Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გვირაბი" - ინტერვიუ ფილმის რეჟისორებთან


დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები და „პატარა“ ხალხი: ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ მოგვითხრობს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ვითარდებოდა ხარაგაულის რაიონში „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ამბიციური პროექტის დაწყებისთანავე პატარა სოფლებისა და იქაური მოსახლეობის ცხოვრების წესი თავდაყირა დგება. რეჟისორებთან ინტერვიუ ანასტასია სლოვინსკაიამ ჩაწერა.

რადიო თავისუფლება: მოდით, ჯერ ავხსნათ, რატომ ჰყავს ფილმს ორი რეჟისორი და როგორ იყოფდით პასუხისმგებლობას.

ნინო ორჯონიკიძე: ყველაფერი მარტივადაა: მე ჟურნალისტიკიდან მოვდივარ, „ახალი ამბებით“ დავიწყე და აქტუალური თემები მაინტერესებს. ვანო მხატვრული კინოდან მოდის. ის უფრო მეტად მხატვრული გამოსახულებით არის დაინტერესებული. აღმოვაჩინეთ, რომ დოკუმენტური კინო სწორედ ის სფეროა, სადაც აქტუალური ამბები და მისი მხატვრული განზოგადება კარგად ერთიანდება. ერთად ხუთი ფილმი გვაქვს გადაღებული, თუმცა „გვირაბი“ ჩვენი პირველი სრულმეტრაჟიანი, 90-წუთიანი, ფილმია.

რადიო თავისუფლება: „გვირაბი“ საქართველოში ჯერ არ უჩვენებიათ, თუმცა ტრეილერში ნაცნობ პეიზაჟს ვხედავთ, რომლის მიღმაც ნანგრევები იმალება. ამის პარალელურად, ფონზე გვესმის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, საზეიმო გამოსვლის ფრაგმენტი „ისტორიული“ პროექტის დაწყების შესახებ. შეგიძლიათ აღწეროთ გარემო, სადაც ისტორია ვითარდება? თავიდან რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება?

ვანო არსენიშვილი: სოციალურმა მდგომარეობამ, გარემომ და დიდი პროექტის განხორციელების მოლოდინმა ერთდროულად მიიპყრო ჩვენი ყურადღება. მივხვდით, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი აუცილებლად წინააღმდეგობაში მოვიდოდა ერთმანეთთან, გარკვეულ კონფლიქტს შექმნიდა.

ფილმი გადავიღეთ ხეობაში, ხარაგაულის რაიონში. იქ, რკინიგზის ლიანდაგის გარშემო, ბევრი ძველი შენობაა. გვირაბები და სადგურები ძირითადად 1870-1890 წლებშია აშენებული. ეს შენობები ძალიან საინტერესოა როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე იმით, თუ როგორი სახით მოაღწიეს მათ ჩვენამდე.

რადიო თავისუფლება: რა აღმოაჩინეთ ფილმის გადაღებისას უკვე როგორც უშუალო დამკვირვებლებმა?

ნინო ორჯონიკიძე: გადაღება 2014 წელს დავიწყეთ. თავიდან კონკრეტულად არ ვიცოდით, რა კონფლიქტებს წავაწყდებოდით. ლანდშაფტმა და რამდენიმე ჩინურმა წარწერამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება. დიახ, გარკვეულწილად გვესმოდა, რომ ეს იყო ძალიან ავთენტური გარემო, მძიმე სოციალური ფონით, სადაც დიდი მოლოდინების პარალელური სამყარო არსებობდა: ახალი რკინიგზა, ჩქაროსნული მატარებელი, სურვილი, გახდე დიდი სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი.

გადაღებები დავიწყეთ და ნელ-ნელა ჩვენ თვალწინ უამრავი რამ შეიცვალა: ჩინელი მშენებელები ჩამოვიდნენ; აღმოჩნდა, რომ გეოლოგიური კვლევები სრულფასოვნად არ იყო ჩატარებული, მეწყერი ჩამოწვა. მერე გაირკვა, რომ სადგური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი დანგრევა არ შეიძლებოდა. ადამიანები ხუთი წლის განმავლობაში ელოდნენ, რომ მათი სახლები დაინგრეოდა, თუმცა, საბოლოოდ, რკინიგზის მარშრუტი შეიცვალა და ახლა საფრთხე სხვა სახლებს დაემუქრა. ყველაფერ ამასთან ერთად, ადგილობრივებსა და ჩინელ მშენებლებს შორის ენობრივი ბარიერი კიდევ უფრო დიდ არეულობას ქმნიდა.

მოლითის სადგური
მოლითის სადგური

ჩვენ ამ ექვსი წლის განმავლობაში ველოდით პროექტის დასრულებას. თავიდან გვითხრეს, რომ რკინიგზას 2016 წელს გახსნიდნენ. დადგა 2018, მერე - 2019 წელი… შარშან მივხვდით, რომ გზა სოფლის ამ ნაწილზე საერთოდ აღარ გავიდოდა. ჩვენი ფილმიც სწორედ იმ მანკიერ წრეზეა, სადაც ადამიანზე წინ დიდი პროექტები დგას.

რადიო თავისუფლება: ანუ გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს?

