სპოილერს მოვერიდები; მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ლევან აკინის ფილმს “და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ” დღეს-ხვალ თუ არა, ძალიან მალე ნახავს ქართველი მაყურებელი. ალბათ, აქციასაც მოაწყობენ. ალბათ, დაგვაშინებენ, პოლიციაც ვერავის დაიცავს. მაგრამ ქართველი მაყურებელი მაინც ნახავს ამ ფილმს. მაინც იცეკვებს. მაინც არ გაემიჯნება მთავარს, რისთვისაც მოვევლინეთ ამ სამყაროს - თავისუფლებას და ახლის შეცნობის სურვილს.
უფრო მეტს გეტყვით: გურამ დოჩანაშვილის “კარცერი ლუქსი” ხომ გახსოვთ? ადგილი, სადაც უწიგნურებს ძალით ჩასვამენ და კითხვას დააწყებინებენ? ხომ გახსოვთ ეს ჩვენი “ლიბერალური ძალადობა”, თუ როგორ ეძახით დღეს? - “ლიბერალური ფაშიზმი”. ჰოდა, ეს დაბნეული, ბოროტი ცხოვრებისგან გაბოროტებული და, როგორც წესი, მოტყუებული ხალხი იმ კინოთეატრში რომ დასვა, რომელშიც ლევან აკინის ფილმს უჩვენებენ, დარბაზიდან სულ სხვანაირი გამოვა. ყველა თუ არა, ერთი ადამიანი მაინც. და ეს უკვე ქართულ-შვედური ფილმის დიდი გამარჯვება იქნება. უფრო დიდი გამარჯვება, ვიდრე ტრიუმფი კანის ფესტივალზე, რომლის მოწმეც მე გავხდი.
გამოგიტყდებით, ტრეილერი, რომელიც გავრცელდა აკინის ფილმის პრემიერამდე, არ მომეწონა. გამაღიზიანა სრულიად ყალბმა დიალოგმა, რომელიც, როგორც ყველა ტრეილერში, კონტექსტიდან ამოვარდნილია. მეშინოდა, რომ “და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ” გაიზიარებდა კანში ბედს ქართულ-ამერიკული ფილმისა “აგვისტოს 5 დღე”, უსაშველოდ პრიმიტიული სპეკულაციისა, რომელიც დღეს, მგონი, აღარც არავის ახსოვს. აქაც ძალიან დიდი იყო საშიშროება საქართველოში დღითი დღე გაძლიერებული და დაუსჯელი ჰომოფობიით სპეკულაციისა, მაყურებლის - განსაკუთრებით, დასავლელი მაყურებლის - გრძნობებზე თამაშისა, ახალი მითების შექმნისა “ველურ ქართველებზე”, რომლებიც ჩოხებისა და ხმლების კულტურიდან ვერა და ვერ გამოდიან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ “და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ” არის ფილმი, რომელშიც ჰომოფობია სულაც არაა მთავარი თემა, უფრო სწორად, ერთადერთი თემა. აღმოჩნდა, რომ ლევან აკინმა გადაიღო ფილმი დროზე, მე ვიტყოდი “გარდამავალ დროზე”, როცა ძველი და ახალი არა მარტო ებრძვის ერთმანეთს, არამედ ერთმანეთში შეღწევასაც ცდილობს; როცა ახალგაზრდები ტრადიციული კულტურის ნგრევის ნაცვლად ამ კულტურის წიაღში შეღწევას, ამ კულტურის გაცოცხლებას ცდილობენ. კი, რა თქმა უნდა, მათ წინააღმდეგობას უწევენ, რა თქმა უნდა, მათ სცემენ, ემუქრებიან, ქვეყნიდან წასვლას ურჩევენ, მაგრამ ახალგაზრდები მაინც ცეკვავენ. თან ბევრად უკეთესად ფლობენ თავიანთ სხეულს, ვიდრე ისინი, ვინც ძველისკენ, მომაკვდავისკენ ექაჩება.
ვინაიდან დრო აკინის ფილმის მთავარი გმირია, ბუნებრივია, რომ აქ ყველა გამომსახველობითი საშუალება მიმართულია “დროის პორტრეტის” შექმნისკენ - აკინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გვიჩვენოს როგორია საქართველო, უფრო სწორად, როგორია თბილისი 2019 წელს... ცდილობს არ გამორჩეს არც ერთი აქტუალური თემა - ოკუპაცია, სოციალური უთანასწორობა, ნარკოპოლიტიკა, ცენტრისგან გამიჯნული რეგიონები, სასულიერო პირების პერვერსიულობა (ახალგაზრდები ჰყვებიან ვინმე ზაზაზე, მოცეკვავეზე, რომელიც მშობლებმა მონასტერში გაუშვეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ შვილი გეი ჰყავთ... როგორც აქ ამბობენ, “სამკურნალოდ”. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი ზაზა რომელიღაც ბერის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა). ჰომოფობია ამ ყველა პრობლემის შედეგი უფროა, ვიდრე მიზეზი. ჰომოფობია იმიტომ კი არ ძლიერდება, რომ “ჰომოფობიურია კულტურა”, არამედ იმიტომ რომ ფილმის მთავარ გმირს, მერაბს, ასეთ დროში უწევს ცხოვრება - იმ დროში, როცა ახალგაზრდებმა უკვე იგემეს თუნდაც “ბასიანის” გემო, თავისუფალი ცეკვის გემო, მაგრამ ყველამ ჯერ არა! სხვებს ყველაფერი წინ ელით.
