პანდემიის საფრთხეების გათვალისწინებით, საგამოცდო სივრცეები ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საგანგებო რეკომენდაციებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით“.
- გამოსაცდელ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე, გამოცდაზე შესვლის წინ მიიღონ ერთჯერადი პირბადეები;
- მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი;
- თუკი სხეულის ტემპერატურა გამოუვლინდა (37°C-დან 37.5°C-მდე), გამოსაცდელ პირებს მოეთხოვებათ PCR-ტესტირების უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა, თუმცა ეს სავალდებულო არ არის;
- PCR-ტესტირება სავალდებულოა 37.5°C-ზე მაღალი ტემპერატურის მქონე პირებისთვის - წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ დაიშვებიან გამოცდებზე;
- სხეულის მომატებული ტემპერატურის მქონე პირები, რომლებიც გამოცდებზე დაიშვებიან, სპეციალურად მათთვის მომზადებულ სივრცეებში განთავსდებიან.
გამოცდებში მონაწილე პირებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ჩაიტარონ PCR-ტესტირება. ტესტირება უნდა ჩატარდეს გამოცდამდე 2-3 დღით ადრე.
საქართველოს მასშტაბით გამოცდები ჩატარდება 24 საგამოცდო ცენტრში - ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება და საგრანტო კონკურსიც 25 ივლისს გაიმართება. ამის შემდეგ, საგამოცდო ცენტრები დაეთმობა: სამაგისტრო გამოცდებს - 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებს - 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის რეგისტრაცია გაიარა: 39 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 3 600-ზე მეტმა სტუდენტმა, მაგისტრობის 12 600-ზე მეტმა კანდიდატმა და მასწავლებლობის 12 000-მდე მსურველმა.