„ცენტრალ პარკ ავენიუ“ იპოდრომის ტყეში მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის გაშენებას აპირებს. ამ მოთხოვნით თბილისის მერიაში უკვე შევიდა პროექტი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ იპოდრომის მოედნის გვერდით მდებარე ტყეში 7 შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება. იმ ტერიტორიის ფართობი 80 145 კვ.მ-ია.
იქვე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი 5500 ავტომობილზე. აქვე ნათქვამია, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მიზანია საფეხმავლო კულტურის განვითარება და “ავტომობილებზე ორიენტირებული დაგეგმარების თავიდან აცილება”.
„საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია იყოფა 2 ნაწილად, N1 მიწის ნაკვეთზე განთავსდება სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები, ხოლო N2 ნაკვეთი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, გასართობი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით“, - ვკითხულობთ საპროექტო დოკუმენტაციაში.
პროექტის ავტორია ესპანური არქიტექტურული კომპანია Chapman Taylor-ი.
იპოდრომის ტყე საბურთალოს რაიონში, მიხეილ თამარაშვილისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები, აღმოსავლეთით - იპოდრომის ცენტრალური პარკი, ხოლო დასავლეთით - თამარაშვილის ქუჩა.
ურბანისტი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიამ ჯერ იპოდრომს დაუკარგა თავისი ფუნქცია ე.წ. ცენტრალური პარკის იდეით, ახლა კი მთელი ტერიტორიის "კონკრეტული კომპანიის ინტერესების შესაბამისად" განვითარებას გეგმავს.
„79-სართულიანი კორპუსი ნიშნავს მინიმუმ 240-მეტრიან შენობას, ბილტმორის არის 137 მეტრი, ანუ ბილტმორზე ორჯერ დიდ მოცულობაზეა საუბარი. ეს არ არის ქალაქის სასიკეთო გადაწყვეტილება, ვერცერთ არგუმენტს ვერ მოიყვანენ ამის საპირისპიროდ. ასევე, ნიშნავს იმასაც, რომ ამ ახალი მიკროუბნისთვის ე.წ. ცენტრალური პარკი (იპოდრომი) შიდა ეზო იქნება", - ამბობს ცირა ელისაშვილი.
იპოდრომის ყველაზე ტყიანი მხარე, სადაც კომპანია „ცენტრალ პარკ ავენიუ” მულტიფუნქციური საცხოვრებელი უბნის აშენებას გეგმავს, სარეკრეაციო ზონაა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, აქ დაუშვებელია ყველანაირი მშენებლობა, გარდა განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის მოწყობისა. კომპანია ფუნქციური ზონის ცვლილებასაც მოითხოვს.
სამოქალაქო მოძრაობა „იპოდრომი-უბეტონო მხარის“ წარმომადგენელს, აქტივისტ ელენე ცერცვაძეს პროექტი არ მოსწონს და ამბობს, რომ საბურთალოზე მცხოვრები ადამიანები სარეკრეაციო ზონის „დუბაის ცათამბჯენებით ჩანაცვლებას“ არ დაუშვებენ.
„საპროექტო დავალებაში კატასტროფა ვნახე. ამ ტერიტორიაზე ერთადერთი ტყის ნაგლეჯია და რა გამოდის, მის ნაცვლად გიგანტურ ბეტონის ჯუნგლებს გვთავაზობენ, რომელიც მოკლავს სარეკრეაციო ზონას. ამ პროექტით გვეუბნებიან, რომ ადამიანები, მათი ჯანმრთელობა, ჰაერი ფეხებზე კიდიათ, უკანონობაა ეს ყველაფერი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე ცერცვაძემ.
სამოქალაქო მოძრაობა „იპოდრომი-უბეტონო მხარე" პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს იპოდრომის ტყეში. ადგილობრივებს ტყის გაყიდვისთანავე გაუჩნდათ ეჭვი, რომ ახალი მესაკუთრე აქ მშენებლობას დაიწყებდა. ამ საფრთხეზე წერდა რადიო თავისუფლებაც 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.
შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ” იპოდრომის ტყის ტერიტორია გასული წლის 27 ოქტომბერს ფონდ “ქართუსგან” 85 მილიონ დოლარად იყიდა.
კომპანია 2023 წლის 22 სექტემბერს იპოდრომის ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. მისი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე, ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია. ვასილ ფხაკაძე მართავს „ვისოლ ჯგუფის“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფს“.
„ვისოლი ჯგუფმა“ ტერიტორიის ყიდვის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამშენებლო კომპანია „გ დ ალკოსა“ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად იპოდრომის ტერიტორიაზე, თამარაშვილის 13 ნომერში, „განვითარებული უძრავი ქონება" გამორჩეული იქნებოდა დახვეწილი, გემოვნებიანი არქიტექტურითა და დიზაინით“.
იპოდრომის ტყეში დაგეგმილი მშენებლობის ამსახველი ვიზუალური მასალა პირველად სოციალურ ქსელში საკრებულოში დეპუტატმა პარტია „ლელოდან“ საბა ბუაძემ გამოაქვეყნა.
„ეს მშენებლობა შექმნის სერიოზულ ქაოსსა და კოლაფსს, ისედაც გადატვირთულ ტერიტორიაზე. ამ ადგილას უკვე შენდება ერთი დიდი საცხოვრებელი კომპლექსი. ახალი მოცულობის დამატება კი გაანადგურებს უძვირფასეს სარეკრეაციო სივრცეს და დაამძიმებს სატრანსპორტო მდგომარეობას. ეს არის ურბანული გენოციდის გაგრძელება ქალაქში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საბა ბუაძემ.
სამშენებლო პროექტი საკრებულოში ჯერ არ შესულა. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ჯერ ისევ თბილისის მერიაშია. დეპუტატი საბა ბუაძე ამბობს, რომ ამ პროექტს ჯერ თბილისის მერიის ურბანულ კომისიაში განიხილავენ, შემდეგ თბილისის მთავრობის სხდომაზე და დადებითი პასუხის შემთხვევაში დასამტკიცებლად საკრებულოს გაუგზავნიან.
გეგმარებითი დავალების მოწონების შემთხვევაში, კომპანიამ განაშენიანების რეგულირების გეგმა უნდა შეიმუშაოს. განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულოში პროექტის დამტკიცების ბოლო და მთავარი ეტაპია. დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ ინვესტორი პროექტს მერიაში აბრუნებს და მშენებლობის დასაწყებად ნებართვას ითხოვს.