Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბერლინალე". 5 დღიური - 4. პოლიტკორექტულობა, როგორც სამართლიანობის აღდგენა


“წლევანდელ ფესტივალზე ნამდვილად მივუახლოვდით იდეალურ ბალანსს - საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამებში წარმოდგენილი ფილმების 60 პროცენტი მამაკაცებმა გადაიღეს, 36 პროცენტი ქალებმა”, - უთქვამს ბერლინის ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე “ბერლინალეს” რომელიღაც ორგანიზატორს გერმანელი ჟურნალისტებისთვის გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

“დანარჩენი 4 პროცენტი რაღაა?” - უკითხავთ დარბაზიდან. ამ “პროვოკაციად” შეფასებულ კითხვას პასუხი არ გასცეს. ყველა მიხვდა, რომ “დანარჩენი 4 პროცენტი” არიან უმცირესობები, რომლებიც თავიანთ თავს “მესამე სქესს” აკუთვნებენ. მათ ფილმებს, ტრადიციულად, უჩვენებენ ფესტივალის სპეციალურ სექციაში “პანორამა”. მახსოვს, სწორედ “პანორამის” პროგრამაში ჩართული ქართული ფილმის, გოგა ხაინდრავას “ოცნებების სასაფლაოს”, პრემიერა: ვინაიდან სურათის პოსტერზე ვხედავდით აფხაზეთში საომრად წასულ ორ ახალგაზრდა კაცს და ვინაიდან “პანორამა” წლების მანძილზე “გეების ფესტივალად” ითვლებოდა, ფილმის ჩვენებაზე უამრავი გეი და ტრანსსექსუალი მოვიდა (“საკარნავალოდ” გამოწყობილი). ბევრს გული დასწყდა, რომ მოლოდინმა არ გაუმართლა და ფილმის დაწყებიდან ცოტა ხანში დატოვა დარბაზი. ერთი ქართველი მსახიობიც მახსოვს, როგორი შოკი ჰქონდა, როცა 1994 წლის“ბერლინალეზე” იმ დარბაზში აღმოჩნდა, სადაც ანტონია ბიორდის ფილმს, “მღვდელს”, უჩვენებდნენ. წამოხტა შუა სეანსის დროს და ხმამაღლა, ოღონდ ქართულად, ჩვენს გასაგონად განაცხადა: “აი, ხო ვარ არტისტი არა? პიდარასტს არასდროს არ ვითამაშებ!”

დღეს, საეჭვოა, რომელიმე ქართველმა ასე გამოხატოს პროტესტი ბერლინის ფესტივალზე. სხვაგან კიდევ ჰო, მაგრამ აქ არა. აქ მართლა ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ თავიანთი სახე მოეპოვებინათ. პოლიტკორექტულობაში ადანაშაულებდნენ, “გენდერული კვოტირების” გამო დასცინოდნენ, მაგრამ “ბერლინალე” ამ კრიტიკას ყურადღებას არ აქცევდა და შედეგიც არის - ამდენი ფილმი, გადაღებული ქალების მიერ, არ ახსოვს არც ერთ დიდ საერთაშორისო კინოფესტივალს. კი, წლევანდელ კონკურსშიც აღმოჩნდა ქალების გადაღებული ცუდი ფილმები (კაცები, რა, ცუდ ფილმებს არ იღებენ?!), მათ შორის ფემინისტების ცუდი ფილმები - მაგალითად, ესპანელი რეჟისორის, იზაბელ კოიშეტის, “ელიზა და მარსელა”, ამბავი პირველ “ლესბოსურ ქორწინებაზე” კაცობრიობის ისტორიაში, რეალური ისტორია ორ ქალზე, რომელთაგანაც ერთ-ერთმა გადაიცვა მამაკაცის ტანსაცმელი, გააყალბა საბუთები და მრევლის, ნათესავების მუქარის მიუხედავად, არგენტინაში თავის შეყვარებულზე იქორწინა. სხვათა შორის, “ნეტფლიქსის” ფილმია. სხვათა შორის, პრემიერის წინ კინოს ფანატებმა (ვენაცვალე მაგათ!) სურათის ავტორებს აქცია მოუწყვეს, მაგრამ იქვე აღმოჩნდნენ, თურმე, ლესბოსური მოძრაობის აქტივისტები, რომლებმაც “ნეტფლიქსის” მტრები დაამშვიდეს, აუხსნეს მათ, რომ იზაბელ კოიშეტი 10 წელი ეძებდა დაფინანსებას თავისი ამ პროექტისთვის. ბოლოს ისევ “ნეტფლიქსმა” უშველა.

