Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკოს გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს


გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს
გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს

ოპოზიციური გაერთიანების, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს.

პარლამენტის წინ აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაა მობილიზებული.

წყლის ჭავლის მანქანები თავისუფლების მოედანზე
წყლის ჭავლის მანქანები თავისუფლების მოედანზე

დილის 7:15 საათისათვის გეგელია მოედანზე, ჭავლის მანქანებთან მდგარ პოლიციელებთან მივიდა და ჰკითხა, აპირებდნენ თუ არა ისინი დემონსტრანტების დარბევას.

როდესაც გეგელია ერთ-ერთ პოლიციელს მიმართავდა, წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს.

„მე ვარ საქართველოს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი. გეკითხები. შენ ხარ სახელმწიფოს მოხელე. გესმის, ხო ეგა? ხვალ გავიგებ შენს სახელსა და გვარს. შენ სახელმწიფოს ბიუჯეტი გიხდის. შენ ჩემი მსახური ხარ. ამ ხალხის მსახური ხარ. ამ ხალხის სახელით, როგორც არჩეული პირი, გეკითხებით, აპირებთ თუ არა“...

გეგელიასთან ერთად, დასველდა იქვე მდგარი ერთ-ერთი პოლიციელიც.

პოლიტიკოსს გარეთ მდგარმა კიდევ ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ ეს „შემთხვევით მოხდა“.

„აი, ასეთი ქვეშაფსია რეჟიმი ჰყავს საქართველოს, - მაპატიეთ სიტყვისთვის, - ასეთი არარაობები“, - უთხრა გეგელიამ ჟურნალისტებს.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებმა, - რომლებიც ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ და აპროტესტებენ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებას, - კარვები გაშალეს.

დემონსტრანტებმა პარლამენტთან ღამე გაათიეს.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG