Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუშვეს თუ არა ბოლნისის საკრებულოდან თანამშრომელი “ლელოს” ყრილობაზე დასწრების გამო?


ბოლნისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი დავით ასპანიძე ამბობს, რომ “ლელოს” ყრილობაში მონაწილეობის გამო მას სამსახურიდან წასვლა აიძულეს.

დავით ასპანიძე ბოლნისის საკრებულოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობას 8 თებერვლამდე იკავებდა. ის წლების მანძილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა - იყო საკრებულოს წევრი და გამგებლის მოადგილე. პარალელურად ასპანიძე იყო ჯერ რესპუბლიკური პარტიის, შემდეგ კი “შენების მოძრაობის” წევრი.

სამსახურიდან წასვლის შესახებ მან განცხადება თავად დაწერა, თუმცა დავით ასპანიძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ იგი შანტაჟის მსხვერპლი გახდა.

დავით ასპანიძის განცხადებით მან 22 დეკემბერს დანიშნულ “ლელოს” ყრილობამდე 2 დღით ადრე საკრებულოს თავმჯდომარეს აცნობა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის ღონისძიებაზე დასწრებას აპირებდა, რის საპასუხოდაც მას თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

ასპანიძის უარის შემდეგ, მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი სამსახურიდან გაშვებით ასპანაძის მეგობრებს - მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირებს დაემუქრა. იმ შემთხვევაში, თუ მეგობარს არ დაარწმუნებდნენ, დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, მათ გაათავისუფლებდნენ. ამ ზეწოლის შემდეგ დავით ასპანაძემ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ სამსახურიდან წამოსვლის განცხადება დაწერა.

"ახლა ის დრო არ არის, როცა ვინმეს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ" - უთხრა რადიო თავისუფლებას ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ ჟორჟოლიანმა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ზეწოლისა და ჟანტაჟის ბრალდებას.

ასპანიძის თქმით, მის მეგობრებზე ზეწოლას არა მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი და მისი ძმაც ახორციელებდა.

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი ამ ბრალდებას აბსურდს უწეოდებს და ამბობს, რომ ასპანიძემ საკრებულო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პოლიტიკურ გაერთიანება ლელოში ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ კიდევ სწავლობენ, თუმცა მომხდარში პოლიტიკური შეხედულებების გამო ზეწოლის ნიშნებს ხედავენ.

"საკრებულოს უფროსი სპეციალისტის თანამდებობას თავისი ნებით არავინ ტოვებს რეგიონში, სადაც დასაქმების ბევრი შესაძლებლობა არ არსებობს და ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შენი ხელფასია" - უთხრეს ლელოში რადიო თავისუფლებას.

2012 წელს დავით ასპანიძის დედა, თამარ ასპანიძეც საუბრობდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. თამარ ასპანიძე, რომელიც ამ დროს სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, ბოლნისის მე-3-ე საჯარო სკოლიდან მის დათხოვას შვილის პოლიტიკურ საქმიანობასთან აკავშირებდა. დავით ასპანიძე ამ დროს რესპუბლიკური პარტიის ბოლნისის ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.

XS
SM
MD
LG