ასე რომ, სულ ცოტა ხანში შეგიძლიათ იხილოთ ეს სურათი. განსხვავებით კარგი ფემინისტური ფილმებისგან, რომელთა ნახვას, ალბათ, წლის ბოლომდე, ანუ თბილისის კინოფესტივალამდე, ვერ შეძლებთ. ერთ-ერთი ასეთია მშვენიერი ავსტრიული ფილმი “მიწა ჩემს ფეხქვეშ”. სურათის ავტორი, მარი კრიუტცერი, მოგვიწოდებს დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ქნას ქალმა, რომელიღაც მსხვილი კორპორაციის თანამშრომელმა, “წარმატებულმა ბიზნესვუმენმა”, რომლის უფროს დას წლების წინ შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.. რა უნდა ქნას, რომ მისი ცხოვრების ამ ტვირთის შესახებ არაფერი შეიტყონ თანამშრომლებმა, კონკურენტებმა. ფსიქიკური აშლილობა ხელს უშლის ბიზნესს! მსხვილი ფირმები თანამშრომლებისგან მოითხოვენ სამედიცინო დასკვნას, რომელიც იმის დასტური იქნება, რომ ფსიქიკური აშლილობა მათ და მათ ოჯახის წევრებს არ აღენიშნებათ. ფილმის სცენარი იმდენად კარგია, ამბავი იმდენად შთამბეჭდავი, რომ უფრო ძლიერი რეჟისორის ხელში “მიწა ჩემს ფეხქვეშ” შეიძლებოდა ნამდვილი შედევრი გამოსულიყო. ვფიქრობ, “ბერლინალემ” შანსი მისცა ავსტრიელ რეჟისორს (ბერლინის ფესტივალის კონკურსში მოხვედრა, ფაქტობრივად, უკვე რეალურ სპონსორს ნიშნავს მომავალი ფილმისთვის), ისევე როგორც ქალი-კინემატოგრაფისტების იმ 36 პროცენტს, რომელთა ფილმები ვიხილეთ წელს ბერლინში.

“რა აზრის ხართ გენდერულ კვოტებზე კინოში?” - ჰკითხა ერთმა ჟურნალისტმა კატრინ დენევს, რომელიც არაერთხელ წასულა “დინების საწინააღმდეგოდ “. მაგალითად, ამას წინათ დენევი პრინციპულად არ შეუერთდა კამპანია “MeToo”-ს და განაცხადა, რომ არ აპირებს სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში ქექვას... მაგრამ ქალთა კვოტებზე დენევის მოსაზრება ბევრისთვის მოულოდნელი იყო: “მომხრე ვარ გენდერული კვოტების, რადგან ეს იძლევა შანსს აღდგეს სამართლიანობა”. სხვათა შორის, დაახლოებით იგივე თქვა პრესკონფერენციაზე კინოს დედოფალმა, 91 წლის ანიეს ვარდამ, რომლის ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა ბერლინის ფესტივალის კონკურსგარეშე პროგრამით მოეწყო. “ვარდა, ანიესის მზერით” -ასე ჰქვია სურათს, რომელშიც კინოს კლასიკოსი თავის შემოქმედებას იხსენებს, აფასებს თავის ფილმებს დღევანდელობიდან და ყველაზე მეტად საუბრობს ფემინიზმზე, იმაზე, თუ როგორ უჭირდათ ქალთა უფლებების დამცველებს 60-იან წლებში, როცა ახლობლებიც კი “გიჟებად”, “გადარეულებად”, “უსაქმურებად” ნათლავდნენ ხოლმე. “დღეს ქალთა მოძრაობამ მთელი მსოფლიო დაიპყროო”, განაცხადა ანიეს ვარდამ.

ბერლინის წლევანდელი ფესტივალით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად დაიპყრო. ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში, მონღოლურსურათში “კვერცხი”,ფემინიზმიუკვესტეპებში შეიჭრება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სამართლიანობა, რომელსაც ახსენებს კატრინ დენევი, აქ უკვე აღდგა - ქალს, რომელსაც ფილმში “დინოზავრს” ეძახიან, ცხენების მომვლელს და მწყემსს, ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე მამაკაცებს. სურათის ავტორი ვან ციუანიანიჩინელი რეჟისორია, რომელმაც ეს ირონიული სიურრეალიზმი დედის სამშობლოში, მონღოლეთში, გადაიღო. ასე აღმოჩნდა მონღოლური ფილმი კონკურსში პირველად დიდი ფესტივალების ისტორიაში. კაცმა რომ თქვას, ესეც სამართლიანობის აღდგენაა. რა ვიცით ჩვენ მონღოლური კინოს შესახებ და რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იქ კინოს გადაღება არ იციან?

შაბათს, გვიან საღამოს, გავიგებთ რამდენად სამართლიანი აღმოჩნდება ახლა უკვე ბერლინის 69-ე ფესტივალის ჟიური. “ბერლინალეს” შედეგების შესახებ კვირას ჩემს ბოლო დღიურში მოგიყვებით.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG