სოფელ ბანძაში 2 თვის წინ ნაპოვნი განძი მარტვილის პოლიციაში ინახება და მისი შესწავლის საშუალება დღემდე არავის მიეცა. სხვადასხვა საუკუნეებით დათარიღებული ოქროს მონეტები კეკელიების საგვარეულო სასაფლაოზე იპოვეს, სადაც რამდენიმე თაობის მღვდლები, მათ შორის ყველაზე ცნობილი, ქველმოქმედი ანტონ კეკელია არის დაკრძალული.
ქოთანი, რომელშიც ოქროსა და ვერცხლის მონეტები ინახებოდა, მესაფლავეებმა მაშინ იპოვეს, როცა მაყვალა კეკელიასთვის საგვარეულო სასაფლაოზე სამარხს თხრიდნენ. ბიჭებმა ნაპოვნი გაიყვეს, შემდეგ ნაწილი ქუთაისში წაიღეს და იქ ოქროს ბირჟაზე ერთ-ერთ მოვაჭრეს მიჰყიდეს. განძის პოვნის უცნაური ამბავი სოფელშიც გაიგეს. სხვადასხვა გზებით მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა გივი ელიავამ 20 მონეტას ჯერ მუზეუმში მოუყარა თავი, შემდეგ კი გამოძიებას გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა განძის აღმოჩენაზე ლაპარაკობს, მონეტები მეცნიერულად ჯერ კიდევ არავის შეუსწავლია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ სამარხის სანახავად ნოქალაქარის მუზეუმის ორი თანამშრომელი კი მიავლინეს, მაგრამ ნაპოვნი მონეტები არც მათ უნახავთ.
თიხაში შენახული ოქრო
გივი ელიავა ამბობს, რომ ის 20 მონეტა, რომელიც მან საკუთარი თვალით ნახა, სხვადასხვა ეპოქის იყო: მე-7, მე-10 საუკუნეების, მე-18 საუკუნის ევროპული მონეტა, მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის მონეტა, იყო არაბული მონეტაც. ქოთანში იპოვეს პატარა, თითქმის ბავშვის ზომის, ფირუზისთვლიანი ბეჭედიც. გივი ელიავა ლაპარაკობს სამ თხელ ოქროს ფირფიტაზეც და ვარაუდობს, რომ მათზე მაცხოვარი, ღვთისმშობელი და წმინდა ნინო არიან გამოსახულნი. მისი აზრით, ეს მონეტები ეკლესიას ეკუთვნოდა და სხვა სიწმინდეებთან ერთად მე-20 საუკუნის დასაწყისში კომუნისტებისგან გადამალეს.
„ტაძარში მთავარი სიწმინდე ტრაპეზის ქვაა და ის მიწაში იყო ჩამარხული... ტრაპეზის ქვის ქვეშ იყო ქოთანი. მესაფლავეებს ჩავეკითხე და ოქროს ნახვით ისე არიან გაბრუებულები, არაფერი ახსოვთ. ვერც იმას მეუბნებიან, რა მდგომარეობაში იდო ტრაპეზის ქვა და ვერც იმას, რა იყო გამოსახული დანარჩენ მონეტებზე“.
საიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო სხვადასხვა პერიოდის და ქვეყნის ფული ერთ ქოთანში? გივი ელიავა ამბობს, რომ ბანძაში საუკუნეების განმავლობაში სახლობდნენ ებრაელები, რომლებიც თავს აღებმიცემობით ირჩენდნენ და, შესაბამისად, სხვადასხვა ფულით ვაჭრობდნენ.
მამა ანტონ კეკელია
კეკელიების საგვარეულო სასაფლაოზე მღვდლების რამდენიმე თაობაა დაკრძალული: მამა ანტონ კეკელია, მისი მამა, ასევე მღვდელი, იოანე, მამა მიქაელი, მამა მირზა და ისევ მამა იოანე. ადრე ამ ადგილას იყო წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკა, რომელიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს, კიდევ უფრო ადრე - ხის ეკლესია.
