Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამჭვირვალობის სახელით - ავტორიტარული რეჟიმები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ


საპოლიციო ძალები პარლამენტთან "უცხოეთის აგენტების" კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე
საპოლიციო ძალები პარლამენტთან "უცხოეთის აგენტების" კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე

„გამჭვირვალობა“ - უცხოეთის გავლენის შესახებ კანონზე საუბრისას „ქართული ოცნებისგან“ ყველაზე ხშირად ეს სიტყვა ისმის. თუმცა, როგორც 2017 წლის კვლევიდან ირკვევა, უკვე არაერთი მაგალითი არსებობს, როგორ ამართლებდნენ ავტორიტარული მთავრობები "გამჭვირვალობის" მოთხოვნით სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას.

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია თბილისში. 2024 წლის 15 აპრილი
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია თბილისში. 2024 წლის 15 აპრილი

„გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გამოყენება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგულირების გასამართლებლად“, - ასე ჰქვია აშშ-ის დედაქალაქში დაფუძნებული ორგანიზაციის „ნდობის, ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის თანამშრომლობის“ (TAI) კვლევას, რომელიც იმხანად ცნობილი იყო როგორც „გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინიციატივა“.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს“

„ჩვენ ვეუბნებით მათ [არასამთავრობო ორგანიზაციებს], უბრალოდ, ადექით და ამ ყველაფერს ვინ აფინანსებს, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს. ეს არის და ეს“, - ეს სიტყვები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 2023 წლის 6 მარტს თქვა, სანამ მისი პარტია პარლამენტში „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტს წარადგენდა, ორი მოსმენით მიიღებდა, მერე თვითონვე ჩააგდებდა და ერთი წლის მერე თითქმის უცვლელად შემოაბრუნებდა.

მმართველი პარტია მეორე წელია ასე ამართლებს კანონპროექტს, რომელიც „უცხოეთის ინტერესების გამტარებლების“ ბაზაში დაარეგისტრირებს ყველას, ვინც უცხოურ დაფინანსებას იღებს, განურჩევლად დაფინანსების წყაროსი თუ საქმიანობისა.

იმავე არგუმენტაციას იყენებდა 2017 წელს ვიქტორ ორბანის მთავრობა უნგრეთში, როცა მსგავს კანონს იღებდა.

“საჯარო ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და მოქალაქეები ნათლად ხედავდნენ, რა ინტერესებს წარმოადგენენ ეს [არასამთავრობო] ორგანიზაციები“, - ეწერა უნგრული კანონის განმარტებით ბარათში.

მოგვიანებით, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ ეს კანონი ევროკავშირის სამართალს ეწინააღმდეგებოდა, შედეგად კი, 2021 წელს უნგრეთის მთავრობას თავადვე მოუწია მისი გაუქმება.

თუმცა უნგრეთი არ ყოფილა ერთადერთი მაგალითი, როდესაც „გამჭვირვალობის“ საბაბით მიღებული კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდველად იქცა.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის 2013 წლის ანგარიშის თანახმად, ბელარუსში დაფინანსების შესახებ ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისთვის, ან სულაც ორგანიზაციების დახურვისთვის იყენებდნენ.

აზერბაიჯანში, როცა 2013 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგულირების კანონი მიიღეს, მთავრობა სწორედ „გამჭვირვალობაზე“ საუბრობდა.

„მხოლოდ ის ორგანიზაციები უნდა შეწუხდნენ, ვინც ჩვენს ქვეყანაში არაგამჭვირვალედ მოქმედებს“, - თქვა მაშინ გაეროს ფორუმზე აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელმა.

კანონის მიღების შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას საბანკო ანგარიშები გაუყინეს, ბევრი მათგანი კი დაიხურა. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ჩადენილი თაღლითობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით რამდენიმე უფლებადამცველი თვეობით ციხეშიც აღმოჩნდა.

„უცხოეთის ინტერესების გამტარებლები“

„სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული „ღამურების“ - ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს“, - ციტატა ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლიდან.

„ქართული ოცნება“, კანონის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ გამოაცხადებს ყველას, ვინც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებს.

TAI-ს კვლევის თანახმად, „უცხოეთის ინტერესების გატარება“ ავტორიტარული და ავტორიტარიზმისაკენ მიდრეკილი რეჟიმების მთავარი ბრალდებაა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, რითაც ისინი „გამჭვირვალობის“ სახელით სხვადასხვა შემზღუდველ ზომას ამართლებენ.

ამ არგუმენტაციის თანახმად, რამდენადაც პოლიტიკურ პარტიებს უცხოური დაფინანსების მიღება აკრძალული აქვთ, უცხოური ფულის გამტარის როლს სწორედ არასამთავრობოები ასრულებენ.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ აქტივობებში არიან ჩართულნი, არ ეკრძალებათ უცხოური დაფინანსების მიღება და ამის შესახებ არც ანგარიშებს წარადგენენ. ახალი უნგრული კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ გამჭვირვალობის ამ პრობლემას გაუმკლავდეს“, - წერდა 2017 წელს უნგრეთის მთავრობის სპიკერი ზოლტან კოვაჩი იმ კანონის შესახებ, რომელიც მოგვიანებით ევროსასამართლომ უკანონოდ ცნო.

