ მორიგ ბარათში ბარათაშვილი ჭორების გაფანტვას ცდილობს: „საყვარელო დაო, მაიკო! დიდად ვწუხვარ, რომ ვერ გამოიცან ჩვენი მოქმედება. მე კიდეც შევარიგე ცოლ-ქმარი (გონჩა ბეიმი და მისი მეუღლე)“. თუმცა ეჭვი მაინც დარჩა, რადგან სწორედ იმ ხანებში ბარათაშვილმა ორი სატრფიალო ლექსი შექმნა და ისინი არა ცისფერთვალება ეკატერინე ჭავჭავაძეს, არამედ შავგვრემან ასულს ეძღვნებოდა.
„აქ ,ნახჩევანში, ერთი ახალი ლექსია, თვრამეტის წლის ქალის ნათქვამი, რომელსაც სახელად გონჩა-ბეგუმ ჰქვია. ხანის ქალია, ძალიან ლამაზი და მარილიანია. ბევრში წარმოგიდგენთ ორლოვის ცოლს. საცოდავი დამწვარია თავისი ქმრისაგან. თვრამეტი წლისა ყოფილა, რომ ძალზედ გაუთხოვებიათ. ამათი ამბავი რომ იცოდეთ, ერთი კარგი რომანია - ამ ლექსში თავის თავს სტირის. ერთს ადგილას ამბობს: ჩემო მშვენიერო ბახჩაო, მინდა მოვიდე, ვიმუსაიბო შენს შადრევანთან, შენს ყვავილებთან, მაგრამ მეშინიან, რომ ჩემი ქმარი იქ არ იყოსო. ამ ლექსს დავაწერინებ და თავის თარგმანით გამოგიგზავნით“, - წერდა ბარათაშვილი მაიკო ორბელიანს.
ლექსი თარგმნა თუ ვეღარ, ეს უკვე ცნობილი არ არის. დიდი ხნის განმავლობაში არც ის იყო ცნობილი, საერთოდ რომელ ლექსზე ლაპარაკობდა ბარათაშვილი. თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ შარაბიძემ ორიოდე წლის წინ განჯასა და ნახჭევანიდან გონჩა ბეიმის პორტრეტი და პოეზია ჩამოიტანა. ლექსები შემდეგ ოქტაი ქაზუნოვმა თარგმნა და ერთ-ერთის შინაარსი ბარათაშვილის მონაყოლს ზედმიწევნით დაემთხვა.
„ბატონებო, მე რისთვის განმაქიქებთ,
თუ უწამლებს ჩემ დარდებს, ის უწამლებს.
ტრფობაში ჩაცვენილებს ბოლოს ეს დარდი
დაადნობს, გაათხელებს, მოტირალად აქცევს.
ნეტამც მიწამ უყოს პირი ცუდ-მრუდს,
სახე ფიანდაზად მექცა, თავი კი დარდის თარჯიმნად,
შენ გარდა ამ ჩემ დარდებს წამალს ვერავინ მოუძებნის,
ვერც პლატონი, ვერც ლოღმანი.
თვალის ცრემლით არზა მივწერე სათარს,
ეგება დარდისა და ნაღველისგან გადაგვარჩინოს,
მკერდმოღიავებულს, თმაგაშლილს, შავი პირით
ვინც კი მნახავს, შენ გაგკიცხავს!
ავს მიატოვებენ და სიკეთეს მიეახლებიან,
მართალი სიტყვის მთქმელთ დაუგდებენ ყურს,
ღარიბთ მოიკითხავენ და მსხვერპლს შესწირავენ,
ჩემ ბეგ იბრაჰიმს სიცოცხლეს ანაცვლებენ.
შვიდი კაბა, თან შვიდივე ჯაჭვით გადაბმული,
მეშინია უკანა კარიდან ხანი არ შემოვიდეს“.
ლექსი ნახევრად სპარსულად, ნახევრად კი აზერბაიჯანულად არის დაწერილი.
„გასაკვირია, რომ გონჩა ბეიმი ასეთი თამამი, ემანსიპირებული ქალია. ღიად საუბ,რობს, რომ სხვა უყვარს. სათარს რომ ახსენებს, სავარაუდოდ, ის ბარათაშვილისგან იცის. სათარი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მომღერალი იყო, ტატოს ძალიან ახლო მეგობარი, სადაც კი წავიდოდა, თან მიჰყავდა. ტატო მაიკოს სწერს კიდეც, ამ ლექსს რომ გამოვაგზავნი, მისი მელოდია სათარს ეცოდინება, სათარმა იცის, როგორ უნდა იმღეროსო“, - ამბობს თამარ შარაბიძე.
გონჩა ბეიმი ცდილობდა ქმარს გაშორებოდა. მათი გაყრის საკითხი მაზრის უფროსს უნდა გადაეწყვიტა. ამ თანამდებობაზე მაშინ ნიკოლოზ ბარათაშვილის მეგობარი ლევან მელიქიშვილი იყო დანიშნული. თვით მელიქიშვილი ამის შესახებ წერს: „ტატო დღე და ღამე იხვეწება, თუ ღმერთი გწამს, გააშვებინე ქმარიო. მე, როგორც დამჯდარი კაცი, არა ვშვრები“.
„თუ მართლაც უყვარდა ბარათაშვილს გონჩა ბეიმი, გამოდის ეს ისევ ცალმხრივი სიყვარული იყო, რადგან ბეიმი აშკარად წერს, რომ მისი სატრფო იბრაჰიმ ბეგია“, - ამბობს თამარ შარაბიძე.
ქვევით რადიო თავისუფლება გონჩა ბეიმის კიდევ ერთი ლექსის თარგმანს გთავაზობთ:
„განშორების დიდოსტატს, სევდის შემყიდველს,
მაგ სასტიკ პირუმტკიცს უთხარ, რომ მოვიდეს;
ისევ განაახლოს ჩვენი შეხვედრები;
ჯიგარი მექცა ათას ნაკუწად, უთხარ, მოვიდეს.
ჩემი თხოვნა ჩავაწერინე არზაში,
შავი ღვიძლი გამიჭერ და ნახავ, რომ წყლული მაქვს,
ერთხანს შევრჩით იმამრზაში
და ჩემს დარდს უსაშველა,
უთხარ მოვიდეს.
მეტრფეა სატრფოს მემკვიდრეობა,
სიყვარულის ალში ტყუილუბრალოდ წვა ამაოა,
ჩვენი სამყოფელი თუნი და თაბასია,
ყარიბი აღმოვჩნდი ამ მხარეში, უთხარ მოვიდეს.
მეტრფემ იცის სატრფოს სულიერი მდგომარეობა,
თუ დაგვებედება, შენს ხელს მოვიქცევ ჩემს ხელში.
იმ ღალატიანის მოლოდინში
თვალის გუგა გამითეთრდა, უთხარ მოვიდეს!
ჩვენ ძაღლი რაყიფები მიგვიჩნევენ ქედმაღლად,
ჩვენ მოლას მივანდეთ ჩვენი სიწმინდე,
მე ბეიმი ვარ, იბრაჰიმის თვალის ჩინი,
ფარულად კი არა, ცხადად, აშკარად უთხარ, მოვიდეს“.