ლექტორი სტუდენტს ბრალს სდებს წვრილმან ხულიგნობაში, სტუდენტი კი აცხადებს, რომ ეს მასა და ლექტორს შორის დავა კი არა, „ეს არის დავა სტუდენტების, დავა უსამართლობის წინააღმდეგ! უზნეობის წინააღმდეგ! ამორალურობის წინააღმდეგ! დისკრიმინაციის წინააღმდეგ!
„თსუ“-ს რექტორები იცვლება, „შიდასამზარეულო“ უცვლელია
ბუბა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელ ფეისბუკში ამ ამბავზე საჯარო პოსტი დაწერა, სადაც ის ამბობს, რომ თსუ-ს ლექტორი გიორგი გორაშვილი მას ფეისბუკის დახურულ ჯგუფში აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის ედავება.
ბუბა ნაჭყებია საჯარო პოსტში წერს, რომ მას უნივერსიტეტის პროფესორ-აკადემიკოსები ბრალს სდებენ „აბსურდულ დანაშაულში“ და უზღუდავენ სიტყვისა და აზრის თავისუფლებას:
„ლექტორი გიორგი გორაშვილი, რომელსაც სახელმწიფომ სისხლის სამართლის დანაშაული აპატია, სასამართლოს შენობაშივე მემუქრება, რომ საფლავამდე ჩამყვება და უნივერსიტეტს დამატოვებინებს, ხოლო შსს-ს გამომძიებელი ანი ნინუა მიწოდებს უსინდისო და უნამუსო ადამიანს სიმართლის თქმის გამო, რომელიც პროცესის პირველი ეტაპის შემდეგ, გადის მივლინებაში და შინაგან საქმეთა მინისტრისგან ხელფასის მომატებას ელოდება. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ჩემ დამცველსაც“.
სტუდენტი წერს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორები იცვლებიან, თუმცა სასწავლებლის „შიდა სამზარეულო“ უცვლელი რჩება: „დედაუნივერსიტეტის სახელით იქმნიან იმიჯებს და თავიანთი სახელებით ლახავენ უნივერიტეტის სახელს“.
ბუბა ნაჭყებიას განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მას მხოლოდ გუშინ სთხოვა კონფიდენცილური შეხვედრა:
„მათი თქმით, რაღაც ძალები მიბიძგებენ სიმართლე დავიცვა! გაიჟღერა ფრაზამ: „სტუდენტებმა ლექტორზე როგორ უნდა გავივლოთ ცუდი აზრი“ - კომუნიზმში გვაბრუნებენ! არ კმაყოფილდებიან თვალთვალით, პირადი სივრცის ხელყოფით და სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას მიზღუდავენ! ეს არ არის ჩემი და ლექტორის დავა - ეს დავა სტუდენტების, დავა უსამართლობის წინააღმდეგ! უზნეობის წინააღმდეგ! ამორალურობის წინააღმდეგ! დისკრიმინაციის წინააღმდეგ! სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ! ჩაგვრის წინააღმდეგ! ეს ბრძოლა სტუდენტების თავისუფლებისთვის ბრძოლაა!“, - წერს ბუბა ნაჭყებია.
სამართლის ლექტორი, რომელიც სამართალს უნდა გვასწავლიდეს, მსგავს მესიჯებს გვიგზავნის სტუდენტებს:
„სამწუხაროდ, შენ ვერც სამართალს და ვერც სამართლიანობას ვერ ისწავლი ვერასდროს“.
რას ედავება გიორგი გორაშვილი ბუბა ნაჭყებიას?
დეტალების გასარკვევად ბუბა ნაჭყებიას ადვოკატს, ქამრალ ამჯანოღლის გავესაუბრეთ - მისი სიტყვებით, დაპირისპირება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ ბუბა ნაჭყებიასა და ამავე ფაკულტეტის ლექტორ გიორგი გორაშვილს შორის, ცოტათი ადრე დაიწყო.
ბუბა თსუ-ს დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო. ამ სამსახურის ხელმძღვანელი კი გიორგი გორაშვილია. ადვოკატი ამბობს, რომ ამ სამსახურში ბუბა ნაჭყებია ხშირად გამოხატავდა უსამართლობის გამო პრეტენზიას, რის გამოც შენიშვნებსაც იღებდა: „ისიც უთხრეს, რომ ბუნტს ტეხდა. რის გამოც, საბოლოოდ დაწერა განცხადება და სამსახურიდან წამოვიდა“ - ადვოკატი ამბობს, რომ ბუბას აზრით, ის სამსახურებრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო.
ამ ამბის შემდეგ ბუბა ნაჭყებიამ, თსუ-ს სტუდენტების ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, რომელსაც 3000 მომხმარებელი ჰყავს, გიორგი გორაშვილის დედის მისამართით შეიგინა.
გინების ტექსტის სქრინი კი ერთ-ერთმა სტუდენტმა გიორგი გორაშვილს გაუგზავნა. გორაშვილმა პოლიციას მიმართა და რეაგირება მოითხოვა.
ბუბა ნაჭყებიას ადვოკატი ამბობს, რომ ეს სამოქალაქო დავის საგანია და არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. თუმცა საქმე სწორედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166-ე მუხლით არის აღძრული, რაც წვრილმან ხულოგნობას გულისხმობს.
საქმე ამ ეტაპზე მტკიცებულებნათა გამოკვლევის ეტაპზეა.
რას ამბობს გორაშვილი?
რადიო თავისუფლებამ კომენტარი მომხდრაზე თავად გიორგი გორაშვისალც სთხოვა. მან გვითხრა, რომ უახლოეს ხანებში საჯარო პოსტით უპასუხებს ყველა შეკითხვას. რადიო თავისუფლებაც დაელოდება მის პასუხს და მასალა მისი გამოქვეყნებისთანავე განახლდება.
რა პოზიცია აქვს თსუ-ს?
რაც შეხება თავად უნივერსტიტის პოზიციას, რადიო თავისუფლებამ ვითარებაში გარკვევა თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსაც სთხოვა. თსუ ამ ეტაპზე მოკლე განცხადებით შემოიფარგლა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს, თუ თვლის, რომ დაირღვა მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს სასამართლოს“.
ხოლო ამ კონკრეტულ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ იურიდიული ფაკულტეტის საბჭო და თსუ ეთიკის კომისია.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სტუდენტმა სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ლექტორი, რომელმაც გადაწყვიტა სამართლებრივი გზით რეაგირება და სტუდენტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება სამართლებრივი სანქციების და გადასახადების გარეშე.
თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ სტუდენტისგან მოიპოვოთ სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული პოსტი, რომელიც ცალსახად არის ლექტორის ღირსების შემლახავი და არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან“, - აცხადებენ თსუ-ში.
სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 14 აგვიტოს არის დანიშნული.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ან (თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული), მინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
პს. მასალა განახლდება გიორგი გორაშვილის მიერ საჯარო პოსტის გამოქვეყნებისთანავე.