ნინო ორჯონიკიძე: არ ვიცი. ჩვენ ფილმი გვირაბში დავასრულეთ, სიბნელეში.

რადიო თავისუფლება: როგორც ვხვდები, ფილმმა მრავალი პრობლემა ამოატივტივა. რა არის თქვენი გმირების მთავარი სათქმელი, რას გვიყვებიან ისინი?

ნინო ორჯონიკიძე: ფილმი ერთ ადამიანზე არ არის, მას არ ჰყავს პროტაგონისტი. ის არის ადამიანებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პროექტის განხორციელებაში. ისინი თავადაც დამკვირვებლები არიან. ერთ-ერთი მათგანია მატარებლის სადგურის მეთვალყურე, რომელიც, ფაქტობრივად, ფსიქოთერაპევტის ფუნქციას ითავსებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის. თავად სადგური ერთადერთი ადგილია, სადაც ხალხს შეკრება შეუძლია და ეს ადამიანი ისმენს მათ პრობლემებს და ცდილობს შეძლებისდაგვარად ანუგეშოს ისინი. ყველაფერთან ერთად, მას არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს და ახერხებს თვითირონიით შეხედოს საკუთარ მდგომარეობას. ამ ადამიანების ყურებისას ხვდებით, როგორ გადარჩა საქართველო აქამდე.

ფილმის პერსონაჟები ცდილობენ დამოუკიდებლად გაიაზრონ, უფრო კი გამოიცნონ, თუ რა იქნება ხვალ, რადგან ამის შესახებ მათ არავინ აწვდის ზუსტ ინფორმაციას. მათ დიდი იმედი აქვთ, რომ რაიმე შეიცვლება, თუმცა, ამავდროულად, ეშინიათ, რომ „ისტორიული პროექტი“ ერთ დღეს მათ სახლებსაც მიადგება.

რადიო თავისუფლება: როგორ მიიღეს ამ ადამიანებმა „უცხო“? როგორ ეგუებოდნენ ისინი თავიანთ სოფელში ჩასულ ჩინელ მშენებლებს?

ვანო არსენიშვილი: ეს ურთიერთობა, თითქოს, ბუნებრივად გადაწყდა. ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე, ჩინელ მშენებლებსა და სოფლის მოსახლეობას შორის მჭიდრო კომუნიკაცია არც შემდგარა. მშენებლები ადგილობრივი მაღაზიებითაც კი არ სარგებლობდნენ - პროდუქტებს რეგიონალური ცენტრებიდან იღებდნენ და თავიანთ ბანაკებში ცხოვრობდნენ. თუმცა მშენებლობაზე სამუშაო ადგილები გაჩნდა, რომელთაც მთელი რეგიონის მოსახლეობა იყენებდა. ფილმში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც სწორედ ქართველი და ჩინელი მუშების ურთიერთობაზე უფროა, ვიდრე სოფლის მცხოვრებლებსა და ჩინურ კომპანიაზე.

ნინო ორჯონიკიძე: თუკი ქსენოფობიურ დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უფრო დასაწყისში იყო აქტუალური. თავიდან მოსახლეობას მთელი კომპანია ბოროტების სიმბოლოდ ჰყავდა წარმოდგენილი. გარკვეული დროის შემდეგ მათ დაინახეს, რომ ჩინელ მუშებს მათზე არანაკლებ უჭირდათ - უცხო გარემოში იყვნენ და თავადაც არ ესმოდათ ზუსტად, რას აკეთებდნენ. მთავარი პრობლემა დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ადამიანსა და ხელისუფლებას შორის არსებული მისკომუნიკაცია იყო და არა სოფელში უცხოელის ყოფნა. მაგრამ წარმოიდგინეთ, ერთმანეთის არც ენა ესმოდათ, არც თარჯიმანი ჰყავდათ, სახელებსაც კი ვერ იმახსოვრებდნენ...

რადიო თავისუფლება: და როგორ ურთიერთობდნენ, მაშინ?

ნინო ორჯონიკიძე: Body language. დიახ, ამხელა მშენებლობისას დამსაქმებელსა და მუშას შორის შეხვედრები სხეულის ენაზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო ქართველი მუშებისათვის. ისინი მზად იყვნენ, თუნდაც 12 საათი ემუშავათ, მაგრამ ვიღაცას უნდა აეხსნა მათთვის, რა ევალებოდათ, რა როგორ უნდა გაეკეთებინათ.

რადიო თავისუფლება: აპირებთ პროექტის დასრულების გადაღებას, თუ შეწყვიტეთ ფილმზე მუშაობა?

ნინო ორჯონიკიძე: ფილმი კი დავასრულეთ, მაგრამ პროექტი არ დასრულებულა. სოფლის მოსახლეობას, ალბათ, არც კი წარმოუდგენია, ჩემი ყოველდღიურობის რამხელა ნაწილი გახდა მათი ცხოვრება. აუცილებლად გავაგრძელებთ დაკვირვებას. ზუსტად რა სახეს მივცემთ, არ ვიცით, თუმცა გადაღების გაგრძელებას აუცილებლად ვაპირებთ.

  • 16x9 Image

    ანასტასია სლოვინსკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.

XS
SM
MD
LG