დრამატურგიულად ეს თემები იმდენადაა გადაჯაჭვული, პერსონაჟების საქციელი იმდენადაა “მიზეზ-შედეგობრივად გამართლებული”, რომ ფილმში, ფაქტობრივად, არაა არა თუ ეპიზოდი, არამედ კადრიც კი, რომლის ამოღება არაფერს შეცვლიდა საერთო სტრუქტურაში. კი, დროის ამ პორტრეტს ხანდახან მასშტაბურობა აკლია, ზოგიერთი პერსონაჟი, განსაკუთრებით მოძალადეები, მეტისმეტად კარიკატურულია... კი, პროფესიონალი მსახიობებისა და არაპროფესიონალების ეს ნაზავი ზოგჯერ ორგანულობის ამ საერთო განცდას “აქრობს” და რამდენიმე სცენაში პედლის ზედმეტი ხმარების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ყველაფერი აბსოლუტურად უმნიშვნელოა. მთავარი ისაა, რომ ეს ახალგაზრდა მსახიობები თავისუფლები არიან კამერის წინ, იმდენად უხარიათ თამაში, რომ რამდენიმე სცენა პირდაპირ “გეძახის” დატოვო შენი თავი და შეუერთდე გმირებს. განსაკუთრებით იმ ეპიზოდებში, როცა მერაბი - ქართული კინოს ნამდვილად ამომავალი ვარსკვლავის ლევან გელბახიანის შესრულებით - კამერისკენ ბრუნდება და თავისი სევდიანი თვალებით თითქოს თანაგრძნობას გვთხოვს. დიახ, ჩვენ გვთხოვს თანაგრძნობას!
მეც მწამს ამ კარცერი-ლუქსის. უფრო მეტიც, მგონია, რომ კინოხელოვნება ლიტერატურაზე უკეთ ასრულებს იმ როლს, რომელიც გურამ დოჩანაშვილმა წიგნს მიანიჭა. მახსოვს, დიდი ხნის წინ, როცა კარგ ფილმებს ვიდეოკასეტებზე ვუყურებდით, თანაც, მაშინ, როცა ვიდეომაგნიტოფონი ყველას არ ჰქონდა, სახლში, ჩემთან, პატარა კინოსეანსი მოვაწყვე - ბრაზილიელი რეჟისორის, ჰექტორ ბაბენკოს “ობობა-ქალის კოცნა” ვუჩვენე რამდენიმე ჩემს ნაცნობს, რომლებსაც - აი, როგორ გითხრათ, არ ვიცი - ალერგიული შეტევა ეწყებოდათ ჰომოსექსუალობის თემაზე. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერაფერს გახდები - არ სიამოვნებს, ვერ იღებს, ბოლოს და ბოლოს, ალერგია აქვს!
ფილმს ბოლომდე უყურეს. უილიამ ჰარტის გმირი მოლინა მთელი “სეანსის” დროს აცინებდათ. ბოლოს, როცა მოლინას კლავენ, გამოტყდნენ, რომ “ყველა გეი ცუდი არაა!”. მივხვდი, რომ ეს დასაწყისი იყო. ალერგიის წამალს კი ურეცეპტოდ შეიძენდნენ აფთიაქში.
როგორ გახდა შესაძლებელი, რომ “ობობა-ქალის კოცნისთვის” უილიამ ჰარტმა “ოსკარი” მოიპოვა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისის ჰოლივუდში, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ არ იყო განთავისუფლებული ჰომოფობიისგან? ყოველ შემთხვევაში, უამრავი გეი-არტისტი ჯერ კიდევ უარს ამბობდა ქამინგაუტზე?
როგორ და, სიყვარულით! იმ სიყვარულით, რომელიც ჰარტმა, ჰეტეროსექსუალმა, არ მოაკლო თავის გმირს, ჰექტორ ბაბენკომ კი - მთელ თავის ფილმს. სიყვარული, მოგეხსენებათ, თუკი მართლა სიყვარულია, არა მარტო ჰომოფობს დაიხსნის “ეშმაკებისგან”, არამედ მთებსაც დაძრავს.
საქართველოში გვყავს არტისტები, თანაც ცნობილი არტისტები, რომლებსაც საჯაროდ გამოუცხადებიათ, გეებს არასდროს ვითამაშებთო. ყველაფერს ითამაშებს გეის გარდა - ავაზაკს, მკვლელს... რა ვიცი, კიდევ ვის, კალიგულას, მაგრამ გეის - არა. შეზღუდულია, როგორც პროფესიონალი. და, რაც მთავარია, არ უყვარს, ეზიზღება, ალერგია აქვს, აყრის!
როგორც ჩანს, ამ არტისტების დრო მალე წარსულს ჩაბარდება. გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც უკვე ახალ დროს მიეკუთვნებიან. “თქვენი დრო არასდროს დადგებაო” - კი იმეორებენ, ხმამაღლა იმეორებენ. გინებით და ტაბურეტკებით. მაგრამ ეს დრო მაინც მოვიდა. ქართულ-შვედურ ფილმს, რომლის მთავარი გმირი გეია, კანში უჩვენებენ. თანაც - ტრიუმფით.
საქართველოშიც ნახავენ. ის ხალხიც ნახავს, ვინც ტაბურეტკებით დარბოდა, სასაცილოდ და შემზარავად. და მათ შორის ერთს მაინც აუცილებლად გაუჩნდება მერაბის დახმარების სურვილი. “და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ” ხომ, არსებითად, არავის წინააღმდეგ არაა გადაღებული. ეს ხომ ფილმი-სიყვარულია.