„სქემა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ამხილა, ასე გამოიყურება - ოპოზიციური პარტიები ქმნიან ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იღებენ უცხოურ დაფინანსებას და ამ თანხებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავენ“, - თქვა პროსამთავრობო არხის, „იმედის“ ჟურნალისტმა 2024 წლის 23 თებერვალს, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გაშვებულ სიუჟეტში სახელწოდებით „უცხოური ფული და ინტერესები ქართულ პოლიტიკაში“.

„როცა პოლიტიკური პარტია ზის უცხო ორგანიზაციის ხელფასზე, ის შესაბამისად ატარებს სხვა ორგანიზაციის თუ ქვეყნის ინტერესებს“, - ამბობს სიუჟეტში თავად პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც პოლიტიკაში წასვლამდე 13 წელი მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში“.

„დასავლეთშიც ასეა“

„უცხოეთის აგენტების“ კანონის შემოტანის პირველივე დღეებიდან, სახელისუფლებო სპიკერები ამტკიცებენ, რომ კანონი რუსული არაა, რამდენადაც მისი ანალოგი აშშ-შიც აქვთ.

„სიმართლესთან კავშირი არა აქვს იმას, რომ ეს თითქოს რუსული კანონია. ასეთი კანონი არსებობს აშშ-ში, რომელიც 1938 წლიდან მოქმედებს“, - ამას ამბობდა 2023 წლის თებერვალში „ხალხის ძალის“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის ინიციატორი იყო.

„ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირეები ამ არგუმენტაციაშიც არ არიან მარტო - მსგავსი კანონების მიღებას იმავენაირად ამართლებდნენ რუსეთშიც, როცა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს ამტკიცებდნენ.

“აღსანიშნავია, რომ იგივე აშშ საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური გავლენის პრობლემას ძალიან მკაცრად უმკლავდება. ქვეყანას აქვს კანონი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 1938 წელს მიიღეს მეორე მსოფლიო ომამდე მესამე რაიხის პროპაგანდის პასუხად. ომი დიდი ხნის წინ მორჩა, კანონი კი დღემდეა ძალაში“, - ეწერა რუსეთის მმართველი პარტიის განცხადებაში, რომელიც 2012 წელს გავრცელდა, „აგენტების კანონის“ თავდაპირველი ვერსიის მიღებისას.

განცხადების სახელი კი ასეთია - „კანონი კი არ კრძალავს, არამედ ავალდებულებს ინფორმირებას“.

თავის მხრივ, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განმარტეს, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ ამერიკული კანონმდებლობა შინაარსობრივად და თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რის მიღებასაც საქართველოში 2023 და 2024 წლებში ცდილობდნენ.

„ვიწრო ჯგუფი“ და „მდიდარი ენჯეოები“

  • „რაში ხარჯავენ მდიდარი „ენჯეოები“ დონორებისგან გადმორიცხულ თანხებს“
  • „გამჭვირვალობის ისტერიული შიში - რატომ გაურბიან მდიდარი ენჯეოები და რადიკალები შეკითხვას“
  • „მდიდარი ენჯეოები და შობა“

პირველი სწორედ ამგვარად დასათაურებული „იმედის“ სიუჟეტები ამოვარდება, თუ დაგუგლავთ ტერმინს „მდიდარი ენჯეოები“.

შემდეგ კი ირაკლი კობახიძის განცხადებები იქნება.

2023 წლიდან, „ქართული ოცნების“ და პროსამთავრობო მედიის მესიჯბოქსში ეს ორი სიტყვა განუყოფლად იქცა. არც ეს არგუმენტია მათი მოგონილი.

„შიდა დებატებში, არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები ხშირად პრივილეგირებულებად გამოჰყავთ. მთავრობის მოთხოვნა, რომ არასამთავრობოების წარმომადგენლებმა თავიანთი შემოსავალი და ქონება გაამჟღავნონ, შეიძლება იყოს ყურადღების იმაზე გადატანის მცდელობა, თუ რამდენად კარგად ცხოვრობენ დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით“, - წერია TAI-ს კვლევაში.

არასამთავრობოების პრივილეგირებულებად წარმოჩენა კი კიდევ ერთ არგუმენტს ებმის - ისინი არა საზოგადოების, არამედ მხოლოდ კონკრეტული ვიწრო ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენენ.

„ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილის გამოსვლისას.

ბიძნა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი „საერთო სახალხო შეკრებაზე“.
ბიძნა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი „საერთო სახალხო შეკრებაზე“.

თავის მხრივ, სანამ „საერთო სახალხო შეკრებას“ დააანონსებდნენ და მთელი საქართველოდან ავტობუსების კოლონებს თბილისისკენ გამოაშურებდნენ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია მცირერიცხოვან დემონსტრაციად წარმოეჩინათ - ისინი მუდმივად იმეორებდნენ, რომ ანტისამთავრობო გამოსვლებზე 9500 ადამიანზე მეტი არ მიდიოდა.

„9500-დან 2/3 იყო პარტაქტივი და შეიძლება 1000-1500 კაცი იყო გულწრფელი ადამიანი, არც ერთს ვაყენებთ შეურაცხყოფას, არც მეორეს და ნურც ისინი მიაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენს მხარდამჭერებს“, - თქვა 23 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG