კანის საერთაშორისო კინოფესტივალი პირველად 1939 წელს ჩატარდა, თუმცა მსოფლიოს პირველი კინოფორუმის მთავარი პრიზი, ”ოქროს პალმის რტო” მხოლოდ მოგვიანებით, 1954 წელს დააწესეს. ფესტივალის დირექტორთა საბჭომ იუველირების კონკურსი გამართა პალმის რტოს შექმნაზე. კონკურსში გაიმარჯვა ლუსიენ ლაზონმა.
”ოქროს პალმის რტოს” ყველაზე ხშირად ამერიკელი კინემატოგრაფისტები იგებდნენ - შეერთებული შტატებიდან კონკურსში მონაწილე ფილმის რეჟისორი 19-ჯერ გახდა კანის მთავარი პრიზის მფლობელი. ”ოქროს პალმის რტო” მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ გადაეცა კინორეჟისორ ქალს - ავსტრალიელმა რეჟისორმა ჯეინ კამპიონმა 1993 წელს მოიგო ”პალმა” ფილმისთვის ”პიანინო”.
კინოში მეტ-ნაკლებად ჩახედული ხალხი თვლის, რომ კანის ფესტივალის ისტორია ხმოვანი კინოს თავისებური ისტორიაცაა - აქ იგებენ მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოები! მაგრამ კინოს ისტორია, ისევე როგორც ისტორია საერთოდ, ხშირად საკმაოდ ულმობელია. ”ოქროს პალმის რტოთი” აღნიშნულ ფილმებს რომ გადავხედოთ, რამდენიმე ფილმს უბრალოდ ვერ გავიხსენებთ... ისტორიამ ”პალმის” არაერთი ლაურეატი ან სამართლიანად, ანდა უსამართლოდ მიივიწყა.
მინდა შემოგთავაზოთ ის 10 ფილმი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად დაზარალდა.
1. 1959 წელი. "შავი ორფეოსი", რეჟ. მარსელ კამიუ.
ფრანგი რეჟისორის ბრაზილიაში გადაღებული ფილმი, რომლის მოქმედება რიოს კარნავალზე ხდება. ფილმმა მოუგო კონკურსში ჩართულ შედევრებს: ლუის ბუნუელის ”ნაზარინს”, ალენ რენეს ”ჰიროსიმას” და ფრანსუა ტრიუფოს ”400 დარტყმას”. საბჭოთა კავშირმა შეისყიდა ”ორფეოსი” და მაშინვე აკრძალა, რადგანაც ”ფილმში ზანგი გამოხატულია კოლონიზატორის პოზიციიდან, როგორც პრიმიტიული ‘ბუნების შვილი’, მოქცეული რელიგიური ექსტაზის მარწუხებში” (კომპარტიის ცეკას ჩანაწერი).
2. 1961 წელი. "ასეთი ხანგრძლივი გაუჩინარება", რეჟ. ანრი კოლპი.
საშუალო ფრანგულმა მელოდრამამ მოუგო კონკურსში ჩართულ ვიტორიო დე სიკას ”ჩოჩარას”, ანატოლი ლიტვაკის ფილმს ”გიყვართ ბრამსი?”, ვალერიო ძურლინის ”ჩემოდნიან გოგონას”. კონკურსი იმ წელს არ იყო ძლიერი. ფესტივალის დასრულების შემდეგ ამერიკელი რეჟისორი ფრედ ცინემანი იტყვის: ”არასდროს მინახავს ერთად ამდენი ცუდი ფილმი”. სწორედ ფრედ ცინემანის ძალისხმევით გაუყო ჟიურიმ ”პალმა” ამ ფრანგულ ფილმსა და ლუის ბუნუელის ”ვირიდიანას”, რომელიც კანის პრემიერიდან ორ კვირაში აიკრძალება ფრანკოს ესპანეთში.
3. 1962 წელი. "აღთქმა", რეჟ. ანსელმო დუარტე.
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ უსამართლოდ დავიწყებული ფილმია, პირველი ბრაზილიური სურათი, რომელიც ”ოქროს პალმის რტოთი” აღინიშნა. ის ჩვენთვის დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ფილმი ხომ გვიამბობს ეკლესიის გულგრილობაზე გაჭირვებული ადამიანების მიმართ, ფანატიზმისა თუ ცრურწმენის ნამდვილ მიზეზზე - სიღარიბესა და უსამართლობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 1962 წლის კანის ფესტივალის კონკურსი ყველაზე ”უხვი” აღმოჩნდა მასში მონაწილე ფილმების რიცხვით. მიუხედავად ამისა, ”აღთქმამ” მოუგო მიქელანჯელო ანტონიონის ”დაბნელებას”, ტონი რიჩარდსონის ”თაფლის გემოს” და ანიეს ვარდას შედევრს ”კლეო 5-დან 7-მდე”
4. 1966 წელი. "ქალბატონები და ბატონები", რეჟ. პიეტრო ჯერმი.
დიდი იტალიელი რეჟისორის ამ ყველაზე სუსტმა სატირულმა ფილმმა (რომელიც, სხვათა შორის, საბჭოთა ეკრანებზე უჩვენეს) ”ოქროს პალმა” გაიყო კლოდ ლელუშის სურათთან ”ქალი და მამაკაცი”. ამჯერად დაიჩაგრნენ პაზოლინის ”დიდი და პატარა ჩიტები” და ორსონ უელსის ”ფალსტაფი”. ყველაფერი გასაგები ხდება, როცა გავიხსენებთ, ვინ იყო ამ ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე - სოფი ლორენი.
5. 1971 წელი. "შუამავალი", რეჟ. ჯოზეფ ლოუზი.
”ინგლისელ ვისკონტიდ” მონათლული რეჟისორის ეს კოსტიუმირებული ფილმი, რომლის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ხდება, აღსავსეა, ჩემი აზრით, უამრავი სტერეოტიპით, მათ შორის ”ველური და სექსუალური მამაკაცის” ძველი თემის ექსპლუატაციით. როგორც ჩანს, ლოუზიმ, რომელსაც ბევრად უფრო კარგი ფილმები აქვს გადაღებული, ვერ გაუძლო სექსუალური რევოლუციის ეპოქის მოთხოვნებს... შესაბამისად, ეს სურათიც დავიწყებას მიეცა. განსხვავებით თუნდაც ლუკინო ვისკონტის ფილმისგან ”სიკვდილი ვენეციაში”, რომელიც ასევე იყო იმ წლის კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.
6. 1973 წელი. "დაქირავებული", რეჟ. ალან ბრიჯესი.
კაცმა რომ თქვას, საშუალო ინგლისელი რეჟისორის ამ სურათსაც იგივე პრობლემა აქვს, რაც ლოუზის ფილმს - ისტორია მაღალი წრის წარმომადგენელზე, ცოტა ხნის წინ დაქვრივებულ ქალზე, რომელსაც თავისი მძღოლი შეუყვარდება, შესაძლებელია კარგად ასახავს 70-იანი წლების დასაწყისის წუხილებს (ფილმის მოქმედება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ხდება), მაგრამ უსაშველოდ მოსაწყენია და დღეს უკვე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ კონიუნქტურულია. არადა, ამ ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე თავად ინგრიდ ბერგმანი იყო! სწორედ მან არჩია ბრიჯესის ფილმი ლინდსეი ანდერსონის ”იღბლიანს” , კარლოს საურას ”ანა და მგლებს”, მარკო ფერერის ”დიდ სმა-ჭამას”. ამ სურათებს 1973 წლის კანის ფესტივალის კონკურსში ვხედავთ.
7. 1975 წელი. "ცეცხლოვანი დღეების ქრონიკა", რეჟ. მუჰამედ ჰამინა.