მამა ანტონი ქველმოქმედი იყო. მისი შვილთაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი შუქია აფრიდონიძე ამბობს, რომ ანტონ კეკელია მთელ თავის ქონებას განათლებაში ხარჯავდა და 15-ზე მეტი სკოლა დააარსა. თავადვე ასწავლიდა სამ საგანს: ღვთისმეტყველებას, ფრანგულსა და მათემატიკას. ის იყო პატრიარქების ამბროსი ხელაიასა და კირიონ საძაგლიშვილის მეგობარი. მამა ანტონი ჯერ დეკანოზად, შემდეგ კი რუის-ურბნისის ეპისკოპოსად აკურთხეს, მაგრამ კურთხევიდან რამდენიმე თვეში ყურის ანთებით გარდაიცვალა 65 წლისა.
მამა ანტონის კიდევ ერთი შვილთაშვილი, ლელა კეკელია, ჰყვება, რომ მამა ანტონი მთელ თავის ქონებას საქველმოქმედოდ ხარჯავდა. ამის გამო მეუღლესთან, ეპრაქსია რურუასთან, კონფლიქტიც კი ჰქონდა, რადგან მისი ნამზითვარი ოქროც სწორედ ქველმოქმედებაში ჩადო.
ლელა კეკელია: „ ძალიან მდიდარი იყო ანტონის მამაც, მამა იოანე. მიწები ჰქონდა სოფლის შემოგარენში. შეძლებულები იყვნენ, მაგრამ ისე, რომ ოქროები ჰქონოდათ დალაგებული, არა. ადრე მუზეუმის ნაცვლად ეკლესია იყო საცავი და, როგორც ჩანს, ეს მონეტებიც ასე მოხვდა იქ. არავინ იცის, შეიძლება მამა ანტონის შენახულია, შესაძლოა მამა იოანესი, მამა მირზასი ან სხვა რომელიმე მღვდლის. ვერ ვიტყვით, რომ ეს ოჯახს ეკუთვნის ან არ ეკუთვის. ეს სახელმწიფოსია“.
შუქია აფრიდონიძეც ამბობს, რომ იმ პერიოდში განუკითხაობა სუფევდა და შესაძლოა განძიც სწორედ ამიტომ ჩაფლეს მიწაში.
შუქია აფრიდონიძე: „როცა საქართველოში ალიხანოვის დამსჯელი რაზმი შემოვიდა, ებრაელმა ვაჭრებმა სთხოვეს მამა ანტონს, ჩვენი ფართლეული დაგვამალინეო და მანაც თავისი ფარდულები გაუღო და დაამალინა ეს ფართლეული. ამის გამო ძალიან ემადლიერებოდნენ“.
„პირველად ვიპოვეთ განძი“
„ცხოვრებაში პირველად ვიპოვეთ განძი. განძი რომ იყო, ესეც ახლა გავიგე“, - თქვა მესაფლავე გიორგი ქაჯაიამ, თუმცა ის ამ განცხადებას პასუხისგებისგან მაინც არ გაუთავისუფლებია. გამოძება ახლა ნივთის ფარულად დაუფლების საქმეს სწავლობს. შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა სრულად ამოიღეს როგორც მუზეუმში, ასევე ქუთაისის სავაჭრო ცენტრში ჩაბარებული მონეტები და ისინი დღეს ნივთმკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ საცავში ინახება. შსს აცხადებს ასევე, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან.
გათხრები სასაფლაოზე?
რამდენად შესაძლებელია, რომ სამარხში, სადაც ტაძრის ტრაპეზის ქვა და მონეტები იპოვეს, კიდევ სხვა, ისტორიული მნიშვნელობის მქონე, ნივთები ინახებოდეს? გივი ელიავა ამბობს, რომ არქეოლოგებს ეს ადგილი არ შეუსწავლიათ და, სავარაუდოდ, ვერც შეისწავლიან, რადგან ამ შემთხვევაში ჭირისუფლებთან მოლაპარაკება და მიცვალებულების ამოთხრა მოუწევთ.