ალჟირული კინოეპოსის გამარჯვება კანში ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა ამ ფესტივალის ისტორიაში. არადა, 1975 წელს კანის კონკურსში უძლიერესი ფილმები დაგროვდა: ვერნერ ჰერცოგის ”ყველა თავისთვის, ღმერთი ყველას წინააღმდეგ”, მიქელანჯელო ანტონიონის ”პროფესია რეპორტიორი”, ბობ ფოსის ”ლენი”... ჟიურის თავმჯდომარე იმ წელს ჟანა მორო იყო. მან გარისკა და გამარჯვებულად გამოაცხადა ნაკლებად ცნობილი ალჟირელი რეჟისორის ფილმი, რომლის ჩართვას კონკურსში, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ფესტივალის დირექცია კარგა ხანს ვერ ბედავდა. ფაქტობრივად, ეს სურათი ალჟირის ისტორიაა გამოხატული სამსაათიან ფილმში.
8. 1978. "ხე ფეხსაცმელებისთვის", რეჟ. ერმანო ოლმი.
დიდი იტალიელი რეჟისორის შედევრის დავიწყების მიზეზი პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა იყოს, რომ ერმანო ოლმი არც მემარცხენეა, არც ლიბერალი... დასავლეთის კინემატოგრაფიულ წრეებში იშვიათია ასეთი, მე ვიტყოდი, ”მგზნებარე კათოლიკე” რეჟისორი, რომელიც თავის ამ ფერად, გამჭვირვალე კინოფრესკაში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ლომბარდიის ერთი სოფლის მოსახლეებზე გვიამბობს, აჩერებს ისტორიას და გვაზიარებს სასწაულთან, ღვთაებრივთან. მას შემდეგ, რაც ჟიურიმ ამერიკელი რეჟისორის, ალან პაკულას ხელმძღვანელობით, ოლმის ”პალმა” გადასცა, ევროპული პრესა თავს დაესხა კანის ფესტივალს, უფრო მეტიც, ”ვატიკანთან ზავიც” კი დააბრალა.
9. 1992. "კეთილი განზრახვა", რეჟ. ბილ აუგუსტი.
ეს დანიელი რეჟისორი ”ოქროს პალმის” ორგზის ლაურეატია. ასეთი პატივი მრავალ დიდ რეჟისორს არ ღირსებია. რატომ, გაუგებარია. ეს ალბათ უნდა ვკითხოთ ჟიურის, მის მაშინდელ თავმჯდომარეს ჟერარ დეპარდიეს, წევრებს პედრო ალმოდოვარს, ნანა ჯორჯაძეს და სხვებს. როგორ მოხდა, რომ საშუალო ნიჭის რეჟისორის ამ ფილმმა, გადაღებულმა სატელევიზიო კინოს ესთეტიკით (ფილმის პრემიერამდე ”კეთილი განზრახვა” სერიალის სახით გადიოდა სკანდინავიის ქვეყნებში) მოიგო კანის ფესტივალი. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, 1992 წლის კანის კინოფორუმის საკონკურსო პროგრამას თუ გადავხედავთ, რაიმე განსაკუთრებით ღირებულს აქ ვერ აღმოვაჩენთ. ბოდიში დევიდ ლინჩის მოყვარულებთან - ”ტვინ პიქსი” აქ კონკურსშია. ამასაც მოუგო ბილ აუგუსტის ფილმმა.
10. 2015. "დეპანი", რეჟ. ჟაკ ოდიარი.
როცა საკონკურსო პროგრამა ძალიან სუსტია, კანის ფესტივალზე იმარჯვებს ფრანგული ფილმი! კარგა ხანია, ეს აღმოვაჩინე. თუმცა ფილმიც არის და ფილმიც. გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, გახსოვდათ ეს სურათი? ან, თუკი ნანახი გაქვთ, გქონიათ თუ არა სურვილი კიდევ ერთხელ გენახათ, მეგობრებისთვის გერჩიათ კანის 68-ე კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმის ნახვა? ფილმისა, რომელიც ძმები კოენების ჟიურიმ საუკეთესოდ ცნო - ერთი კონიუნქტურული პოლიტიკური სურათისა, რომელშიც ”კაცური კინოს” ავტორად შეფასებული ჟაკ ოდიარი უშედეგოდ ცდილობს გააერთიანოს თრილერი სოციალურ დრამასთან.